12/03/2021

მოკლედ: რიჩარდ ბრანსონი

Richard Branson

Nino PNG.png  ავტორი: ნინო მამადაშვილი 

რიჩარდ ბრანსონი ( 1950 - ).  ბრიტანელი ბიზნეს მაგნატი და ფილანტროპისტი. კომპანია ,,Virgin“- ის დამფუძნებელი. აერთიანებს ბევრ სხვადასხვა ბიზნეს სექტორს მსოფლიოს 30 ქვეყანაში. 16 წლის ასაკში მიატოვა სკოლა დისლექსიის მიზეზით. ბიზნესის კეთება დაიწყო მუსიკალური ფირფიტების გაყიდვით. მოგვიანებით დააარსა მსოფლიოში ერთ - ერთი საუკეთესო ხმის ჩამწერი სტუდია Virgin Records და თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ჯგუფებთან, როგორიცაა როლინგ სტოუნზი, ჯენესიზი და სხვა. 

მუსიკალური ინდუსტრიიდან ბიზნესი გააფართოვა კავშირგაბმულობის (Virgin Mobile), რკინიგზის (Virgin Rail Group) და ავიახაზების (Virgin Atlantic Airlines) მიმართულებებით. მისი ერთ - ერთი ბოლო და წარმატებული წამოწყება კოსმოსური ტურიზმია (Virgin Galactic), რომლის იდეაცაა მომავალში მსურველების გამგზავრება კოსმოსში ხელმისაწვდომ ფასად.

ბრენსონი აქტიურადაა ჩართული გარემოს დაცვის, განახლებადი ენერგიების წარმოების, შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა კამპანიებში.  ეწევა სპორტული ცხოვრების პროპაგანდას და ცნობილია ისეთი რეკორდებით, როგორიცაა ოკეანეების გადალახვა საჰაერო ბურთით და სხვა.

1999 წელს მას მეწარმეობაში შეტანილი წვლილისთვის რაინდის წოდება მიენიჭა.

ბრენსონის ბიოგრაფია მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ის არასოდეს სჯერდება მიღწეულს და მუდმივად ახალ მიზნებს უსახავს თავს. დივერსიფიცირებული ბიზნესების მიუხედავად საკმაოდ ეფექტურად უძღვება რამდენიმე კომპანიას და საკუთარ წარმატებაში თანამშრომლების ფაქტორს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ის არც თუ უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რომ თანამშრომელთა კეთილდღეობა პირდაპირ კავშირშია ბიზნესის კეთილდღეობასთან. რაც უფრო კმაყოფილია თანამშრომელი სამუშაო გარემოთი, სამუშაო კლიმატით, მისდამი სწორი და სამართლიანი დამოკიდებულებით, მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით და მისი როლის და წვლილის აღიარებით, მით უფრო მოტივირებული, პირად და კომპანიის განვითარებაზე ორიენტირებული, შედეგზე ორიენტირებული და ეფექტური მუშაობის სტილით გამოირჩევა. ამიტომ თუ გვსურს ვაკეთოთ ბიზნესი კარგად, გვქონდეს წარმატება და გვყავდეს კმაყოფილი მომხმარებელი, უნდა დავიწყოთ თანამშრომლებთან ურთიერთობის დალაგებით, მათი დაფასებით, მათ განვითარებაზე ზრუნვით და მათდამი მადლიერების გრძნობით.  

« უკან
1963
Login