ქალის როლი საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში დიდი ხანია დისკუსიის თემაა. რაც უფრო მაღლა იწევს ცნობიერების დონე, მით უფრო ერთმნიშვნელოვანი ხდება კაცის და ქალის თანასწორობის საკითხი. რაც უფრო პროგრესულად მოაზროვნეა საზოგადოება, მით უფრო ცხადია მასში ქალის შესაძლებლობებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება. ქართულ რეალობაშიც თანდათან იმსხვრევა სტერეოტიპული დამოკიდებულება ქალის, როგორც სუსტი სქესის მიმართ და მისი ფუნქციები სამზარეულოდან სწრაფად ფართოვდება პოლიტიკური, კულტურული თუ ეკონომიკური აქტივობების მიმართულებებით.
განსაკუთრებით კარგი ძვრები შეინიშნება ბიზნესის სფეროში, სადაც კიდევ და კიდევ მეტ ქალ მეწარმეს ვხვდებით საინტერესო ბიზნეს იდეებით.
აქამდე ქალები შედარებით ნაკლებად იყვნენ ჩართული სამეწარმეო საქმიანობაში, რაც არაერთი მიზეზით არის განპირობებული:
ოჯახში და შვილების აღზრდის საკითხში ქალის აუცილებელ ჩართულობას თუ არ გავითვალისწინებთ, რაც მას ავტომატურად გამორიცხავს მთელი რიგი პროცესებიდან, ამის მიღმაც შრომის ბაზრის ანალიზისას დავინახავთ, რომ ჯერ კიდევ იგრძნობა დისკრიმინაციული დამოკიდებულება ქალების მიმართ და პატრიარქალური ნორმების გავლენა ჩვენს საზოგადოებრივ ცნობიერებაზე. ბიზნეს სექტორში მომუშავე ქალთა რიცხვი გასულ წელს 314 ათასს, კაცების კი 430 ათასს შეადგენდა. დისბალანსი გვაქვს ხელფასებშიც. ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასის 68 პროცენტს წარმოადგენს. სახელფასო სხვაობა ბიზნეს სექტორში საშუალოდ 500 ლარია კაცების სასარგებლოდ. ქალები შედარებით ნაკლებად არიან წარმოდგენილი მენეჯერულ პოზიციებზეც*.
ამას ემატება ქალისთვის უძრავ ქონებაზე ნაკლები წვდომა. საქართველოში მართალია შვილები (ქალი და კაცი) თანაბარი რიგის მემკვიდრეები არიან კანონმდებლობის მიხედვით, თუმცა არსებული პატრიარქალური შეხედულებების გამო უმეტესად მაინც ვაჟი მიიჩნევა უპირატეს მემკვიდრედ, განსაკუთრებით როცა საქმე უძრავ ქონებას და მიწას ეხება. ეს კი ქალებს დამოუკიდებლად მოქმედების, სერიოზული ფინანსური გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების და ეკონომიურად გაძლიერების შანსებს უზღუდავს. ამის დასტურია სტატისტიკური მონაცემებიც, რომლის თანახმად ბიზნესის დამფუძნებელი კაცების რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება (58%) ბიზნესის მეპატრონე ქალების რიცხვს (29%).
თუმცა ამ უთანასწორობის მიუხედავად მაინც მზარდი ტენდენციაა ქალების ბიზნესში ჩართულობის მიმართულებით. ზემოხსენებული პრობლემები თუ ბევრისთვის დაბრკოლებას და დემოტივაციის წყაროს წარმოადგენს, ბევრი ქალბატონისთვის პირიქით, გამოწვევაა, რომელსაც შემართებით ეკიდება, საკუთარ შანსად აქცევს და ბიზნესს უყურებს როგორც პირადი შემოსავლის გაჩენის, დამოუკიდებლად არსებობის, პირად ინტერესებზე მორგებული საქმის კეთების, თვითრეალიზების, საკუთარი დროის და ინტელექტუალური რესურსების დამოუკიდებლად განკარგვის თუ კონტროლის და სუსტი სქესისადმი უსამართლო დამოკიდებულების გაპროტესტების საშუალებას და საკმაოდ ეფექტურადაც ართმევს თავს ამ პასუხისმგებლობას. მაგრამ მარტო ეს შემართება არ წარმოადგენს ქალის ბიზნესში წარმატების ძირითად მიზეზს. მას ბევრი ქალური თვისებაც უწყობს ხელს, რომელიც კაცისგან განსხვავებით უპირატეს პოზიციაში აყენებს და მთელ რიგ მმართველობით პროცესებს უმარტივებს. გავეცნოთ ზოგიერთ მათგანს:
- ემპათია
«მუნჯის ენა დედამ იცის». ქალი ფლობს უნარს, მიხვდეს რა სურს მის მცირეწლოვან შვილს, რომელსაც ჯერ ენა არ ამოუდგამს, იგრძნოს მისი საჭიროებები, სურვილები, ტკივილები, პრობლემები, მოლოდინები. ამ უნარს ის ეფექტურად იყენებს თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან თუ ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობაშიც. ამიტომაც არის, რომ HR, გაყიდვების და სოციალური მომსახურების სპეციალისტებს შორის ქალები დომინირებენ. მათ შეუძლიათ სხვების პერსპექტივიდან ფაქტების დანახვა, სხვისი ფიქრების ამოკითხვა და მათი ქმედების მოტივების ამოცნობა.
- მოქნილობა
«მრავალი ხელის პრინციპი». ქალი, რომელიც სახლში რამდენიმე საქმეს ერთდროულად უძღვება და კონცენტრაციას მრავალი მიმართულებით ანაწილებს, ბიზნეს სივრცეშიც მარტივად ახდენს ლავირებას რამდენიმე საქმეს შორის.
- დისციპლინა
ოჯახის საშინაო და საგარეო საქმეებთან გამკლავება, შვილების მოვლა, მათ ჯანმრთელობაზე, მენტალურ და ფიზიკურ განვითარებაზე ზრუნვა დედის დისციპლინირებულ, ორგანიზებულ და თანმიმდევრულ ქმედებას მოითხოვს და ამ უნარებს ავითარებს ქალში. განსხვავებით კაცისგან, რომელიც უფრო იმპულსური და სპონტანური ქმედებებით ხასიათდება. ქალის ეს თვისებები კი ავტომატურად თავს იჩენს ბიზნესშიც.
- ინტუიცია
ყველასთვის ცნობილია, რომ ქალში ინტუიცია უფრო განვითარებულია, ვიდრე მამაკაცში, რაც ქალებს მოვლენების წინასწარ განჭვრეტის შესაძლებლობას აძლევს. ეს უნარი ბიზნეს საქმიანობაში მნიშვნელოვანი ბონუსია
- ამტანობა
ქალი, რომელმაც უნდა გაუძლოს მშობიარობის ტკივილს, ძუძუთი კვების და სხვა ქალურ დისკომფორტებს, ევოლუციურად უფრო ამტან არსებად ყალიბდება. ეს უნარი კი ეხმარება მას ბიზნესში დატვირთვასა და სტრესთან გამკლავებაში.
- ჰარმონიულობა
ხშირად ქალის ერთ – ერთ ძირითად ფუნქციათაგან ოჯახში ჰარმონიის შექმნა სახელდება. ქალიც ეჩვევა მისადმი წაყენებულ ამ მოლოდინებს და მისი ეს ჰარმონიულობისადმი სწრაფვა ყველა საქმიანობაში გადააქვს. მათ შორის ბიზნეს ურთიერთობებშიც.
- ნაკლები იერარქიულობა
რაკი ქალს კაცობრიობის გასული ისტორიის განმავლობაში ხშირად უწევდა იერარქიულად დაბალ პოზიციაზე დგომა, ესმის, რა განცდებთან და უარყოფით ეფექტებთანაა ეს დაკავშირებული. ამიტომ ის ნაკლებ მიისწრაფვის იერარქიისკენ კაცისგან განსხვავებით და უფრო ღიაა განსხვავებული აზრისა და კონსტრუქციული კრიტიკისადმი თუნდაც მასზე დაბალი რანგის თანამშრომლების მხრიდან. ეს კი უფრო მეტ კეთილგანწყობას აჩენს მისი მმართველობის მიმართ.
- გუნდურობა
ქალი, რომელიც ოჯახის წევრებს შორის როლებს ეფექტურად ანაწილებს და უმეტესად «ოჯახის გუნდში» უწევს მოქმედება, მიჩვეულია გუნდური მუშაობის პრინციპებს და ამ მიმართულების სირთულეებს კაცისგან განსხვავებით დრამატულად არ აღიქვამს.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ თვისებებისა, რომელიც ქალს ლიდერად და ბიზნესის სანდო მმართველად აყალიბებს. სწორედ ასეთ ძლიერ ქალ ბიზნესმენებს (და არა მხოლოდ) უყრის თავს BPN Georgia – ს ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა, სადაც მრავალი კვალიფიციური რჩევის მიღება თუ ბიზნეს იდეების გაზიარება/განხილვაა შესაძლებელი.
პროგრამაში ჩართულ ქალთა ინტერესის სფეროები მრავალფეროვანია და მოიცავს ჩირის წარმოებას (კომპანია „ჩირიფრუტი“), კოსმეტიკურ ნაწარმს (კომპანიები „ჰერამი“ და „ელასტია“), ბუღალტრულ მომსახურებას (კომპანია FAS Group), შოკოლადის წარმოებას (კომპანიები „ლალისია“ და „ჩოკომია“), გამომცემლობას (კომპანია „წიგნიერი“), ღვინის წარმოებას (კომპანია „მადამვაინი“), ტურისტულ მომსახურებას (კომპანია „Violet Ways“), თაფლის წარმოებას (კომპანია „ჰანინო“), ენების შემსწავლელ სკოლას (კომპანია „Innovative Language Academy“), სტომატოლოგიურ კლინიკას (კომპანია „ჰებე“), სამკერვალო საქმიანობას (კომპანიები „ბატისტა“ და „სომა ქიდს“), სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალს (კომპანია „ჟოლო“), ლანდშაფტის დიზაინს (კომპანია „Green Art Georgia“), სოციალურ მეწარმეობას (კომპანია „პირველი სოციალური საწარმო“), სასტუმროს ბიზნესებს (სასტუმროები „Rima’s Home“, „Sunset Terrace“, „Dali’s Guest House“, „Hermes“, „Kiparisi“, „Ushba“ ) და უამრავ სხვას.
ყველა ამ ბიზნესის დამფუძნებელ ქალბატონს აერთიანებს ერთი იდეა: დაამსხვრიოს ქალის, როგორც სუსტი სქესის ირგვლივ არსებული ყველა მცდარი სტერეოტიპი, შექმნას ქვეყნისთვის დამატებითი ღირებულება, ხელი შეუწყოს უმუშევრობის დაძლევას და უბრალოდ უჩვენოს ყველას, რომ ქალისთვის შეუძლებელი არაფერია.
სამაგალითო ქალბატონებო, გილოცავთ თქვენს დღეს – 8 მარტს!
* ინფორმაცია აღებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მონაცემებიდან