...

ბალანსი – წარმატებული მეწარმის საიდუმლო

ცხოვრების ბალანსი: სტაბილური ბიზნესისა და ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო

მეწარმეობა ბევრისთვის დაკავშირებულია მუდმივ შრომასთან, უძილო ღამეებთან, გამოწვევებთან, მათ გადალახვასთან. ბევრს ჰგონია, რომ წარმატება მხოლოდ მაშინ მოდის, როცა საკუთარ თავს მთლიანად საქმეს უძღვნი და ერთ დღესაც კი თუ გაჩერდები, ბიზნესი საფრთხეში აღმოჩნდება.  რეალობა ისაა, რომ ზედმეტი გადაღლა და მუდმივი სტრესი პირად ცხოვრებასაც აზიანებს და არც ბიზნესისთვის მოაქვს ხეირი.

ბიზნესის მდგრადი ზრდისა და ხარისხიანი შედეგების საფუძველი საქმესა და დასვენებას შორის ბალანსია. თუ ეს ბალანსი დარღვეულია, ან თუ საერთოდ არ არსებობს, გრძელვადიანი წარმატება რთულად მისაღწევი ხდება.

ფაქტია, მეწარმეს, განსაკუთრებით კი თუ მცირე ბიზნესზე ვსაუბრობთ, თავად უხდება ძალიან ბევრი რამის კეთება. მუდმივი დატვირთვის ფონზე გადაწვის, საფრთხე მაღალია და ის, რაც თავდაპირველად ძლიერი მოტივაციით დაიწყო (იდეა, საქმე), შეიძლება ემოციურ და ფიზიკურ გადაღლაში (Bornout) გადაიზარდოს.

ეს მხოლოდ ჯანმრთელობას კი არა, ბიზნესსაც აზიანებს. გადაღლილ გონებას უჭირს სწორი გადაწყვეტილებების მიღება, მცირდება კრეატიულობა, გუნდის მართვაში ჩნდება სირთულეები. შედეგად კი პროგრესის ნაცვლად, ვიღებთ რეგრესს.

კიდევ რა მოაქვს გადაღლილობას ,,ბონუსად”?

  • მატულობს სტრესი
  • თავს იჩენს ჯანმრთელობის პრობლემები
  • ჩნდება ძილის დარღვევები
  • იკლებს პროდუქტიულობა
  • იზრდება შეცდომების დაშვების რისკი
  • აღარ ჩნდება ახალი იდეები

ეს არ არის სრული ჩამონათვალი, თუმცა ალბათ საკმარისია იმისთვის, რომ დაფიქრდეთ, თქვენ სად ხართ?  კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრებით?  არის მასში ბალანსი?

არაერთი მეწარმისგან მსმენია, სად მაქვს დასვენებისა და ჩემს თავზე ფიქრის დრო, ყველაფერი ხომ ჩემი გასაკეთებელიაო… თუმცა, ალბათ კიდევ უფრო ღრმად თუ გავიაზრებთ, რომ პროდუქტიული სწორედ მაშინ ვართ, როდესაც ჩვენს მენტალურ, ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ, დროს აუცილებლად გამოვნახავთ.

თუ გავიაზრებთ, რომ თვითზრუნვა ფუჭად დახარჯული დრო კი არა, საკუთარ თავში ინვესტიციაა, რაც დროის გამოყენებას უფრო მდგრადს ხდის, მაშინ აუცილებლად დავიწყებთ სვლას ბალანსისკენ, რაც თავის მხრივ სტაბილურობამდე მიგვიყვანს.

და მაინც რა არის ბალანსი?

ჩვენ ყველა ინდივიდები ვართ, სწორედ ამიტომ თოთოეულ ჩვენგანს ,,ჩვენი ბალანსი” გვაქვს, რომელსაც სადმე კი არ ვპოულობთ, ჩვენ თვითონ ვქმნით საზღვრების დაწესებით, პრიორიტეტების განსაზღვრით, დროისა და საკუთარი თავის მენეჯმენტით, სხვადასხვა გადაწყვეტილებებითა და არჩევანის გაკეთებით.

როგორ შევქმნათ და შევინარჩუნოთ ბალანსი?

ამისთვის პირველ რიგში გვახსოვდეს:

  • დრო განსაზღვრულია და დღე-ღამეში ყველასთვის 24 საათია
  • ცარიელი ჭიქიდან წყალს ვერ დაასხავ, თუ შენ დაცლილი ხარ, სხვას ვერ გაუნაწილებ ენერგიას
  • ნებისმიერი რამის გაკეთება შეგიძლია, მაგრამ ყველაფრის ერთდროულად – არა
  • ვერასდროს იქნები ბოლომდე ბედნიერი საქმით, თუ შენი ცხოვრებით კმაყოფილი არ ხარ

და მაინც რას ნიშნავს შენთვის საქმესა და ცხოვრებას შორის ბალანსი? რა შემთხვევაში ამბობ რომ ბალანსი დაცულია? მე აქ სამოტივაციო სპიკერს, ბიზნესმენს, ცნობილ ავტორს, სტივენ კოუვის მოვიშველიებ და ვიტყვი -„მთავარი დროის დახარჯვა კი არა, მისი ინვესტირებაა.“ აქვე იმასაც ვიტყვი, ეს უბრალოდ Work Life ბალანსი კი არა, მთელი ცხოვრების ბალანსია, ცხოვრების, რომელიც გარდა საქმისა სხვა ბევრ სფეროს მოიცავს და ბალანსის ხელოვნება ზუსტად იმაში მდგომარეობს, ჩვენი დრო ჩვენთვისვე სწორად გადავანაწილოთ ამ სფეროებს შორის.

აქვე გიზიარებთ რჩევებს, რაც თქვენი საკუთარი ბალანსის მიღწევაში დაგეხმარებათ:

  • დაგეგმე დრო საკუთარი თავისთვის – კალენდარში გაწერე არა მხოლოდ საქმიანი, არამედ პირადი შეხვედრებიც
  • ისწავლეარა“- თქმა – ყველა შესაძლებლობა შენთვის არ არის
  • დააწესე საზღვრები – სამუშაო საათები არ უნდა მოიცავდეს 24/7-ს
  • გააკეთე მცირე პაუზები – 10-15 წუთიანი (სეირნობა, სუნთქვითი ვარჯიში ან სხვა რამ, ის რაც შენს ,,ბატარეას” დამუხტავს) დღეში რამდენჯერმე
  • დანერგე ,,მცირე რიტუალები – დილის ყავა, საღამოს მედიტაცია, კვირის ოჯახური საღამოები
  • ჩართე გუნდი პროცესში – დელეგირება ენერგიას დაზოგავს და ნდობას აამაღლებს
  • შენთვის დაიტოვე ერთი თავისუფალი დღე კვირაში – გამოეთიშე საქმეს და აკეთე ის, რაც შენ სიამოვნებას განიჭებს
  • გამოიმუშავე ჯანსაღი ჩვევები – მაგ. სპორტი, სწორი კვება და რეგულარული ძილი
  • შეაფასე არა მხოლოდ შედეგები, არამედ გზა – ბიზნესში წარმატება მხოლოდ მოგება არ არის. შენი შინაგანი მდგომარეობა, ურთიერთობები და ბედნიერებაც წარმატების ნაწილია.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ცხოვრებით დატკბე! იყო ბედნიერი – მხოლოდ ეს არის მნიშვნელოვანი.“ – ოდრი ჰეპბერნი

მთავარია, ვიპოვოთ ჩვენი ბედნიერების წყარო და მიუხედავად იმისა, რომ ათასი პასუხისმგებლობა გვაკისრია, მითუმეტეს სამეწარმეო საქმეში, მივცეთ თავს უფლება ხშირად დავლიოთ წყალი ამ წყაროდან. ვიყოთ ენერგიით სავსე, ბედნიერი, რაც აუცილებლად შემოიტანს სტაბილურობას და მდგრადობას ბიზნესშიც.

წარმატება არ ნიშნავს მხოლოდ შრომასწარმატება ნიშნავს პრიორიტეტებს, სწორ რიტმს, სადაც საქმესა და საკუთარ თავს თანაბარი ადგილი აქვს.

ბალანსი ყველაფრის კეთებაში არ არის, მთავარია იცოდე, როდის უნდა გააკეთო რამე.”

ბალანსი შეგნებული არჩევანია, ის არ არის შემთხვევითობა და ეს არჩევანი შენც შეგიძლია გააკეთო!

 

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare