გარდა იმისა, რომ ხართ მეწარმე, კიდევ რას გვეტყოდით თქვენზე?
მე ვარ ნინო ნიბლოშვილი, მეფუტკრე. მეფუტკრეობით ჩემი დაინტერესება თაფლის სიყვარულმა განაპირობა. ფუტკრის ოჯახების შეძენა კი ნათესავის ბიბლიოთეკაში შემთხვევით ნანახმა წიგნმა „მეფუტკრეობის ენციკლოპედია“ გამაბედინა. ამ ეტაპზე ვფლობ საოჯახო საფუტკრე მეურნეობას 18 ფუტკრის ოჯახით, თიანეთის რაიონის სოფელ ლიშოში. ვარ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანას“ წევრი.
რატომ ეს ბიზნესი?
მაღალმთიან სოფელში მომგებიანი ბიზნესის წარმოებისთვის არც ისე დიდი არჩევანია. არ არის დიდი რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, ტექნიკა, მუშა-ხელი, ზამთარი მკაცრი და ხანგრძლივია, ამას ერთვის მიგრაციის მაღალი დონე და სხვა სირთულეები. ამიტომ გადავწყვიტე ფუტკრის ბიზნესის წამოწყება.
ჩემზე გავლენა იქონია მომხმარებლის დამოკიდებულებამაც, მოსწონდათ ჩემს საფუტკრეში წარმოებული თაფლი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საფუტკრეში მუშაობა სეზონური ხასიათისაა: აქტიურად დატვირთულია გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა, ზამთარში კი შესაძლებელია დრო დავუთმოთ ცოდნის გაღრმავებას, საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მომზადებას. გადავწყვიტე ჰობი ბიზნესად მექცია, თუმცა მაშინ ვერც ვაცნობიერებდი იმ სირთულეებს, რასაც ზოგადად მეწარმეობა მოიცავს.
მთავარი სარგებელი, რომელსაც თქვენი პროდუქტი / სერვისი აძლევს მომხმარებელს?
ამ ეტაპზე მომხმარებელს ვთავაზობ ჩემს საფუტკრეში წარმოებულ თაფლს და ფუტკრის რძეს. მოთხოვნა ორივე პროდუქტზე განსაკუთრებით გაიზარდა პანდემიის შემდეგ.
თაფლი, როგორც ბუნებრივი დამატკბობელი და სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალება, ძალიან სასარგებლო და ადვილად ათვისებადია ადამიანის ორგანიზმისთვის.
ფუტკრის რძე უნიკალური პროდუქტია, აქვს ძლიერი სამკურნალო, ბიო-მასტიმულირებელი თვისებები. ჩატარებული კვლევების მიხედვით იგი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ მაჩვენებლებს, ხელს უწყობს ორგანიზმის იმუნიტეტის ამაღლებას, ასევე დაავადებების დროს გამოიყენება, როგორც დამხმარე საშუალება. ჩემი საწარმოს თაფლი არის სუფთა, შენარევების გარეშე, გამოირჩევა გემოვნური თვისებებით და ამას ძალიან აფასებს მომხმარებელი.
ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც შანსად აქციეთ? რა გასწავლათ ამ კონკრეტულმა შემთხვევამ?
ჩემთვის ყველაზე დიდ გამოწვევა არახელსაყრელი ბუნებრივი პირობებია: წვიმიანი პერიოდები ღალიანობის დროს ან მთაში გადაყვანისას ფუტკრის ძლიერი ოჯახების ჩახურება და დახოცვა. სხვა ტიპის შეცდომებს საქმიანობაში ცოდნის გაღრმავებით ვირიდებ თავიდან. ვაანალიზებ ჩემს სუსტ მხარეებს, შეცდომებს. ვსწავლობ ბევრს. ამაში მეხმარება BPN Georgia – ს ტრენინგები. ვარ ასევე „ელკანას“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებული, რამაც საშუალება მომცა სრულად გადამეიარაღებინა ჩემი საფუტკრე მეურნეობა (სკები, ციბრუტი და ა.შ), ვისწავლე ფუტკრის რძის აღებაც.
ამ ყველაფერმა მასწავლა ის, რომ არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია. ერთი კარი თუ იხურება, სამაგიეროდ იხსნება სხვა. მთავარია, არ გაჩერდე.
რა გაძლევთ ძალასა და ენერგიას თქვენი ყოველდღიური საქმიანობისთვის?
ბევრი რამ… კმაყოფილი მომხმარებელი, საფუტკრეში მოსული სტუმარი, როცა აღფრთოვანებას გამოხატავს გარემოთი და ბუნებით. თვითონ ფუტკარი და მასთან მუშაობა. ოჯახის წევრები, თანამოაზრეები და ჩემი პატარ-პატარა გამარჯვებები. ეს ყველაფერი ჩემთვის უდიდესი სტიმულია, რწმენით და იმედით მავსებს, რომ ყველაფერი გამომივა. ჩემი მიზანია, შევქმნა ფინანსურად მდგრადი, სასწავლო-სადემონსტრაციო დატვირთვის მქონე საფუტკრე მეურნეობა.
მთავარი მიზეზი რატომ BPN Georgia ?
BPN Georgia – ში ჩემთვის ძალიან რთულ პერიოდში მოვხვდი. გულისხმიერმა გარემომ, სიმშვიდემ, მაღალმა პროფესიონალიზმმა, რაც იქ დამხვდა, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გამოვყოფდი დამწყები თუ უკვე შემდგარი მეწარმეების მიმართ დამოკიდებულებას. ტრენინგზე თუ ინდივიდუალურ კონსულტაციაზე ერთნაირი ყურადღებით და პასუხისმგებლობით უდგებიან თითოეულ მონაწილეს. ეს ჩემთვის დიდი სტიმულის მომცემი იყო. ტრენინგების გავლის შემდეგ დავწერე ბიზნეს გეგმა. ყოველთვის მემახსოვრება მისი განხილვის დღე. თითოეული პუნქტის შეფასებისას მივხვდი, როგორ უნდა მეაზროვნა იმისთვის, რომ ჩემი ბიზნესი მომგებიანი და სიცოცხლის უნარიანი ყოფილიყო.
BPN Georgia რომ პიროვნება ყოფილიყო, როგორი იქნებოდა ის?
BPN Georgia, როგორც პიროვნება წარმომიდგენია, როგორც განათლებული, განვითარებული, ფართო ხედვის ადამიანი, რომელსაც ცოდნის და გამოცდილების საინტერესოდ და გასაგებად, კონკრეტული მაგალითებით გაზიარების დიდი ნიჭი აქვს.
თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, რას ურჩევდით მეწარმეებს?
გაუფრთხილდნენ მომხმარებლის ნდობას, მუდმივად იზრუნონ თვითგანვითარებაზე, იყვნენ მიზანდასახულნი და ფართო ხედვის მქონე კარგი მენეჯერები. ყოველთვის შეინარჩუნონ ზომიერება, სიფრთხილის გრძნობა, დაკვირვების უნარი. შეცდომებსაც ვუშვებთ სამწუხაროდ, მაგრამ მნიშვნელოვანია დროულად გაცნობიერება და წინსვლის გაგრძელება.
როგორ ფიქრობთ, მომხმარებელია მეფე, თუ თქვენ?
ჩემს მომხმარებლებს უფრო პარტნიორებად აღვიქვამ, ვუფრთხილდები მათ ნდობას. ვცდილობ გავუზიარო ჩემი ცოდნა თაფლზე, ფუტკარზე, ფუტკრის ცხოვრებაზე.
წარსული, აწმყო, თუ მომავალი?
როცა მეფუტკრეობით დავინტერესდი თითქმის 20 წლის წინ, მეც და ზოგადად მეფუტკრეების უმეტესობა ვიყავით საოჯახო ტიპის საფუტკრეებით წარმოდგენილი. ტექნოლოგიები და ძირითადი საშუალებები, რასაც ფუტკართან მუშაობის, ან თაფლის წურვის დროს ვიყენებდით, იყო მოძველებული. ეს აისახებოდა კიდეც ჩვენს შემოსავლებზე, პროდუქტზე. ხშირი იყო ფალსიფიკაციის შემთხვევებიც.
დღეს-დღეობით მდგომარეობა შეცვლილია. სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ მეფუტკრეები. ერთის მხრივ გვაქვს დაავადებები და მავნებლები, რომლებიც ჩვენს საფუტკრეებს უტევენ, კლიმატის ცვლილება და ხშირი წვიმები, რაც ხელს უშლის ფუტკარს განვითარებაში და თაფლის შეგროვებაში, ახალი ტექნოლოგიების ათვისების და საფუტკრეების გადაიარაღების აუცილებლობა, სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვა და სხვა. მეორეს მხრივ კი გვაქვს შესაძლებლობები: გაზრდილი მოთხოვნა თაფლზე და ფუტკრის სხვა პროდუქტებზე, როგორც ადგილობრივ, ისე ევროპის ბაზარზე. ქართველი მეფუტკრეების მონაწილეობა აპიმონდიაზე (მეფუტკრეთა გაერთიანებების საერთაშორისო ორგანიზაცია). სოფლის განვითარების სააგენტოს და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ერთობლივი პროექტები, ტრენინგები და სხვა. ამ ყველაფერს სამრეწველო მეფუტკრეობაზე გადასვლის წინაპირობად აღვიქვავ. ეს კი მოითხოვს განვითარების სწორ სტრატეგიას, ცოდნის გაღრმავების აუცილებლობას, პროფესიონალების გამოზრდას, თაფლოვანი მცენარეების თუ ნარგავების გაზრდას და კიდევ ბევრ კარგ რამეს. ამიტომ სამივე ფაზა მნიშვნელოვანია. წარსულმა შეცდომებმა დაგვაყენა აწმყოში გამოწვევების წინაშე და შექმნა უკეთესი და გააზრებული მომავლის შექმნის აუცილებლობა.