«შეიცან თავი შენი» სოკრატე
ყველა ადამიანს ერთი განსაკუთრებული მისია აერთიანებს: შეიცნოს საკუთარი არსი.
საკუთარი თავის ძიება არც ისე მარტივი და ხანმოკლე პროცესია, რადგან ის საკუთარი პერსონის მრავალი ჭრილიდან დანახვას გულისხმობს.
თვითშემეცნება ხასიათის, ჩვევების, ქცევის ფორმების, ფიქრების, მისწრაფებების, სურვილების ანალიზის შედეგია და ეს დაუსრულებელი პროცესია. რადგან ერთის მხრივ ის სოციუმი თუ გარემოებები, რომელიც ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე და მისი ხასიათის, ფიქრების და ქცევების ფორმირებაზე გარკვეულწილად გავლენას ახდენს, მუდმივად ცვალებადია და მეორე მხრივ ხასიათის ის თვისებები, რაც ჩვენშია ჩადებული, არა ერთდროულად, არამედ სიტუაციურად ვლინდება. ანუ თითოეულ ჩვენგანს სჭირდება დრო და მრავალფეროვანი სიტუაციები საკუთარი თავის შესაცნობად. მაგ. რთულია შეატყო თავს ეჭვიანობა, სანამ მაპროვოცირებელი მომენტები არ დადგება. ან პესიმიზმი, როცა ცხოვრებას რაღაც ეტაპამდე ამის საბაბი არ მოუცია. თუმცა ყოველი ახალი ეტაპი და ახლად გამოვლენილი, გაცნობიერებული თვისება თუ ქცევა ჩვენს თვითშემეცნებას და იმის გაგებას ემსახურება, თუ რას წარმოვადგენთ, რა გვსურს სინამდვილეში, რისკენ მივესწრაფით, რა არის ჩვენი როლი და მოწოდება და შესაბამისად ლოდინად ღირს. თვითშემეცნების შემდეგ უფრო მარტივდება ოცნებების თუ მიზნების ფორმულირება და შესრულება, და რაც ყველაზე მთავარია – ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, რადგან საკუთარი პიროვნების ანალიზით ვსწავლობთ სხვა, მინიმუმ მსგავსი პიროვნების ტიპის ანალიზსაც, ეს კი გვიადვილებს ურთიერთობებს, აჩენს ჩვენში ემპათიას და გვხდის უფრო ჰუმანურს და შეგნებულს. ასე რომ სხვა ადამიანის გაცნობიერებაც საკუთარი თავის გაცნობიერებით იწყება.
ჩვენს საუკუნეში საზოგადოების განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო პოპულარული ხდება ფსიქოლოგიის დარგი. აბრაამ მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საზოგადოება თუ ინდივიდი მისი განვითარების ყოველ შემდგომ საფეხურზე გადასვლით უფრო და უფრო უახლოვდება მდგომარეობას, როცა აღარ აკმაყოფილებს მხოლოდ საკვებზე, თავშესაფარზე, უსაფრთხოებასა თუ სოციალურ ურთიერთობებზე ფიქრი, არამედ სურს საკუთარი თავის თვითრეალიზება, რის უპირობო წინაპირობასაც საკუთარი თავის შეცნობა წარმოადგენს.
თვითშემეცნებისთვის თუ სხვა ადამიანების შეცნობისთვის და მათთან ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია ადამიანის ფსიქოტიპის განსაზღვრა.
მართალია ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, თავისი უნიკალური ხასიათით და თვისებებით, მაგრამ ადამიანებს შორის არის გარკვეული მსგავსებებიც და ეს მსგავსებები აერთიანებს მათ ჯგუფებად.
ფსიქოლოგიაში პიროვნების შესწავლის ან კატეგორიზაციის მრავალი მიდგომა არსებობს. ყველაზე ცნობილი ჰიპოკრატეს ოთხი ტემპერამენტის თეორიაა, რომლის მიხედვითაც ადამიანები იყოფიან სანგვინიკ, ქოლერიკ, ფლეგმატიკ და მელანქოლიკ ტიპაჟებად და თითოეული მათგანი აერთიანებს ადამიანებს ამ ტიპაჟისთვის დამახასიათებელი თვისებებით და ქცევის ფორმებით.
ჰიპოკრატეს კლასიფიკაციისგან შორს არ დგას ამერიკელი ფსიქოლოგის ვილიამ მოლტონ მარსტონის მიერ შემუშავებული არანაკლებ საინტერესო პიროვნების პროფილის მოდელი, სადაც ის ასევე ოთხი განსხვავებული ტიპის ქცევას/ხასიათს აღწერს და ითვალისწინებს ქცევის ისეთ პოლუსებს, როგორიცაა ერთის მხრივ ექსტროვერტული და ინტროვერტული ქცევა და მეორეს მხრივ ადამიანებზე ორიენტირებული და ამოცანების შესრულებაზე ორიენტირებული ქცევა. პიროვნების ოთხი ტიპი შედარებულია ისეთ არსებებთან, როგორიცაა: არწივი, მაიმუნი, ფუტკარი და პანდა.
ექსტროვერტ და ინტროვერტ ადამიანებს შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, ადამიანი განმარტოებით, თავისთვის ყოფნას ამჯობინებს თუ სხვების გარემოცვას.
მეორე განზომილება კი განიხილავს იმ საკითხს, პიროვნება უფრო დავალებებზეა ორიენტირებული თუ ურთიერთობებზე.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით არსებობს პიროვნების ოთხი ტიპი:
• არწივი – ექტროვერტული და ამოცანებზე ორიენტირებული ქცევა
• მაიმუნი – ექტროვერტული და ადამიანებზე ორიენტირებული ქცევა
• პანდა – ინტროვერტული და ადამიანებზე ორიენტირებული ქცევა
• ფუტკარი – ინტროვერტული და დავალებებზე ორიენტირებული ქცევა
იხილეთ თითოეული ტიპის მოკლე დახასიათება მეტწილად მათი ძლიერი მხარეების გათვალისწინებით.
პიროვნების ტიპი, იგივე ტემპერამენტი, რომელიც ჩვენს ბიოლოგიურ ფუნდამენტს წარმოადგენს, არის განპირობებული ფიზიოლოგიურად და გენეტიკურად, თუმცა მცირედ მოდიფიკაციას სოციუმის გავლენითაც განიცდის.
გამორიცხული არაა, რომე ერთ პიროვნებაში რამდენიმე ტემპერამენტისთვის დამახასიათებელი თვისებები იყოს თავმოყრილი, თუმცა მათ შორის როგორც წესი ერთი დომინირებს. სხვები კი მეტ – ნაკლები ინტენსივობითაა წარმოდგენილი.
პიროვნების ტიპების შესწავლა როგორც აღვნიშნეთ თვითშემეცნებასთან ერთად ხელს უწყობს ადამიანებს შორის ურთიერთობის პროცესსაც, რადგან სწორედ ჩვენი პიროვნების პროფილი განსაზღვრავს ჩვენს დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან, მომხმარებლებთან, დროსთან, საქმესთან, ამოცანებთან, მიზნებთან და სხვა. ამიტომ ამ ცოდნის ეფექტურად გადატანა ხდება როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამსახურეობრივ პროცესებში და ბიზნესში.
თუ გსურთ გაიგოთ, როგორია თქვენი ფსიქოლოგიური პორტრეტი, შეავსეთ ჩვენი პიროვნების პროფილი აქ!
ხოლო თუ გსურთ გაიგოთ, რა ნაკლი და ურთიერთობის სირთულეები ახასიათებს თქვენი პიროვნების ტიპს ან როგორ გამოიყენოთ ამ თემის ირგვლივ მიღებული ინფორმაციები მომხმარებლებთან, კოლეგებთან, მმართველებთან, სამსახურეობრივ პარტნიორებთან თუ პირად ურთიერთობებში, შემოგვიერთდით! ჩვენ გიამბობთ უფრო მეტს თქვენზე!
* სოკრატე – ძველი წელთაღრიცხვის ბერძენი ფილოსოფოსი
* ჰიპოკრატე – ძველი წელთაღრიცხვის ბერძენი ექიმი და პედაგოგი