კითხვაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს მამოტივირებელი სამუშაო გარემო, სხვადასხვა თანამშრომელი სხვადასხვაგვარად გიპასუხებთ, რადგან ყოველ მათგანს აქვს ინდივიდუალური ძლიერი და სუსტი მხარეები და თავს მაშინ გრძნობს მოტივირებულად, როცა ძლიერი მხარეების ოპტიმალურად გამოყენებას ახერხებს. მმართველისთვის ეს ნიშნავს, იცნობდეს საკუთარ თანამშრომლებს კარგად და იცოდეს, რა მოტივები ამოძრავებთ მათ.
ამ საკითხში მეტი სიცხადის შეტანაში დაგვეხმარება პიროვნების პროფილი. მსგავსი პროფილების უმეტესობა ქცევის ოთხ ძირითად სტილს განიხილავს და შედგება ისეთი ურთიერთსაპირისპირო პოლუსებისგან, როგორიცაა ექსტროვერტული და ინტროვერტული და ადამიანებზე ორიენტირებული და დავალებებზე ორიენტირებული ქცევა.
ინტროვერტი თანამშრომლები გუნდში მეტწილად ჩრდილში დგომით გამოირჩევიან. მათ აღიქვამენ მოკრძალებულად და ჩაკეტილად, რადგან მშვიდ აქტივობებს ამჯობინებენ განმარტოებით ან მცირე ჯგუფებში. ექსტროვერტი ადამიანები კი პირიქით, ითვლებიან კომუნიკაბელურად, სოციალურად და მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა.
დავალებებზე ორიენტირებული ადამიანები მუშაობენ შედეგზე ორიენტირებულად. მათთვის მთავარია ციფრები, მონაცემები და ფაქტები. ადამიანებზე ორიენტირებული თანამშრომლები კი ემოციურნი არიან. სხვა ადამიანებთან ურთიერთობებსა და მათ მოთხოვნილებებს წინა პლანზე აყენებენ და შესაბამისად ხშირად იმპულსურადაც მოქმედებენ.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით არსებობს პიროვნების ოთხი ტიპი:
- დომინანტი პიროვნების ტიპი – ახასიათებს ექტროვერტული და დავალებებზე ორიენტირებული ქმედება
- ინიციატორი პიროვნების ტიპი – ახასიათებს ექტროვერტული და ადამიანებზე ორიენტირებული ქმედება
- სტაბილური პიროვნების ტიპი – ახასიათებს ინტროვერტული და ადამიანებზე ორიენტირებული ქმედება
- კეთილსინდისიერი პიროვნების ტიპი – ახასიათებს ინტროვერტული და დავალებებზე ორიენტირებული ქმედება
იშვიათია შემთხვევა, რომ ადამიანში რომელიმე კონკრეტული ტიპი იყოს გამოკვეთილი. თითოეული ადამიანი ოთხივე პიროვნების ტიპის მახასიათებლებს ატარებს სხვადასხვა ინტენსივობით. აქედან გამომდინარეა, რომ სხვადასხვა თანამშრომელი სხვადასხვა მოტივატორზე რეაგირებს.
თანამშრომელი დომინანტური პიროვნების ტიპაჟით ისახავს შორსმიმავალ მიზნებს. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და გარემოცვის კონტროლი. თქვენ, როგორც მმართველს ასეთი კადრის მოტივირება შეგიძლიათ მრავალფეროვანი, საპასუხისმგებლო ამოცანებით და გამოწვევებით სავსე სამუშაო გარემოს შექმნით. მას უყვარს შეჯიბრი და სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს. მას მოტივაციას უკლავს რეგულაციები და წინასწარ განსაზღვრული სამუშაო გარემო.
თანამშრომელი ინიციატორი პიროვნების ტიპაჟით სიამოვნებით მუშაობს გუნდში სხვებთან ერთად. მისთვის მამოტივირებელია სამუშაო გარემო ახალი კონტაქტების დამყარების პერსპექტივით. ის ღია და ოპტიმისტურია და აზრებს და გრძნობებს ხმამაღლა გამოხატავს. მას უყვარს გუნდური სამუშაოები. მმართველისგან მოელის მყისიერ ხმამაღალ სიტყვიერ შექებას ფრაზებით «ყოჩაღ! კარგად გამოგივიდა!». მისი მოტივაციის მტერია შეზღუდვები და ვადები, დროის გეგმები და რუტინული დავალებები. ასევე ამოცანები, რომლებიც სრული სიზუსტით უნდა შესრულდეს.
თანამშრომელი სტაბილური პიროვნების ტიპაჟით უპირატესობას ანიჭებს სამუშაო გარემოს, სადაც კონსტრუქციულ მუშაობას შეძლებს ყველასთან და ზუსტად იცის, რას ელიან მისგან. მას სურს ხელმძღვანელის და თანამშრომლების მხარდაჭერა. ის თავს არიდებს დიდ ცვლილებებს და მიისწრაფვის სტაბილური და ჰარმონიული სამუშაო გარემოსკენ. მისთვის მამოტივირებელი ძალაა გამხნევება და ერთგულებისა და კარგად შესრულებული სამუშაოსთვის აღიარება. მისი როლი ძალიან ჰგავს გუნდის მმართველის როლს: შექმნას ორგანიზებული, პროგნოზირებადი სამუშაო გარემო. ის ასევე მომთმენი მსმენელია.
თანამშრომელი კეთილსინდისიერი პიროვნების ტიპაჟით მიისწრაფვის სრულყოფისკენ. ის სისტემატიურია, გეგმავს მომავლის გათვლებით და აანალიზებს სიტუაციებს. თქვენ, როგორც მმათველს შეგიძლიათ ასეთი კადრის მოტივირება შექებით, როელიც ხარისხობრივად და ზუსტად შესრულებული დავალებისთვის დაიმსახურა. მას მოტივაციას უკარგავს ინფორმაციის ან დროის ნაკლებობა გადაწყვეტილებების მისაღებად და საქმის მაღალ ხარისხობრივ დონეზე შესასრულებლად. მისი ცოდნის წყურვილისა და ხარისხზე ორიენტირებულობის გვერდით ის გამოირჩევა დიპლომატიურობითაც, თუმცა უჭირს მკაცრი მიდგომების შერბილება საკუთარი თავისა და სხვების მიმართ.
ფლობთ მოტივაციის ენას თანამშრომლებთან ურთიერთობისთვის? სთავაზობთ მათ მათზე მორგებულ სამოტივაციო სტიმულებს? გსურთ შეისწავლოთ საკუთარი თავი და თანამშრომლები პიროვნების პროფილის დახმარებით?
ეწვიეთ ჩვენს ვებინარს თემაზე «HR – თანამშრომელთა მართვა და მოტივირება»:
დაგვიკავშირდით ნომერზე 599 879341, ფეისბუქით www.facebook.com/bpngeorgia/ ან ელ. ფოსტით info@bpngeorgia.ge
*ავტორი danielmatter