რაც არ უნდა დიდი ამბიციები გამოძრავებდეს, დაიწყე მცირედით. არა აქვს მნიშვნელობა რომელ დარგში მოღვაწეობ, ყველა ტიპის ბაზარზე მოიძებნება პატარა ნიშა, საიდანაც უნდა დაიწყო. რაც უფრო ნაკლები ფულის ჩადებას ითხოვს შენი ჩანაფიქრი, მით უფრო კარგი იდეისთვის მიგიგნია. რაც უფრო მცირე იქნება კონკურენცია, მით უკეთესი. რაც უფრო თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება საქმის განვითარება, მით უფრო წარმატებული ბიზნესი გექნება. გუნდის შეკვრა აუცილებლად მოგიწევს. მაგრამ უფულობა დაბრკოლებას ნამდვილად არ შეგიქმნის. თუ ჩანაფიქრი კარგი გაქვს, ჩაფიქრებულის განხორციელებას მცირე მასშტაბითაც შეძლებ.
როდესაც 2004 წელს მარკ ცუკერბერგმა თავის საქმე წამოიწყო, ის მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის სტუდენტებს ემსახურებოდა. იდეამ გაამართლა და სტუდენტთა უმეტესობამ სერვისით აქტიური სარგებლობა დაიწყო. მხოლოდ ამის შემდეგ გაფართოვდა საქმე და სხვა ამერიკული უნივერსიტეტებიც მოიცვა. და მხოლოდ განვითარების მესამე წელს გაიხსნა ყველა კარი და Facebook-ი გლობალურ სოციალურ ქსელად იქცა, მისი დამფუძნებელი კი – ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად.
მცირედით დაწყება არ ნიშნავს შეზღუდულ აზროვნებას. არავინ ამბობს, რომ მარკ ცუკერბერგს სტუდქალაქს მიღმა არაფერი აინტერესებდა. მას საკმაოდ მკაფიო გეგმა ჰქონდა. საუბარია მცირე საწყისი ნაბიჯების გადადგმაზე, თორემ ფართე აზროვნებას არავინ გიშლის. უფრო მეტიც, ფართე აზროვნება სასურველია. ამიტომაც ამბობენ საქმიან წრეებში: იაზროვნე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად. რაც უფრო მასშტაბური ხედვა გექნება, მით უფრო გაგიადვილდება სწორი ნაბიჯების გადადგმა. მაგრამ ეს ნაბიჯები მოზომილი და თანმიმდევრული იქნება. ასე იწყება დიდი ბიზნესი. ერთ ჩვეულებრივ დღეს. ერთ ჩვეულებრივ ავტოფარეხში.
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანის ისტორია
1994 წელს ჯეფ ბეზოსი სამსახურიდან წამოვიდა და საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუდგა. ინტერნეტის ეპოქა დგებოდა, 30 წლის ჯეფი საბანკო-საფინანსო სექტორის სპეციალისტი იყო, მაგრამ თავის მომავალს სხვაგან ხედავდა. მას უკვე ჰქონდა ბიზნეს გეგმა დაწერილი, იგი ინტერნეტ მაღაზიის გასახსნელად ემზადებოდა. ონლაინ ვაჭრობა ახალი ხილი იყო, ინტერნეტში კონკურენცია ჯერ არც კი იგრძნობოდა, თუმცა ჯეფმა მაინც მკაცრად განსაზღვრა თავის პროფილი. მას შეეძლო ყველაფრით ევაჭრა, მაგრამ მან დასაწყისისთვის პროდუქტთა მხოლოდ ერთი ჯგუფი აირჩია: წიგნები.
წიგნის მოყვარული ნაკლებ ყურადღებას აქცევს მეორად ფაქტორებს, როგორიცაა შეფუთვა, სუნი, ვიზუალი, წონა. მკითხველს ხშირად იშვიათი წიგნი სურს, რომელსაც მის ქალაქში არც არავინ კითხულობს. იშვიათ წიგნს მკითხველი მეტხანს დაელოდება და ცოტა მეტსაც გადაიხდის. და პრაქტიკულად არასდროს დაჭირდება წიგნის წინასწარ შეთვალიერება. თუ გადაწყვიტა, რომ შექსპირის რომეო და ჯულიეტა სურს, შეგიძლია პირდაპირ უყიდო და მიუტანო.
ჯეფის სტრატეგიამ გაამართლა, მან საკმაოდ სწრაფად დაიპყრო წიგნების ბაზარი და მომდევნო პროდუქტთა ჯგუფზე გადაერთო. ის კვლავაც არ აჩქარდა, არ ეცა ყველას და ყველაფერს, არამედ წიგნების მონათესავე სეგმენტზე გააკეთა აქცენტი, პროდუქტზე, რომელიც თავის მახასიათებლებით ბევრ რამეში წიგნს ჰგავს: ეს იყო მუსიკალური დისკები. აქაც ბევრი რამ ისევე ხდებოდა, როგორც წიგნების შემთხვევაში, საჭირო იყო ფართო არჩევანი, პროდუქცია იყო ადვილად ტრანსპორტირებადი, იოლად დასაწყობებადი, ნაკლებად ფუჭებადი. იგივე ეხება ვიდეო პროდუქციასაც, რომელიც Amazon-ის შემდეგ სამიზნედ იქცა. ფილმების მოყვარულს, წიგნებისა და მუსიკის მსგავსად მილიონობით გადაღებული ფილმიდან ნებისმიერის შეძენა აინტერესებს, ასეთ არჩევანს ვერცერთი ვიდეოთეკა ვერ დაიტევს. აქაც ინტერნეტ მაღაზია გამარჯვებული აღმოჩნდა.
თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ, Amazon-ის ასორტიმენტში ჩნდებოდნენ ახალი პროდუქტები, რომლებით ვაჭრობისთვისაც მაღაზია საგულდაგულოდ ემზადებოდა, მცირედან მსხვილისკენ, მარტივიდან რთულისკენ, იაფიდან ძვირისკენ. საბოლოო ჯამში, ამაზონი იქცა მაღაზიად, რომელშიც ყველაფრის ყიდვა შეიძლება. ჯეფ ბეზოსი კი – ადამიანად, რომელსაც ყველაფრის ყიდვა შეუძლია. იგი 2020 წლის ზაფხულის მდგომარეობით დაახლოებით 150 მილიარდ დოლარს ფლობს ზუსტად იმ ბიზნესით, რომელიც ოცდახუთიოდე წლის წინ საკუთარი ავტოფარეხიდან პირველი წიგნის გაყიდვით დაიწყო.
მასალა (ციტირების ჩათვლით) ეფუძნება პიტერ ტილის მიერ სტარტაპ ინდუსტრიის შესახებ წაკითხულ კურსს სტენფორდის უნივერსიტეტში.