დიახ, თუ თქვენ საქართველოში იმოგზაურებთ, ნამდვილად აღმოაჩენთ პატარა შვეიცარიას ჩვენს ქვეყანაში.
წლების მანძილზე არაერთ შვეიცარიელ სტუმარს აღუნიშნავს ის, თუ როგორ გავს აქაურობა შვეიცარიას. ბევრს ისიც უთქვამს, რომ არ ვიცოდე, რომ ვიფრინე და ახლა საქართველოში ვარ, ვიფიქრებდი, რომ ჩემი ქვეყანა არც კი დამიტოვებიაო. განსაკუთრებით ხშირად მაღალმთიან აჭარაში მსმენია ეს მათგან, იმ ფერდობებზე შეფენილი სოფლების დანახვისას, სადაც მშრომელი აჭარლები ცხელ ზაფხულს ატარებენ, ბარიდან რამდენიმე თვით საქონელთან ერთად ადიან და სოფლის მეურნეობა-მეცხოველეობით არიან დაკავებული.
უზარმაზარ მსგავსებას ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით, რაც მხოლოდ ლანდშაფტის ან არქიტექტურული ნაგებობების მსგავსებაში არ გამოიხატება. რაღაცნაირად თვით ცხოვრების წესიც კი მსგავსია. ისევე როგორც შვეიცარიაში ალპებისკენ მიმავალ გზებზე, გაზაფხულზე აჭარაშიც გადაეყრებით მთისკენ მიმავალ მორთულ-მოკაზმულ საქონელს. ისევე როგორც ალპებში, ეს აჭარის მთებშიც ერთგვარ დღესასწაულს წარმოადგენს. ულამაზესი ბუნებით გარშემორტყმულ სოფლებში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივების მიერ დამზადებული ცნობილი აჭარული ჩლეჩილი ყველი, რომელიც მაღალმთიანი აჭარის ისეთივე სავიზიტო ბარათია, როგორიც შვეიცარიისთვის მაგ. ემენტალი. შვეიცარიულ და აჭარულ ტრადიციულ კერძებს შორისაც დაიჭერთ მსგავსებას, მათ გარდა გემოვნური თვისებებისა, პირველადი დანიშნულებაც აერთიანებთ, გლეხი მისი მიღების შემდეგ ენერგიასაც ღებულობდა და ცივ ზამთარში უფრო ადვილადაც უმკლავდებოდა ყინვას ამ კერძების მაღალი ცხიმიანობის წყალობით.
BPN Georgia საკუთარ ბენეფიციარებთან შესახვედრად და მათთვის ადგილზე კონსულტაციების გაწევის მიზნით კიდევ ერთხელ ესტუმრა ულამაზეს მაღალმთიან აჭარას, კერძოდ ხულოს მუნიციპალიტეტს და ამ მოგზაურობის ფარგლებში კიდევ ერთხელ აღმოაჩინა ის დიდი მსგავსება, რომელიც საქართველოსა და შვეციარიას შორის არსებობს.
დაკვირვებული თვალი მსგავსებას ყველგან აღმოაჩენს.
ეს საქართველოა, ხულოსკენ მიმავალი გზა, აჭარისწყლის ხეობა. ეს ხიდი მთავარ გზას აჭარის მთიან სოფლებთან აკავშირებს.
აქ კი შვეიცარიაში ვართ, ავეგნოში…
მოგეხსენებათ, აჭარა განთქმულია უძველესი თაღოვანი ე.წ. თამარის ხიდებით, თურმე შვეიცარიაშიც აშენებდნენ თავის დროზე მსგავსი არქიტექტურის ხიდებს და ბევრი მათგანი დღესაც შემორჩენილია პირვანდელი სახით.
ფურტიო, შუა საუკუნეების ქვისთაღოვანი ხიდი
როგორც ხედავთ, დღესაც არ დაუკარგავს ფურტიოს თაღოვან ხიდს დანიშნულება და ზაფხულში ტრამპლინის ფუნქციასაც ასრულებს გაგრილების მსურველი აჭარელი ახალგაზრდებისთვის.
ვერზასკას ხეობა, შვეიცარია
ფოტოებზე მკვეთრად ჩანს არქიტექტურულ-ფუნქციური მსგავსება ამ მრავალსაუკუნოვან თაღოვან ხიდებს შორის.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში არაერთ ულამაზეს ტრადიციულ სახლს ნახავთ, რომლის მთავარი საშენი მასალა ხეა და რომელშიც ძველად პირველი სართული საქონლის სადგომად გამოიყენებოდა, ზოგიერთ სოფელში დღესაც ასეა.
სოფ. ზემო ვაშლოვანი, ხულო
გრიმენცი, სოფელი შვეიცარიაში ტრადიციული საცხოვრებელი სახლებით…
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში BPN Georgia-ს ბენეფიციარებთან ვიზიტისას ულამაზესი ტრადიციული სახლების გვერდით ტრადიციული სასიმინდეებიც აღმოვაჩინეთ. ჩვენმა შვეიცარიელმა ექსპერტმა, რომელიც ამ ვიზიტის დროს თან გვახლდა, მსგავსება აქაც დაგვიდასტურა და მოგვიანებით ფოტოც მოგვაწოდა ამის დასამტკიცებლად.
მუნდი, ვალისის კანტონი
ტრადიციულად ასეთ სასიმინდეებში შვეიცარიელებიც სიმინდს, სხვადასხვა მარცვლეულს და ამავდროულად ხორცსაც ინახავდნენ, ხანდახან პურის განსაკუთრებულ სახეობასაც, რომელიც დიდხანს ინარჩუნებდა კვებით ღირებულებას.
აჭარა სოფ. სხალთა
დიდი დაკვირვება არ სჭირდება, მნახველს მაშინვე თვალში ხვდება ამ ორ ქვეყანას შორის ლანდშაფტური მსგავსებაც. მთები, მდინარეები, ტბები, მთის ფერდობებზე შეფენილი სოფლები შვეიცარიაშიც ახარებს მნახველის გულსა და თვალს და მაღალმთიან აჭარაშიც.
ეს თაგოდან დანახული ხულოა, მწვანეში ჩაძირული და მთებით გარშემორტყმული…
ეს კი ადელბოდენია, შვეიცარიაში…
მთის მწვერვალებზე შემოსკუპებულ აჭარულ სოფლებში ასვლა მხოლოდ ავტომობილით არ არის შესაძლებელი. ძალიან დიდ დროს დაზოგავთ, პატარა, ლამაზ თავგადასავალშიც აღმოჩნდებით და ამავდროულად ულამაზესი ხედებითაც დატკბებით, თუ თაგოს საბაგიროთი ისარგებლებთ. ეს საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა. უსაყრდენო საბაგირო გზის სიგრძე 1720, ხოლო სიმაღლე 280 მეტრია.
ამ ტრანსპორტს, რომელიც 1985 წლიდან უწყვეტად ფუნქციონირებს, მხოლოდ ტურისტული დანიშნულება არ გააჩნია, ის ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში მისასვლელად გზის შემოკლების ერთადერთი საშუალებაა. საბაგიროს მეშვეობით დაბა ხულოსთან დაკავშირება 8 წუთშია შესაძლებელი.
ეს კი ისევ შვეიცარიაა ისტორიული საბაგიროთი გრაფენორთში…
უსასრულოდ შეიძლება გავაგრძელოთ მსგავსებაზე საუბარი, თუმცა უმთავრესს უნდა გავუსვათ ხაზი, იმ უდიდეს პოტენციალს, რომელიც ამ რეგიონს გააჩნია შვეიცარიის მსგავსად, თუნდაც ტურისტული თვალსაზრისით თავისი თვალწარმტაცი ბუნებით, ტრადიციით, კულტურით, ისტორიით და რაც ყველაზე მთავარია, უზომოდ სტუმართმოყვარე ხალხით. განსხვავება ერთია, შვეიცარიაში ეს პოტენციალი ათვისებულია, მაღალმთიან აჭარაში ეს ჯერ კიდევ წინ არის. მთავარია, სწორი ხედვა, სწორად დაგეგმვა, სწორი ნაბიჯებით სვლა და შევძლებთ, მხოლოდ სილამაზით კი არა ეკონომიკური თვალსაზრისითაც დავემსაგვსოთ ჩვენსავით პატარა, მთაგორიან, წარმატებულ ქვეყანას – სახელად შვეიცარია.
BPN Georgia მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოხარულია, რომ აქვს შესაძლებლობა ითანამშრომლოს განვითარებაზე ორიენტირებულ, პერსპექტიულ მეწარმეებთან, რომლებიც ქმნიან ამ კუთხის და ქვეყნის ჯანსაღ ეკონომიკურ მომავალს. BPN Georgia მზად არის შვეიცარიული გამოცდილება გაუზიაროს ქართველ მეწარმეებს ტრენინგებისა და ინდივიდუალური კონსულტაცია-ქოუჩინგების ფორმატში და ამ გზით მათი ბიზნესების მდგრად განვითარებას შეუწყოს ხელი.
შვეიცარია საქართველოში?
დიახ, ჩვენ აქ ვართ –> https://bpngeorgia.ge/home
ძლიერი მეწარმეობა საქართველოში!