ფენიქსის ეფექტი
როგორ იქცევა გაურკვევლობა რეალურ ძალად
ნათია სხვიტარიძემ საკუთარი საფინანსო კომპანია პანდემიის პერიოდში დააარსა – ახლა კი თამამ ნაბიჯს დგავს და ამერიკის შეერთებულ შტატებში გასვლას აპირებს.
საუბარი გამბედაობაზე, კულტურასა და შინაგან ძალაზე – და იმ კომბინაციაზე, რომელიც საჭიროა მდგრადი წარმატებისთვის.
ინტერვიუ. კლაუდია გაბლერი
Ladies Drive: ნათია, საკუთარ თავს „ციფრების ადამიანს“ უწოდებდით?
ნათია სხვიტარიძე: აბსოლუტურად! სიზუსტე, სტრუქტურა და სიცხადე ადრეული ასაკიდანვე მხიბლავდა. ციფრები არ ტყუიან – ისინი საიმედო საფუძველს ქმნიან მკაფიო დაგეგმვისა და დასაბუთებული გადაწყვეტილებებისთვის.
ადრეული ასაკიდანვე მოგიწიათ მოქნილობის გამოვლენა?
ცხადია, კი! ფინანსურ და ბუღალტრულ სამყაროში – როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე – ბევრი გამოწვევაა, განსაკუთრებით ქალებისთვის. მართალია, საქართველოში ბუღალტერთა უმრავლესობა ქალია, მაგრამ ფინანსურ სფეროში სტრატეგიული ან წამყვანი როლები ხშირად მაინც მამაკაცებს უკავიათ. ბევრი ვიმუშავე იმისთვის, რომ ეს მოძველებული სტერეოტიპები დამემსხვრია. მომთხოვნი პროფესიისა და ოჯახური ცხოვრების შეთავსებაც დიდ მოქნილობას მოითხოვდა. თუმცა, ყოველმა დაბრკოლებამ უფრო მდგრადი გამხადა, გააძლიერა ჩემი ადაპტაციის უნარი და საბოლოოდ ხელი შეუწყო ჩემი ლიდერული თვისებების გამოვლენას.
რას ნიშნავს მოქნილობა და უსაფრთხოება ქართულ კონტექსტში? არსებობს აქ კულტურული განსხვავებები?
საქართველოში მოქნილობა ხშირად ნიშნავს გაუმკლავდე გაურკვევლობას – იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური არასტაბილურობა და ამავე დროს შეინარჩუნო ფოკუსი და გამძლეობა. უსაფრთხოების მიღწევა კი უფრო რთულია, განსაკუთრებით სამუშაო გარემოში. დიდ ბრიტანეთში, სადაც ვსწავლობდი და ვმუშაობდი, შრომითი უფლებები და პირადი თავისუფლება ინსტიტუციურად უკეთ არის დაცული. საქართველოში გაცილებით მეტი ძალისხმევა და შეუპოვრობაა საჭირო ჯანსაღი კორპორაციული კულტურის შესაქმნელად. მე ვამაყობ, რომ FAS Group-ში ჩვენ შევძელით ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა, რომელიც ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს შეესაბამება.
რისი სწავლა შეუძლია ორივე კულტურას ერთმანეთისგან?
საქართველო ცხოვრობს გულით, სითბოთი, სტუმართმოყვარეობითა და ადამიანური სიახლოვით, რაც როგორც პირად, ისე პროფესიულ ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს. ევროპისგან კი შეგვიძლია ვისწავლოთ სტრუქტურა, საიმედოობა და გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვა. ვფიქრობ, რომ ემოციური ინტელექტისა და ოპერაციული დისციპლინის კომბინაცია მდგრადი წარმატების გასაღებია.
კომპანია პანდემიის დროს დააარსეთ და ამისთვის უარი თქვით უსაფრთხო, მაღალანაზღაურებად სამსახურზე, საიდან მოიკრიბეთ ეს გამბედაობა?
უკან რომ ვიხედები, ეს მართლაც გაბედული ნაბიჯი იყო, მაგრამ ისეთი, რომელიც სწორად მეჩვენებოდა. დიდი ხნის განმავლობაში მქონდა სურვილი, საკუთარი საქმე გამეკეთებინა, თუმცა სწორი მომენტი არასოდეს დგებოდა. როდესაც პანდემიამ მსოფლიო შეძრა, ეს, პარადოქსია, მაგრამ ჩემი მამოძრავებელი ძალა გახდა: საკუთარ თავს ვკითხე: „თუ არა ახლა, მაშინ როდის?“ ეს იყო ნახტომი რაღაც უცნობში, რომელსაც საფუძვლად ედო დიდი ხნის ოცნება და რწმენა, რომ გამოწვევებში ხშირად უდიდესი შესაძლებლობები იმალება.
როგორი იყო თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება დღემდე?
ყველაზე ღირებული გაკვეთილი იყო: გწამდეს საკუთარი თავის – განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვებს არ სჯერათ შენი. ოცნებები ხშირად არარეალურად გვეჩვენება, სანამ რეალობად იქცევიან. ასევე: მარტო ვერაფერს მიაღწევ. წარმატება გუნდური სპორტია. სწორი ადამიანები შენს გვერდით, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარი ამბიცია.
სად გსურთ, რომ თქვენი კომპანია ათი წლის შემდეგ იყოს?
ჯერ კიდევ 2025 წლის ბოლომდე, მსურს FAS Group-ის აშშ-ის ფილიალი გავხსნა. ამაზე უკვე აქტიურად ვმუშაობთ. გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩემს კომპანიას ვხედავ, როგორც აღიარებულ მომწოდებელს მაღალი ხარისხის ფინანსური მომსახურებისა და ინოვაციური ციფრული გადაწყვეტილებების სფეროში – როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში.
რა როლს თამაშობს თქვენთვის შვეიცარიული ფონდი BPN Georgia ?
BPN Georgia შესანიშნავი პარტნიორი იყო – განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. მცირე საწარმოებისთვის უზომოდ ღირებულია, გყავდეს გვერდით ისეთი სანდო ორგანიზაცია, რომელიც მენტორობას, რჩევებს გთავაზობს და გაძლევს სტიმულს. ამ მხარდაჭერამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენს განვითარებაში.
თქვენი სამი რჩევა, როგორ მოვიპოვოთ სტაბილურობა მოქნილობის საშუალებით გაურკვევლობის დროს?
1. იყავით თქვენი საქმის პროფესიონალები – იცნობდეთ თქვენს სფეროს საფუძვლიანად
2. შექმენით ძლიერი გუნდი – შემოიკრიბეთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ენდობით და რომლებსაც სჯერათ თქვენი ხედვის.
3. გწამდეთ საკუთარი თავის – მაშინაც კი, როდესაც რთული დრო დადგება. ურყევი თავდაჯერებულობა ამბიციას რეალობად აქცევს.