...

«კულტურა სტარტეგიას მიირთმევს საუზმედ» – ამერიკელი მენეჯმენტის გურუს, პიტერ დრაკერის, ეს ციტატაც იმას გვეუბნება, რასაც არაერთი ნაშრომი, კვლევა თუ ბიზნეს ექსპერტი. სტრატეგია მნიშვნელოვანია კომპანიის გრძელვადიანი, მდგრადი განვითარებისთვის,  მაგრამ კულტურა უპირატესი. ის წარმატების  ფუნდამენტური ნაწილია და შესაბამისად მისი უმნიშვნელოვანესი საზომიც.

ორგანიზაციულ კულტურაზე ბევრი დაწერილა, ბევრი განმარტება არსებობს და მიუხედავად ამისა ხშირად ისმის კითხვა – მაინც რა არის ორგანიზაციული კულტურა?

ორგანიზაციული კულტურის არაერთი ფორმა არსებობს, თუმცა ყველა მათგანს აერთიანებს ის, რომ ამ ცნების ქვეშ მოიაზრება კომპანიის ღირებულებები, ნორმები, ქცევის ფორმები, რაც ასახავს ორგანიზაციის ყოველდღიურობას, გარემოს, განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ხდება მაგ. გადაწყვეტილების მიღება, უკუკავშირის გაზიარება, კომუნიკაციის რა ფორმაა მისაღები, შეცდომასა და კონფლიქტზე როგორია რეაქცია, როგორ გრძნობენ თავს ამ კომპანიაში დასაქმებული ადამიანები, რამდენად მაღალია მათი ჩართულობა, აიდენტიფიცირებენ ისინი თავს  კომპანიასთან თუ არა და ა.შ.

«ორგანიზაციული კულტურა არის ფასეულობების და რიტუალების ერთობლიობა, რომელიც ორგანიზაციის წევრებს შორის ინტეგრაციის პროცესში «წებოს» როლს ასრულებს» – რიჩარდ პერინი.

ისევე როგორც თითოეული ადამიანი, ყოველი კომპანიაც ცალკეული ინდივიადია, აქვს საკუთარი ხასიათი, წესები, ქცევის განსაკუთრებული ფორმები და განსხვავდება სხვა ორგანიზაციებისგან. დღეს, როდესაც ბაზარი უთვალავი საინტერესო ბიზნესით არის გაჯერებული, ხშირად სწორედ ორგანიზაციული კულტურაა ის ფაქტორი, რაც ბიზნესის გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობის, წინსვლისა და წარმატების წინაპირობა ხდება.

company culture.png

როგორც სპიკერი და ანტრეპრენერი, VaynerX-ის დამფუძნებელი, გარი ვაინერჩუკი ამბობს: «კორპორატიული კულტურა არის ყველა წარმატებული კომპანიის ხერხემალი.»
და მაინც სად ვხვდებით ორგანიზაციულ კულტურას კომპანიაში?
ორგანიზაციული კულტურა ფორმალური და არაფორმალური სახით არსებობს ორგანიზაციებში. ფორმალურად გაწერილ კულტურას კომპანიის მისიაში, ხედვაში, ქცევის კოდექსში, გაიდლაინებში ვნახავთ, მაგრამ ძლიერი და ქმედითი ორგანიზაციული კულტურის შესაქმნელად ეს საკმარისი არ არის. ამისთვის საჭიროა, დაინერგოს არაფორმალური წესები, რომლებიც იდეალურ შემთხვევაში ფორმალურ წესებთან (ხედვასა და ღირებულებებთან) თანხვედრაში მოდიან. ასეთი წესები კომპანიის შიგნით ყოველდღიურ რეჟიმში ვლინდება მაგ. კომუნიკაციის ფორმებში. გადამწყვეტად მნიშვნელოვანია,  ორგანიზაციული კულტურის ორივე ნაწილი კომპანიაში დასაქმებული ყველა ადამიანისთვის იყოს ცნობილი და გუნდის თითოეული წევრი ამ წესებით მოქმედებდეს. ეს განსაკუთრებით მმართველ რგოლს ეხება, სწორედ კომპანიის დირექტორი, მენეჯერი, დამფუძნებელი (თუ ის პირადად არის ჩართული მართვაში) უნდა ცხოვრობდნენ ამ ნორმებით.

მნიშვნელოვანია, მმართველ-დირექტორს, დამფუძნებელს (კომპანიის მასშტაბს მნიშვნელობა არ აქვს) კარგად ჰქონდეს გააზრებული ორგანიზაციული კულტურის არსი და ის ფაქტი, რომ სწორედ ის აწესებს სტანდარტს. (რა თქმა უნდა, თანამშრომლის ფაქტორი გათვალისწინებულია და მხოლოდ ვერტიკალურად არ ხდება წესების შემოტანა.) პირველ რიგში, სწორედ ხელმძღვანელია ამ წესების, კორპორატიული ნორმებისა და ღირებულებების დამცველ-გამტარებელი. საბოლოოდ ის ერთადერთია, ვის ხელშიც არის შესაძლებლობა, საკუთარი მართვის სტილით, რომელიც იდეალურ შემთხვევაში კომპანიის ფასეულობებს უნდა ეფუძნებოდეს,  ქმნის კულტურას და ხდება ინსპირაციის წყარო დანარჩენებისთვის. მას საკუთარი მაგალითით თანამშრომლამდე მიაქვს კულტურის არაფორმალური მხარე და ნორმები. ეს არის კომპანიაში ძლიერი კულტურის შექმნის ფუნდამენტი. build culture.jpg

Zappos, Google, Twitter, Facebook, Adobe – ეს იმ კომპანიების მცირედი ჩამონათვალია, რომლებსაც ზემოთ აღნიშნული კარგად აქვთ გააზრებული და სათანადო რესურსსაც დებენ კორპორატიული კულტურის მაღალი სტანდარტის დასამკვიდრებლად.
კომპანიის შექმნა და მისი განვითარება თავის თავში გუნდის, თანამშრომლების განვითარებას და მათ ხელშეწყობას მოიაზრებს. კორპორატიული კულტურა სწორედ იმას უნდა ემსახურებოდეს, ვიპოვოთ როგორ  ამ ერთიანობაში (გუნდი) და შევქმნათ ერთი მთლიანობა, სადაც ფასეულობები ქცევაში გამყარებულია და  თანამშრომლის ბედნიერების ინდექსიც მაღალი. ასეთ შემთხვევაში ის საკუთარ ფასეულობებს კომპანიის ღირებულებებთან აკავშირებს, გუნდის მნიშვნელოვან წევრად აღიქვამს თავს და მეტ პასუხისმგებლობასაც იღებს, ინოვაციურია და საბოლოოდ შრომის ეფექტურობაც მაღალი. ძლიერი კორპორატიული კულტურის შემთხვევაში თანამშრომელთა გადინებაც, რაც დღეს ბევრი კომპანიის ტკივილს წარმოადგენს,  არ დგას მწვავე პრობლემად. კულტურა აძლიერებს კომპანიის, როგორც დამსაქმებლის, რეპუტაციას და ახალი კვალიფიციური კადრების მოზიდვაც მარტივი ხდება.

მუდმივად უნდა გვახსოვდეს:
«უმთავრესი ორგანიზაციულ კულტურაში არის ადამიანებს შორის კომუნიკაცია» – ფაბრიციო პერინი

ისევე როგორც თითოეული ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებას მისი ხასიათი და ქცევა განსაზღვრავს, კომპანიის შემთხვევაშიც კორპორატიული კულტურა განაპირობებს კომპანიის იდენტობას, ქმნის გარკვეულ უსაფრთხოებას,  და როგორც უკვე აღვნიშნე, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებას და კომპანიის გრძელვადიან წარმატებას.

თუ კიდევ ერთხელ კომპანიის წარმატების ფაქტორებზე დავფიქრდებით, პირველ რიგში ალბათ უნდა დავასახელოთ იდეა (კრეატიული, ინოვაციური), შეიძლება აქვე განსაკუთრებული ტექნოლოგიაც ვახსენოთ და აუცილებლად კაპიტალიც, რომელიც ამ იდეის განხორციელების და ბიზნესის ზრდის საშუალებას მოგვცემს. დღეს, როდესაც ფინანსურ რესურსებზე წვდომა და ამ რესურსით თუნდაც განსაკუთრებული ტექნოლოგიისა თუ ტექნიკის შეძენა შედარებით გამარტივებულია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ორგანიზაციული კულტურა, რომელსაც ვერანაირი კაპიტალით იყიდი.
თქვენ რას იტყვით, გაქვთ ორგანიზაციული კულტურა, რამდენად ძლიერია ის? 

თუ ამაზე არ გიფიქრიათ, ან ფიქრობთ, რომ ჯერ საამისოდ პატარა კომპანია ხართ, გახსოვდეთ რომ ეს ხანგრძლივი პროცესია, «უკულტორო კულტურის» ქონა კი დანაშაული საკუთარი კომპანიის წინაშე. კომპანიის ბრენდად ჩამოყალიბებისთვის მხოლოდ სლოგანი, ლოგო, კარგი პროდუქტი ან მომსახურება არ არის საკმარისი, ამისთვის შიდა პროცესები უნდა იყოს გამართული, თანამშრომელი უნდა იყოს ბედნიერი, ამაყი და მომხმარებელთან ერთად თქვენი ბრენდის ელჩი. ძლიერი კორპორატიული კულტურის გარეშე კი ამის მიღწევა შეუძლებელია.
«საუკეთესო ბრენდის ელჩები კომპანიისთვის მისი თანამშრომლები არიან» – რიჩარდ ბრენსონი brand.png

«კულტურა სტარტეგიას მიირთმევს საუზმედ» – პიტერ დრაკერი.
შეგიძლიათ ამ ყველაფერზე კიდევ ერთხელ  იფიქროთ საუზმობისას… 😊
რამდენიმე კითხვას დაგიტოვებთ, თუ სურვილი გექნებათ, ამაზე ფიქრით დაიწყეთ:
•    რატომ ვარსებობთ (როგორც კომპანია)?
•    რას ვემსახურებით, რისი გვჯერა, როგორები ვართ?
•    ჩვენი მთავარი ღირებულებები რა არის?
•    რისი მიღწევა გვსურს, რა არის ჩვენი მთავარი მიზანი?

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare