კარგი კონტაქტების, რეპუტაციისა და დიდი ინტუიციის წყალობით, ნინო ენების ინოვაციურ სკოლას აფუძნებს, თუმცა მალევე ხვდება რომ წარმატებული ბიზნესის მართვისთვის მხოლოდ ეს საკმარისი არ არის.
დასაწყისშივე ნინომ უამრავი სირთულე გადალახა და ახლა თავის სტუდენტებს არამარტო ინგლისური ენის, არამედ ადამიანების სიყვარულსაც ასწავლის.
ნინოს ენის სკოლა ინოვაციურ სწავლებასა და მეთოდებს ეფუძნება. ყველა ასაკის მოსწავლეები უცხო ენას სწრაფად და ინტუიციურად არა მხოლოდ ორ ფილიალში, არამედ მთელი მსოფლიოს გარშემო ონლაინ გაკვეთილებითაც სწავლობენ. სკოლა მოსწავლებს ასევე აძლევს იმის საშუალებას, რომ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო პროექტებსა და პროგრამებში.
ჩემი ისტორია
მე კერძო მასწავლებელი ვიყავი და საჯარო სექტორში ვმუშაობდი – მქონდა კარგი კავშირები და რეპუტაცია. თუმცა, ყოველთვის ვოცნებობდი ისეთი ინოვაციური სკოლის შექნაზე, სადაც მოსწავლეები ხალისით ისწავლიდნენ, თანაც ვხედავდი, რომ ასეთი სკოლის მოთხოვნა ბაზარზე დიდი იყო.
ყველაფრის შექმნა ინტუიციურად დავიწყე, თუმცა მალევე მივხვდი რომ ბიზნესის მართვის ცოდნა და გამოცდილება მაკლდა.
როდესაც BPN-ის სემინარს პირველად დავესწარი, ძალიან დავიბენი, რადგან მივხვდი რომ ბევრი რამ არ ვიცოდი, გაფანტული და არეული ვიყავი. თუმცა, ამავდროულად ვხვდებოდი რომ თურმე პროცესებში ბევრი რამ ინტუიციურად სწორად გამომდიოდა. ასევე ძალიან დიდი მოტივაცია შემძინა იმის ცოდნამაც, რომ ჩემი წარმატებით დიდი გუნდი იყო დაინტერესებული.
ახლა ფინანსები, მენეჯმენტი და მარკეტინგი უფრო უკეთ მესმის. ჩემი სკოლის მკაფიო სტრუქტურა, პროცესები და მიზნებიც უკვე კარგად მაქვს ჩამოყალიბებული.
ყველაზე რთული და გარდამტეხი მოვლენა იყო მაშინ, როდესაც სკოლის განვითარებისთვის ბანკიდან დიდი სესხი ავიღე. გავრისკე და ჩვენი შენობა თავიდან გავარემონტე, დროთა განმავლობაში 10 ახალი თანამშრომელიც ავიყვანე და დედაქალაქში დამატებითი ფილიალიც კი გავხსენი!
ამ გადმოსახედიდან, ეს ყველაფერი არ აღმოჩნდა ისეთი რთული, როგორიც მაშინ მეჩვენებოდა. კარგი გამოცდილება იყო. დღეს უკვე მაღალფუნქციური ჯგუფი მყავს. ისინი შთამაგონებენ და ისეთი ახალი იდეების ჩამოყალიბებაში მეხმარებიან, როგორიცაა დამატებითი საკვირაო ან საზაფხულო სკოლებისა ან ინგლისურენოვანი ლიტერატურული კლუბების დაარსება.
რა მოგწონთ თქვენს პროფესიაში ყველაზე მეტად?
ძალიან მსიამოვნებს როდესაც მოსწავლეებს ვასწავლი. მომწონს ის ფაქტი,რომ შემიძლია ადამიანების ცხოვრებაზე პოზიტიური გავლენა ვიქონიო.
როგორ შეცვალეთ თქვენი გარემო თქვენივე ქმედებებით?
ენის კარგად სწავლისა და საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობით, ჩვენი რეგიონის ბავშვებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ საუკეთესო კოსმოპოლიტური განათლება და შემდგომში ჩვენს ქვეყანას კარგად გამოადგნენ.
რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი გაკვეთილი?
ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი. არ აედევნო ბედნიერებას,ის ყოველთვის უკვე შენს გვერდითაა!
რა არის თქვენი შემდეგი გამოწვევა?
მაღალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლების მოძიება ძალიან რთულია.მომავალში, ასევე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, გამოუცდელ მასწავლებლებს საშუალება მივცე რომ ანაზღაურებადი სტაჟირების მეშვეობით პროფესიულად განვითარდნენ.
რას ურჩევდით სხვა მეწარმეებს?
კარგად დაფიქრდით, თქვენი საქმის კეთება თქვენთვის სახალისო არის თუ არა.