ჰენრი ფორდი (1863 – 1947) – ამერიკელი ბიზნესმენი. დაიბადა რიგითი ფერმერის მრავალშვილიან ოჯახში. 15 წლის ასაკში პირველი ტრაქტორი ააწყო და მამის მეურნეობაში გამოიყენა. მოგვიანებით ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად და მუშაობდა ინჟინრად ედისონის კომპანიაში. შემდგომში პარტნიორებთან ერთად დააარსა საწარმო Detroit Automobile Company და 1893 წელს შექმნა პირველი ავტომობილი, რომელიც 1903 წელს გაყიდვაში ჩაუშვა 950 $ – ად. შემოსული თანხა შემდგომი ავტომობილების დამზადებას მოხმარდა. 1908 წელს უკვე დღეში 100 ავტომობილი ეწყობოდა. ფასიც შემცირდა და 400 $ შეადგინა, რაც პროდუქტს მასებისთვის ხელმისაწვდომს ხდიდა. ფორდს წარმოების გაზრდა სურდა მოგებული თანხის რეინვესტირების ხარჯზე, რის გამოც პარტნიორების წინააღმდეგობას წააწყდა, რადგან მათ მოგების განაწილება სურდათ. ეს გახდა ფორდის კომპანიიდან წამოსვლის და Henry Ford Company – ს დაარსების მიზეზი.
ფორდმა საკუთარ ხედვას – ავტომობილების მასიურ წარმოებას ხელმისაწვდომ ფასად – წარმოებაში კონვეიერული სისტემის დანერგვით მიაღწია. რევოლუცია შეიტანა მუშათა კლასის ცხოვრებაშიც. სამუშაო საათები შეამცირა 9 – დან 8 საათამდე. ხელფასი გაზარდა დღეში 3 – დან 5 დოლარამდე. მეტ პროდუქტიულობას მიაღწია სამუშაოს სწორი განაწილებით და კოორდინირებითაც. ინტეგრირებული წარმოების შექმნის მიზნით, რომელიც გულისხმობდა წარმოებას, მონტაჟს და ტრანსპორტირებას ერთი კომპანიის ფარგლებში, შეიძინა საკუთარი რკინიგზა, ფლოტი, მაღაროები და ტყის მასივები ავტო ინდუსტრიისთვის საჭირო ნედლეული მასალის საკუთარ ბაზაზე წარმოების და ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად. ეს ყოველივე ვალის გარეშე, T მოდელის ავტომობილების გაყიდვებიდან შემოსული მოგების რეინვესტირების ხარჯზე.