მეწარმეობა იოლი საქმე რომ არაა და თავდაუზოგავ შრომასთან ერთად დიდ გამბედაობასთანაც არის დაკავშირებული, ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება, ვისაც ეს გზა გაუვლია, ვინც იცის, რომ წარმატებული და მომხმარებლისთვის საყვარელი პროდუქტისა თუ სერვისის უკან არაერთი გადალახული დაბრკოლება და ბევრი გამოწვევაც იმალება. ამ გამოწვევებთან გამკლავება ძალების გაერთიანებით ხშირად ბევრად იოლია, ზოგჯერ კი მხოლოდ ეს არის ერთადერთი გამოსავალი.
ბიზნესის მართვის პროცესში, ისევე როგორც ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, ერთიანობას, ერთმანეთისთვის ხელის გაწვდენას, ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სამეწარმეო გზაზე ძალიან დიდი ცოდნა და ბევრი უნარია საჭირო მომხმარებლისთვის საინტერესო პროდუქტისა თუ სერვისის შესაქმნელად და მის ადრესატამდე მისატანად, სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია თანამეგზურების მოძიება და ამ გზაზე მათთან ერთად სიარული. ამას ადასტურებს აფრიკული ანდაზა – «თუ გინდა წახვიდე სწრაფად, წადი მარტო, თუ გინდა წახვიდე შორს, წადი სხვებთან ერთად.» ამასვე გვეუბნება ქართული სიბრძნეც – «ხელმა ხელი დაბანა და ორივემ – პირიო.»
ამ სიბრძნეს BPN Georgia-ც 100 %-ით იზიარებს და ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ არაერთი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ერთმანეთს დააკავშიროს, გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება და რაც მთავარია, თავად მათ მისცეს საშუალება ერთმანეთს გვერდში დაუდგნენ, დაგროვილი ცოდნა გააზიარონ, ერთობლივი გეგმებიც შეიმუშაონ და საერთო გამოწვევებთან გამკლავებაზეც იზრუნონ.
BPN Georgia-ს ბიზნეს ასოციაციის წევრი მცირე მეწარმეები ამჯერადაც სწორედ ამ მიზნით შეიკრიბნენ BPN Georgia-ს სივრცეში. პროგრამის ერთ-ერთმა მონაწილემ, მაია რატიანმა, რომელიც ,,ჩოკომია”-ს მმართველ-დამფუძნებელი გახლავთ, საკუთარი გამოცდილება BPN Georgia-ს პროგრამის სხვა მონაწილეებს გაუზიარა. მაია გარდა იმისა, რომ მომხმარებელს უგემრიელესი და განსახვავებული გემოს ხელნაკეთი ტრიუფელებით ანებივრებს, უკვე 16 წელია საბუღალტრო საქმესაც ეწევა და შესაბამისად დიდი თეორიული და პრაქტიკული ცოდნაც გააჩნია ამ სფეროში.
სწორი ბუღალტრული აღრიცხვა ბიზნესის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის კი, მოგეხსენებათ, ხშირ შემთხვევაში ფუფუნების საკითხია, ჰყავდეთ ბუღალტერი, ამიტომაც თავად უწევთ ამ როლის მორგებაც. შეხვედრის ფარგლებში მაიამ საჭირო ინფორმაცია მიაწოდა მსმენელებს მნიშვნელოვან პრაქტიკულ ნიუანსებზე. ისაუბრა მიკრო და მცირე სტატუსის მქონე მეწარმე სუბიექტებზე, იმ უპირატესობებზე, რომლებიც ამ სტატუსებს გააჩნია და ყოველთვიური დეკლარაციის შევსების დეტალებიც პრაქტიკაში აჩვენა დამსწრე მცირე მეწარმეებს. კითხვა – პასუხის რეჟიმში, BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილეებმა სხვა მათთვის მნიშვნელოვან შეკითხვებზეც მიიღეს პასუხი და მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზეც კიდევ ერთხელ იმსჯელეს.
BPN Georgia მოხარულია, რომ ბიზნეს ასოციაციის ფარგლებში შესაძლებელია მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარება. კიდევ უფრო სასიხარულოა ის ფაქტი, რომ BPN Georgia-ში ყველა ერთად იზიარებს იმას, რასაც ოდესღაც ილია ჭავჭავაძე ამბობდა: «სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა.»
BPN Georgia-ს მეწარმეთა მხრიდან არის სრული მზაობა – სხვადასხვა თემებზე უანგაროდ გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება.
ერთად ძლიერი მეწარმეობისთვის საქართველოში!