ყველაზე საინტერესო ბიზნეს ისტორიები მაინც საყვარელი საქმიანობიდან დაწყებულ ბიზნესებს უკავშირდება. დამეთანხმებით ალბათ, რომ ასეთი კომპანიები უმეტეს შემთხვევაში დიდ წარმატებას აღწევენ ხოლმე.
ჩვენი ერთ-ერთი პროგრამის მონაწილე Atelier de Savon/საპნის ატელიე სწორედ ის შემთხვევაა, რომელიც ბიზნესად ოჯახის წევრების საჭიროებისა და საყვარელი საქმიანობის შერწყმის შედეგად შედგა. საპნის ატელიეს დამფუძნებელი და სულის ჩამდგმელი ბატონი ზაზა ბოღლოციშვილი გახლავთ, საშუალო ასაკის დარბაისელი ბატონი.
ყველაფერი კი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. შვილებს ასაკობრივი კანის პრობლემები გამოაჩნდათ, მამამ გადაწყვიტა შეექმნა ისეთი ნატურალური პროდუქტი, რომელიც დაეხმარებოდა მათ ამ პრობლემის მოგვარებაში. თუმცა შესასწავლი, წასაკითხი და გასაცნობი ჯერ კიდევ ბევრი იყო. ამიტომ ბატონი ზაზა რამდენიმე თვის მანძილზე იკვლევდა საპნის შესახებ არსებულ ყველანაირ ინფორმაციას. ამ პერიოდშივე თავისივე ხელით შექმნა ყველა ის დანადგარი და შაბლონი, რომელიც წარმოებისთვის დასჭირდებოდა. გამოსცადა ძალიან ბევრი რეცეპტი, ვიდრე არ მიიღო ის ნატურალური პროდუქტი, რომელიც საჭირო იყო. მისმა შექმნილმა საპნებმა, მართლაც მოუგვარეს შვილებს კანის პრობლემები.
თითქოს ყველაფერი აქ უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ბატონი ზაზა ისე გაიტაცა საპნის დამზადების პროცესმა, რომ გადაწყვიტა, გაეგრძელებინა საინტერესო საქმიანობა. იგი აგროვებდა სხვადასხვა მცენარეებსა თუ ყვავილებს, ცდიდა სხვადასხვა კომბინაციებს. მისმა ინსპირაციამ ოჯახის წევრებიც კი დააინტერესა და ისინიც რიგ-რიგობით ჩაერთნენ საქმიანობაში. ამასობაში პროდუქტის შეძენის მსურველების რიცხვმაც საკმაოდ იმატა და ასე შეიქმნა მცირე ბიზნესი სახელად – Atelier de Savon – საპნის ატელიე.
ბატონი ზაზა ამბობს: „საპნის დამზადება თავისთავად ხელოვნებაა, საინტერესო შემოქმედებითი პროცესია, მისაღები საჭირო თვისებების გათვალისწინებით რეცეპტის შედგენა, ინგრედიენტების შერჩევა-დამზადება, საპნის შექმნის პროცესი, საბოლოო დავარგება და მომზადება მომხმარებელთან შესახვედრად.“
ზოგადად არსებობს საპნის დამზადების მრავალი მეთოდი, თუმცა ბატონი ზაზა პროდუქციას მთლიანად აწარმოებს ხელით, ე.წ. „ცივი მეთოდით“, რაც გულისხმობს დამზადების დროს ორგანული ნედლეულის თვისებების მაქსიმალურად შენარჩუნებას. მომზადებული მასა ისხმება ყალიბებში, შემდეგ კი იჭრება 100 გრამიან ნაჭრებად. 3-4 კვირიანი დავარგების შემდეგ კი პროდუქტი ელოდება თავის მომხმარებელს, რათა მას მთლიანად გაუზიაროს თავისი თვისებები და დადებითი ენერგია.
პანდემიის პერიოდი საპნის ატელიესთვის, როგორც ყველა მცირე ბიზნესისთვის, რასაკვირველია, მარტივი არ ყოფილა. შემცირდა პროდუქტის გაყიდვები, ოჯახის უფროსს გარკვეული პერიოდით მოუწია რეგიონში გადაბარგება.
თუმცა ეს პერიოდიც ბატონმა ზაზამ ნაყოფიერად გამოიყენა: შეიმუშავა ახალი რეცეპტები და პროდუქტები, საკუთარ მიწაზე თვითონვე დაიწყო მცენარეების მოყვანა, რომელსაც საპნის შემადგენლობაში იყენებს.
ასევე გაუჩნდა უნიკალური იდეა, რომ მისი საქმე გაუზიაროს სხვებსაც და შეადგინა საპნის დამზადების შემსწავლელი მასტერკლასები, სადაც გულმოდგინებით ასწავლის სხვა მსურველებს, თუ როგორ უნდა აკეთონ ეს საქმე.
წინ კი დიდი გეგმებია: ახალი შოურუმისა და ლაბორატორიის გახსნა, პროდუქტის ასორტიმენტის გაზრდა, გაყიდვების არხების გაფართოება, მასტერკლასების პროგრამის გამრავალფეროვნება და მრავალი სხვა.
BPN Georgia ბატონ ზაზას წარმატებებს უსურვებს! დარწმუნებული ვართ, რომ მის მიერ დაგროვებული უამრავი ტექნიკური ცოდნით და მუდმივად ახლის სწავლის დაუოკებელი სურვილით, საპნის ატელიე შეძლებს საკუთარი მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმების სისრულეში მოყვანას.