თბილისი (საქართველო), 24 იანვარი – მისო კრისტალმა და BPN Georgia–მ 3 წლის ვადით ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმში წარმოდგენილი პირობები განსაზღვრავს მხარეების როლს, მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს.
მხარეთა მიერ მემორანდუმის გაფორმების მიზანს წარმოადგენს მიკრო და მცირე საწარმოების (MSE) პოტენციალის გაძლიერება და ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში მეწარმეთა ცოდნის ამაღლება, რაც არსებითად მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკური წარმატებისთვის.
აღნიშნული ამოცანის მიღწევას უზრუნველყოფს ერთობლივი პროდუქტი, რომელიც გულისხმობს, კრისტალის მიერ მიკროსაფინანსო მომსახურების მიწოდების პარალელურად, BPN–ის მიერ მომხმარებელთათვის ტრენინგის ჩატარებას ბიზნეს მენეჯმენტის საფუძვლების შესახებ.
„ჩვენი მიზანია, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა მაქსიმალურად შეძლონ მომგებიანობის შენარჩუნება და ბიზნესის დამატებითი ზრდის შესაძლებლობების დროული იდენტიფიცირება, შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა და ამ მიზნებისთვის განავითარონ მეწარმისთვის კრიტიკულად საჭირო უნარები. BPN–ს გააჩნია სათანადო საერთაშორისო გამოცდილება მეწარმეების სწავლების სფეროში და ჩვენც სწორედ იმ ფაზაში ვართ, რომ მათთან თანამშრომლობით ვაპილოტებთ ამ ბიზნეს მოდელს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოლოდინები მაქსიმალურად იქნება მიღწეული და მიღებული სწავლებების საფუძველზე ჩვენი მომხმარებლები წარმატებით გაართმევენ თავს ნებისმიერი სირთულის გამოწვევას,“ – განაცხადა კახა გაბესკირიამ, სს მისო კრისტალის უფროსმა საოპერაციო ოფიცერმა.
„BPN-ის სურვილია, მეწარმეებს ჰქონდეთ უნარი, მიაღწიონ პროფესიონალურ დონეს და შესთავაზონ პროდუქტები და მომსახურებები, რომლებიც ღირებულებათა ზრდას შეუწყობს ხელს. ამის მიღწევა შესაძლებელია მრავალწლიანი პროფესიონალური ქოუჩინგის და სოლიდური, პრაქტიკაზე ორიენტირებული ტრენინგების მეშვეობით საწარმოო ეკონომიკის სფეროდან. კრისტალთან თანამშრომლობა ამ საქმიანობას მიზნობრივი კრედიტის გამოყენების შესაძლებლობასაც აძლევს. ეს ეხმარება მეწარმეებს, გონივრულად გამოიყენონ კრედიტი, რაც როგორც მეწარმეების, ისე კრისტალის და ისე BPN – ის ინტერესებშია. BPN-ის სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ადგილობრივი მეწარმეების და მათ მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების ხარჯზეა შესაძლებელი “– ამბობს ჰანს ვილჰელმი, BPN–ის აღმასრულებელი დირექტორი.
ს.ს. მისო კრისტალი ერთ-ერთი წამყვანი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება 70’000-მდე მიკრო-მეწარმესა და ფერმერს უზრუნველყოფს მცირე სესხებითა და სხვა ფინანსური მომსახურებით. კომპანიას გააჩნია 57 ფილიალი და სერვის ცენტრი. მასში დასაქმებულია 900-ზე მეტი კვალიფიციური თანამშრომელი. კრისტალი ამჟამად განაგებს 200 მილიონ ლარზე მეტ საკრედიტო პორთფელს. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.crystal.ge