მეწარმეობა ბევრისთვის მხოლოდ წარმატებასთან, გამარჯვებასთან, დამოუკიდებლობასთან, კარგ შემოსავალთან ასოცირდება, თუმცა სინამდვილეში სამეწარმეო გზაზე წარმატებასთან ერთად ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, დაუღალავი შრომა, არაერთი გამოწვევა, სირთულე, უძილო ღამეებია ხოლმე მეწარმის თანამგზავრი. თუმცა, ეს არჩევანია და იმ შემთხვევაში, თუ ეს არჩევანი გააზრებულია და ძალების, ენერგიის გადანაწილება სწორად ხდება, თუ პასუხისმგებლობაც გააზრებულია, ზემოთ ნახსენები გამარჯვება, წარმატება და კარგი შემოსავლებიც რეალობა ხდება ხოლმე.
ცხოვრება პლატო არ არის, მას აღმა და დაღმა სვლებიც სდევს თან. მშვიდი, ბედნიერი, წარმატებით სავსე დღეები, თვეები და წლებიც გვაქვს და გამოწვევებით სავსე პერიოდებიც. ზუსტად ამაში მდგომარეობს ცხოვრების ხიბლი. ადამიანის გამოწვევაა – რთულ პერიოდებშიც შეინარჩუნოს შინაგანი სიმშვიდე, მოტივაცია, იყოს სტრესგამძლე, მტკიცე და მყარად იდგეს მიწაზე.
როგორ მოვახეროთ ეს?
ზუსტად ამ საკითხს დაეთმო შეხვედრა, რომელიც BPN Georgia-ში ქართველი მეწარმეებისთვის გაიმართა სათაურით „მოტივაცია ტურბულენტურ პერიოდში“ და მისი მიზანი იყო – მეწარმეებისთვის, როგორც ლიდერებისთვის, მიეწოდებინა ინფორმაცია, თუ როგორ შეიძლება გავაღვივოთ და გავაძლიეროთ მოტივაცია მაშინაც კი, როცა გარემოებები მარტივი არ არის.
რამდენადაც მეწარმე მხოლოდ საკუთარ თავზე არ არის პასუხისმგებელი, მის უკან უთვალავი ადამიანი დგას – ოჯახი, მისი გუნდი, მომხმარებლები, პარტნიორები, იმდენად კიდევ უფრო დიდია მისი პასუხისმგებლობა საკუთარ მოტივაციაზე. თუმცა ყველა ადამიანები ვართ და ის, რაც შეხვედრაზე იქნა განხილული, ერთნაირად სასარგებლოა არამხოლოდ მეწარმის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის.
შეხვედრას BPN Georgia-ს შვეიცარიელი დირექტორი, ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი, დანიელი მათერი უძღვებოდა, რომელმაც დამსწრეებს პრაქტიკული მიდგომები და მარტივი, მაგრამ ეფექტური ინსტრუმენტები გაუზიარა ისეთი პერიოდებისთვის, როდესაც ჩვენს ირგვლივ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა ან წარმოგვედგინა, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ასეთ პერიოდებში მოტივაცია და შესაბამისად სტაბილურობა საქმესა და მის მიღმა ცხოვრებაშიც.
სხვა ბევრ საინტერესო თემასთან ერთად მასტერკლასის საკვანძო საკითხები იყო:
- ფოკუსირება კონტროლირებადზე. ენერგია უნდა მივმართოთ იმ აქტივობებზე, რომლებზეც რეალურად გვაქვს გავლენა.
- შტურმებში შანსების ძიებაზე. ყველა გამოწვევაში შესაძლებლობაა ჩამალული, თუ ჩვენ ამ მიდგომით შევხედავთ მოვლენებს, რთული პერიოდები სხვა მნიშვნელობას შეიძენენ.
- რეალისტური მიზნების დასახვა, მათი დაყოფა პატარა ნაბიჯებად, რაც ერთის მხრივ გვიცავს გადაწვისგან და მეორე მხრივ ხელს უწყობს მოტივაციის შენარჩუნებას.
- შენი „რატომ“- ის გაცნობიერება-გამორკვევა. ხედვის ქონა, საზრისის პოვნა იმაში, რასაც ვაკეთებთ, რაც გვაძლევს საშუალებას მივიდეთ Flow მდგომარეობამდე, რაც ამყარებს შინაგან მოტივაციას, რომელიც თავის მხრივ მდგრადობის წყაროა.
- პრაქტიკული ჩვევები ყოველდღიურობაში. დისციპლინა საკუთარ ცხოვრებაში, რასაც კმაყოფილებამდე, საკუთარი თავის რწმენამდე და სასურველ შედეგამდეც მივყავართ.
წარმატება არ არის შემთხვევითობა, მითუმეტეს თუ ტურბულენტურ დროზე ვსაუბრობთ – ეს შედეგია მიზანდასახული, გააზრებული, დისციპლინირებული მოქმედებისა და შინაგანი მოტივაციის. მცირე ნაბიჯებს და კარგად გააზრებულ, განმეორებად აქტივობებს მივყავართ იმ შედეგამდე, რომელიც ჩვენს მოტივაციასაც უწყობს ხელს და გუნდის მოტივაციის წყაროც ხდება, რაც თავის მხრივ ბიზნესის მდგრადი განვითარების წინაპირობაა.
გახსოვდეს: “ყველაფერი შეგიძლია წაართვა ადამიანს გარდა იმ არჩევანისა, ჰქონდეს საკუთარი დამოკიდებულება გარემოებების მიუხედავად.”- ვიქტორ ფრანკლი
აქვე ჰკითხე საკუთარ თავს, შენ რისი შეცვლა შეგიძლია და დაიწყე დღესვე პატარა ნაბიჯით!