სიტყვა entrepreneur ფრანგული სიტყვისგან entreprendre მომდინარეობს, რაც ქართულად „დაწყებას“ ნიშნავს. ხანდახან ჩვენი ოცნებები, რეალობად რომ ვაქციოთ, უბრალოდ მოქმედება უნდა დავიწყოთ…. ხშირად პირველი ნაბიჯი ყველაზე საშიშია, უცნობი გზა, მარცხის შიში, პერფექციონიზმის სურვილი…
როგორც ცხოვრებაში ისე ბიზნესშიც, სიმამაცეს ოქროს ფასი აქვს, ამიტომაც არსებობენ ერთ მხარეს გაბედული და წარმატებული ადამიანები და მეორე მხარეს ადამიანები მხოლოდ ოცნებებით ხელში…
მეწარმეობაც სწორედ გამბედაობით იწყება – უნდა გარისკო შენი იდეის რეალობად ქცევა, პასუხისმგებლობა უნდა აიღო და დაბრკოლებებს არ შეუშინდე..
ნამდვილი მეწარმე მხოლოდ ფინანსურ მოგებაზე არ ფიქრობს, არამედ ცდილობს, საზოგადოებისათვის რაიმე ღირებული შექმნას, რომ არსებული რეალობა ცოტათი მაინც გააუმჯობესოს. მეწარმეობა ნიშნავს მუდმივ სწრაფვას უკეთესობისკენ, რაც მოითხოვს არა მხოლოდ ინტელექტს, არამედ ემოციურ სიმტკიცესა და საკუთარი იდეების ურყევ რწმენასაც. მეწარმეობა თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაა, სადაც თითოეული ნაბიჯი, თუნდაც ძალიან პატარა, დიდ ცვლილებას იწვევს.
მეწარმეობა სხვა მრავალ ღირებულებასთან ერთად – კავშირსა და შესაძლებლობებზე არის აგებული. როცა ხარ მეწარმე, გეძლევა შანსი, დაუკავშირდე სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანებს, რომლებიც ბევრ რაიმეს გასწავლიან, თავის გამოცდილებასაც გაგიზიარებენ და გაჭირვების დროს დახმარების ხელს გამოგიწვდიან..
თანამედროვე სამყაროში ყველაფერი სწრაფად იცვლება. მეწარმემ კი ამ ცვლილებებს ფეხი უნდა აუწყოს. მუდმივად ისწავლოს, თვალყური ადევნოს ტენდენციებსა თუ ტრენდებს. მთავარია, ჰქონდეს ნათელი იდეა და შეძლოს მისი განხორციელება. მეწარმეობა არის უნარი, დაინახო რაიმეს ღირებულება იქ, სადაც სხვები ვერაფერს ხედავენ.
წარმატებული მეწარმეობა მრავალი ფაქტორის ერთობლიობაა, თუმცა არსებობს რამდენიმე ძირითადი უნარი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად და განსავითარებლად.
წარმოგიდგენთ 5 უნარს, რომელიც კარგ მეწარმეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს:
1. ხედვა და ინოვაციურობა
კარგ მეწარმეს უნდა ჰქონდეს ნათელი ხედვა იმის შესახებ, თუ სად და როგორ სურს საკუთარი ბიზნესის განვითარება. ეს ნიშნავს არა მხოლოდ ახალი ტენდენციების ფეხის აწყობას, არამედ მომავლის დანახვის უნარსაც. ინოვაციურობა კი მეწარმეს აძლევს შანსს შექმნას ახალი პროდუქტი ან სერვისი, თუნდაც გააუმჯობესოს უკვე არსებული, რათა მსგავსს ბიზნესებს ბაზარზე კონკურენცია გაუწიოს.
2. რისკის მართვის უნარი
მეწარმეობა თავისთავად დაკავშირებულია რისკთან. წარმატებული მეწარმე არ უშინდება რისკებს, არამედ ცდილობს პოტენციური რისკების იდენტიფიცირებას, მათ შეფასებას და შემდგომში შესაბამისი სტრატეგიების შემუშავებას, რომ თავიდან აიცილოს ნებისმიერი სახის გართულება. რისკის გონივრული მართვა მეწარმეს საშუალებას აძლევს, გათვლილი ნაბიჯები გადადგას და აირიდოს არასაჭირო დანაკარგები.
3. ადაპტირება და მოქნილობა
ბიზნეს გარემო მუდმივად ცვალებადია. მხოლოდ წარმატებულ მეწარმეს შეუძლია სწრაფად მოერგოს ახალ პირობებს, ტექნოლოგიურ ცვლილებებს ან მომხმარებლის მოთხოვნებს. მოქნილობა კი – კრიზისულ სიტუაციებსა და მოულოდნელი დაბრკოლებების წინაშე ბრძოლაში დიდ როლს თამაშობს. ეს უნარი ეხმარება ბიზნესს განვითარებასა და გაფართოებაში.
4. კომუნიკაცია და ლიდერობა
კომუნიკაციის უნარი უმნიშვნელოვანესია როგორც თანამშრომლებთან, ისე პარტნიორებთან, ინვესტორებთან და მომხმარებლებთან. კარგი კომუნიკატორი მკაფიოდ გამოხატავს საკუთარ იდეებს, უსმენს სხვებს და ეფექტურად წარმართავს მოლაპარაკებებს. ლიდერობის უნარი კი გულისხმობს გუნდის მოტივირებას, მიზნებთან დაახლოებასა და პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნას. ლიდერი არა მხოლოდ ხელმძღვანელობს, არამედ თავისი ქცევებითა და უნარებით ხშირად სხვებისთვის ინსპირაციის წყაროც ხდება.
5. ფინანსური ცოდნა და დაგეგმვა
იმისათვის, რომ ბიზნესი იყოს მდგრადი და წარმატებული, აუცილებელია შესაბამისი ფინანსური ცოდნა და დაგეგმვა. მეწარმეს აუცილებლად უნდა ესმოდეს საბაზისო ფინანსები – შემოსავლები, ხარჯები, მოგება და ზარალი, ასევე უნდა შეეძლოს ბიუჯეტის შედგენა და ფინანსური ანალიზი. დაგეგმვა კი მოიცავს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მიზნების დასახვასა და მათი მიღწევის სტრატეგიების შემუშავებას. ფინანსურად გააზრებული დაგეგმვა ბიზნესს სტაბილურობას სძენს.
საბოლოოდ, მეწარმეობა, გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ბიზნესის წამოწყება და ფინანსური მოგების მიღება. ეს არის გაბედული ნაბიჯი უცნობი გზისკენ, მუდმივი სწრაფვა უკეთესობისკენ და რაიმე ღირებულისა და მნიშვნელოვანის შექმნის სურვილი…
ეს არის თავგადასავალი, სადაც თითოეული გამოწვევა თუ შანსი, ახალი შესაძლებლობაა ზრდა-განვითარებისთვის, ხოლო თითოეული თუნდაც ძალიან პატარა წარმატება – იმის დასტურია, რომ ხედვასა და გამბედაობას ნებისმიერი რეალობის შეცვლა შეუძლია…
ჩვენი მთავარი დევიზი კი უცვლელია – მთავარია არ დანებდე, არ შეეუშინდე გამოწვევებს, უბრალოდ დაიწყე….