22/01/2022

როგორ ამოვიდეთ ვალებიდან

free from debt

Nino PNG.png  ავტორი: ნინო მამადაშვილი 

«ბედნიერია ის, ვინც ჯანმრთელია. მდიდარია ის, ვინც ვალების გარეშე ცხოვრობს»

ეს ჩინური სიბრძნე ალბათ საკმარისი იქნებოდა იმ მიზეზის დასადგენად, თუ რატომ არ დგას საქართველო მოსახლეობის ბედნიერების თუ დოვლათის მაღალი კოეფიციენტით წამყვანი ქვეყნების სიაში.
ძნელად შეხვდებით ქართულ რეალობაში ოჯახს დავალიანების გარეშე. ჭარბი ვალი სიდუხჭირეს, მუდმივ სტრესს და შესაბამისად ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს.
საიდან იღებს სათავეს ეს პრობლემა, რომელიც წლებია ქვეყნის მოსახლეობის ერთ - ერთ მთავარ გამოწვევად რჩება?
მიზეზების ძიებას თუ დავიწყებთ, ერთი შეხედვით ალბათ გაუთვალისწინებლად შექმნილ გამოუვალ სიტუაციას, მოულოდნელ უმუშევრობას, ჯანმრთელობის უეცარ პრობლემას, უბედურ შემთხვევას ან სხვა მსგავს სოციალურ გარემოებას დავასახელებთ, მაგრამ სიღრმეებში თუ ჩავალთ, დავინახავთ, რომ ვალები ხშირ შემთხვევაში ჩვენს არასწორ ჩვევებს და ცხოვრების სტილს უკავშირდება და თავადვე აღმოვჩნდებით საკუთარი ბედის თუ უბედობის მჭედელი.

ადამიანი პირადი წარმოდგენების, პრინციპების, მისწრაფებების, ცნობიერი თუ გაუცნობიერებელი ქცევების პროდუქტია და ამით აიხსნება, როგორ ახერხებს ზოგი ვალების გარეშე ცხოვრებას, ზოგი კი ვერასოდეს თავისუფლდება მათგან.

და მაინც, რა არის გაუთვალისწინებელი სიტუაციების მიღმა ის ფსიქოლოგიური მიზეზები, რაც ვალების მახეში გვაბამს?

  • მატერიალიზმი

ზოგიერთი ჩვენგანი თვითგამოხატვას, თვითკმაყოფილებას და ბედნიერებას მატერიალურ ნივთებში ხედავს. საიმიჯო სამოსის, აქსესუარების თუ სხვა ფუფუნების საგნების დანახვა ჩვენს ტვინს აღაგზნებს და დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მოსვენებას გვიკარგავს. ასე ვხდებით პოტენციურად ვალის ამღები და მატერიალური ამბიციების მსხვერპლი.  

  • დეპრესია

თუ საკუთარ თავს გამოვუტყდებით, ხშირად ჩვენი შენაძენი საჭიროებით კი არ არის მოტივირებული, არამედ ჩვენი ცხოვრებისეული იმედგაცრუებების, მარტოსულობის თუ დაბალი თვითშეფასების კომპენსაციაა. ჩაგვესმის შინაგანი ხმა: «ეს მაინც გქონდეს, სხვა არაფერში გაგიმართლა», «ამას მაინც ხომ იმსახურებ»...თუმცა ახალ შენაძენს ნუგეშის ნაცვლად ხშირად მხოლოდ დავალიანება მოაქვს.  

  • დაგეგმვის უგულებელყოფა

დაგეგმვა ბევრი ჩვენგანის ძლიერი მხარე ნამდვილად არ არის. როცა ვგეგმავთ ყოველ მნიშვნელოვან ქმედებას, ვხვდებით, სად როგორ შეგვიძლია გადავათამაშოთ თანხები  ვალის აუღებლად. სპონტანური ნაბიჯებით კი გაუთვალისწინებელი შემთხვევების და გაუთვალისწინებელი ვალების რიცხვს ვზრდით.

  • «ერთხელ მოვდივართ ცხოვრებაში»

ამ ფრაზით ბევრი ვამართლებთ საკუთარ  არარაციონალურ ნაბიჯებს. თითქოს ჩვენი «ამქვეყნად მხოლოდ ერთხელ მოვლინება» გარკვეული გამონაკლისების დაშვების უფლებას გვაძლევს. ამ გამონაკლისებს ხშირად ჩვენი ჯიბე ვერ ფარავს, თუმცა ვალის აღებაც თითქოს გამართლებულია «მხოლოდ ერთხელ» მოვლინების საკომპენსაციოდ.   

  • გადაჭარბებული ხელგაშლილობა

გავიხსენოთ რამდენჯერ მიგვიცია ახლობლებისთვის ჩვენი დროის თუ სხვა რესურსების გადამეტებულად გამოყენების უფლება, გვითხოვებია ნივთები და დაგვიბრუნებია დაზიანებული, შეკეთების ხარჯები კი თავად გაგვიწევია; თავის გამოჩენის ან მორიდების მიზნით არაერთგზის დაგვიპატიჟია ჩვენს ხარჯზე სხვები; გაგვიჩუქებია ნივთები, რომელიც თავადაც გვჭირდებოდა, რადგან თხოვნაზე უარი ვერ ვთქვით და სხვა. თუ მიამიტური ხელგაშლილობა ჩვენი  ხასიათის თვისებაა, დავფიქრდეთ, რამდენ თანხას ვკარგავთ წლების განმავლობაში ასეთ წვრილმანებში და როცა საქმე აუცილებელ საჭიროებაზე ან მნიშვნელოვან ინვესტიციაზე მიდგება, დანაზოგი არ გვაქვს, რადგან მას ჩვენი ნაივური ბუნების გამო ვერ მოვუყარეთ თავი.  გამოსავალს კი ახლა საკრედიტო ინსტიტუტებში ვეძებთ.

  • სხვისთვის აღებული სესხი

როცა მშობელი ხარ, ძნელია უთხრა საყვარელ შვილს უარი სხვადასხვა არარაციონალურ შენაძენზე, თუნდაც განვადებით. როცა მეუღლე ხარ, გულგრილად ვერ უყურებ, როგორ ახრჩობს აზარტული თამაშების ვალი შენს მეწყვილეს და მის გადასარჩენად ბანკს მიმართავ. როცა მეგობარი მოგადგება დახმარების თხოვნით, აიღო მის ნაცვლად კრედიტი, რადგან თავად დიდი ხანია შავ სიაშია, ძნელია თქვა «არა». და «სხვისი» ვალი უცბად «შენი» ვალიც ხდება.  

  • დაუდევრობა

ხშირად ახალი ნივთის, ავტომობილის და ა. შ. შეძენის აუცილებლობა მისი წინამორბედის დაუდევარი მოხმარების შედეგად დგება. თანხის არ არსებობის შემთხვევაში კი სესხის აღება გარდაუვალია.

  • მიმბაძველობა

რთულია იყო პასუხისმგებელი საკუთარ არჩევანზე, ქმედებებზე, მიზნებზე. ბევრად უფრო მარტივია, გააკეთო ის, რასაც აკეთებენ სხვები, იქცეოდე სხვისი ქცევებით, დაისახო სხვისი მიზნები იმის გაუაზრებლად, რომ სხვას თუ ეს ბუნებრივად გამოსდის, ჩვენ შესაძლოა ზედმეტი (ხშირად ფინანსური) ძალისხმევა დაგვჭირდეს და ვიღებთ სესხს იმის ღრმა რწმენით, რომ ჩვენც სხვებივით დავაბრუნებთ.

  • ინოვაციურობის სენი

ადამიანი ბუნებით ცნობისმოყვარე არსებაა. სწორედ ინოვაციების სენის დამსახურებაა, რომ ყოველ წელს ახალი მობილურის თუ სხვა თანამედროვე ნივთების შესაძენად ვეშურებით და გვავიწყდება, რომ განვადებაც ვალია.

  • ციფრების შიში

ბევრ ჩვენგანს აბნევს ციფრებთან ურთიერთობა. გვიჭირს ვალის აღებისას სწორი პროცენტის ან სულაც საჭირო თანხის გამოთვლა, ვიხლართებით საკრედიტო ინსტიტუტების მიერ  დახაზულ სქემებში და ადვილად ვებმებით დავალიანების მახეში.

  • საკუთრების განცდა

ფსიქოლოგიური კვლევებით დგინდება, რომ ადამიანი ნასესხებ თანხას საკუთრებად აღიქვამს და მისი «საკუთრება» სხვისთვის გადასაცემად აღარ ემეტება. ამიტომ ვალის გადახდას ქვეცნობიერად არ ჩქარობს და ასე ვალს ვალი ემატება.  

  • თვითკონტროლის დეფიციტი

ადამიანები ბუნებით სულსწრაფები ვართ. გვირჩევნია მივიღოთ ნაკლები დღეს ვიდრე მეტი ხვალ. საინტერესოა ამერიკაში ჩატარებული კვლევები, რომლის დროსაც საკვლევ პირებს შესთავაზეს ათი დოლარი იმავე წამს ან ოცი დოლარი ერთი კვირის შემდეგ. უმრავლესობამ მეორე ვერსია აირჩია. მაგრამ მას შემდეგ, რაც ათი დოლარი დამატებითი სტიმულებით შეფუთეს, როგორიცაა მომენტალური ბედნიერების, სიამოვნების თუ კმაყოფილების დაპირება, უმრავლესობა ნაკლები თანხის მიღებას დასთანხმდა. დიდი ზღვარი თანხებს შორის მტკივნეულად აღარ იქნა აღქმული, როცა ადამიანის  ტვინის სტიმულირება მოხდა სხვადასხვა აღმგზნები ფაქტორებით (მოლოდინის გაღვივებით, დაპირებებით და სხვა). აღგზნებულ ტვინს კი დიდხანს ლოდინი არ შეუძლია. ახლა ალბათ ვხვდებით, როგორ ზემოქმედებენ ჩვენზე სარეკლამო სლოგანები და მოწოდებები. როგორ გვიბიძგებენ კომპანიები მათი პროდუქტების შეძენისკენ, ხოლო ბანკები საკმარისი სახსრების დეფიციტის შემთხვევაში კრედიტის აღებისკენ. თვითკონტროლის მექანიზმი კი მხოლოდ დიდი შინაგანი ძალისხმევით ირთვება, რაც ყველას არ გააჩნია.

ბევრი ალბათ იფიქრებს, რა პირდაპირ კავშირშია ჩამოთვლილი მიზეზები ვალებთან, მაგრამ თუ დავაკვირდებით, თითოეული მიმართულებით რამდენი თანხის დაზოგვა შეგვეძლებოდა ცხოვრების განმავლობაში, მოგვიანებით კი მნიშვნელოვანი პრობლემების თუ საკითხების გადაჭრა ამ დანაზოგით და არა საბანკო კრედიტით, მივხვდებით, რომ ხშირად ჩვენი ჩვევები ახდენენ ჩვენს დავალიანებაზე გავლენას.


ამიტომ შევცვალოთ ჩვევები, ამაში კი ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ:

debt.png

  • სანამ მორიგ ბრენდულ ნივთს შეიძენთ მეგობრისგან აღებული ვალით, დაფიქრდით, ნუთუ ესაა ის, რასთანაც უნდა ახდენდეთ თვითიდენტიფიკაციას. ნუთუ ამაზე მაღლა არ დგახართ? ნამდვილად «ერთხელ მოვდივართ ცხოვრებაში» ამიტომ ორიენტირი არა მატერიალურ ნივთებზე, არამედ პიროვნულ განვითარებაზე აიღეთ.
  • დეპრესიისგან გამოწვეული საკუთარი თავით უკმაყოფილების კომპენსირება იქნებ მეგობრებთან ურთიერთობით, სპორტით, საქმიანობაზე კონცენტრირებით თუ თვითგანათლებით მოახდინოთ, მითუმეტეს რომ თანამედროვე ციფრული სამყარო თვითგანვითარების უკიდეგანო საშუალებებს გვაძლევს, ხშირად უსასყიდლოდაც.
  • ისწავლეთ თქვენი ზოგადი სამოქმედო ნაბიჯების თუ შენაძენების დაგეგმვა და ხარჯების ანალიზი. კვლევები ცხადყოფს, რომ დაუგეგმავი შენაძენები უფრო ხშირია ჩვენს ცხოვრებაში, ვიდრე დაგეგმილი. ნუ გახდებით უარყოფითი სტატისტიკის ნაწილი. მუდმივად ჩამოწერეთ საკუთარი ხარჯები, რომ აკონტროლოთ ციფრები და გააანალიზოთ, რამდენს რაში ხარჯავთ და ღირს თუ არა ფულის და შესაბამისად თქვენი შრომის ინვესტირება. ამას ფსიქოლოგიური ფაქტორიც ახლავს თან. როცა ვწერთ ხარჯებს, ჩვენს ტვინს მიეწოდება ინფორმაცია, თითქოს ანგარიშვალდებული ვართ სხვასთან, თუნდაც ეს სხვა საკუთარი თავი იყოს და ფულის ფლანგვისკენ აღარ გვიბიძგებს წარმოსახვითი «მაკონტროლებლის» თუ სინდისის შიშით.
  • ხელგაშლილობა ყველა შემთხვევაში როდია დადებითი თვისება. ნუ იქნებით ზედმეტად მიამიტი. დახმარების ხელი გაუწოდეთ, მაგრამ  ნუ გამოაყენებინებთ თავს სხვებს. «არას» თქმა ხშირად სიძუნწის ან უგულობის ნიშანი კი არა, ფულის და სხვა რესურსების სწორად განკარგვის მაჩვენებელია. დაივიწყეთ ფრაზა «რას იტყვის ხალხი». ისინი თქვენს ვალებს არ გადაიხდიან.
  • ნუ იქნებით დაუდევრები ყველაფერი იმის მიმართ, რაც თქვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს.  ფრთხილად მოეკიდეთ ნივთებს, რომ არ მოგიწიოთ მათი ნაადრევად გამოცვლა ვალის ფასად.
  • როცა ყოველ თქვენს ახალ შენაძენს ინოვაციურობით ხსნით, დაფიქრდით, კონსუმერიზმის მსხვერპლი ხომ არ ხართ და კომპანიებს თქვენს ხარჯვით ქმედებებზე მანიპულირებით გამდიდრებაში ხომ არ უწყობთ ხელს?
  • ეძებეთ ალტერნატივები.  როცა რამის ყიდვა გსურთ და სახსრები არ გყოფნით, სანამ თანხის მობილიზებას დაიწყებთ, ალტერნატივებზეც დაფიქრდით. მაგ. წვეულებისთვის ახალი სამოსის ნაცვლად ძველი სამოსი, ახალი ტექნიკის ნაცვლად ძველის შეკეთება და სხვა.
  • იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან. ნუ დააიმედებთ თავს ტყუილი დაპირებებით, რომ ვალის დაფარვას ადვილად შესძლებთ, თუ ამის ზუსტი საფუძველი არ გაგაჩნიათ. ჩახედეთ საკუთარ შესაძლებლობებს და საკუთარ შემოსავლებს თავლებში.
  • დაუწესეთ თავს ლიმიტი. თუ შოპინგი თქვენი სენია, საყიდლებზე წასვლისას გამოყავით თანხა, რომელიც საჭირო და დაგეგმილი შესყიდვებისთვის საკმარისი იქნება და აკონტროლეთ, რომ ხშირად არ დაუშვათ გამონაკლისები. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ადამიანები საკრედიტო ბარათით გადახდისას ნაკლებად ადევნებენ ხარჯებს თვალს, ვიდრე ნაღდი ფულის შემთხვევაში. ნაღდ ფულს, რომელსაც მომხმარებელი ხელში გრძნობს და ხედავს, საკუთრებად მიიჩნევს და ნაკლებად ეთმობა, ვიდრე ბარათზე უხილავი ციფრები. ამიტომ დატოვეთ ბარათი შინ და ნაკლები თანხა იქონიეთ თან, რომ თავიდან აირიდოთ იმპულსური და სპონტანური შენაძენები. არ დაგავიწყდეთ კოვიდ სიტუაცია და ნაღდი ფულის მოხმარების შემდეგ ჩაიტარეთ ხელის ჰიგიენა.
  • დაისახეთ ვალის დაბრუნება მიზნად. ზოგ ადამიანს ვალები დეპრესიაში აგდებს. აქვს განცდა, თითქოს ყველას იმედები გაუცრუა, რაც თვითშეფასებას უდაბლებს. რაკი მთელი შემოსავალი ვალის დაფარვაზე მიდის, უჭირს მომავალზე კონცენტრირება. დაიწყეთ ხარჯების ოპტიმიზაციით მცირედი თანხების მობილიზება და ასე ნაწილ - ნაწილ ვალის დაბრუნება. ამის პარალელურად გადადეთ სიმბოლური თანხა გვერდით საკუთარი თავის სტიმულისთვის და ამ თანხით დაისაჩუქრეთ თავი მცირედით იმის ნიშნად, რომ ცხოვრებამ საბოლოოდ არ გაგრიყათ. ნუ დაასამარებთ თქვენს ოცნებებს. დარჩით ოპტიმისტური. თანდათან ისევ მოახერხებთ გახდეთ თავდაჯერებული და მობილიზებული.  

და ბოლოს: მიეჩვიეთ დაზოგვას! ყოველი გადადებული ლარი ერთ დღესაც თქვენი ცხოვრების გაუმჯობესებას მოხმარდება, ყოველი უმიზნოდ და არა აუცილებელი საჭიროებისთვის დახარჯული თანხა კი გრძელვადიან პერსპექტივაში დავალიანების ალბათობას ზრდის.  თუნდაც უმნიშვნელო ვალის აღების წინ გახსოვდეთ: პროცენტების სახით სხვას ფულს კი არ უხდით, არამედ იმ შრომას და ენერგიას, რომელსაც ამ თანხის გამომუშავებაში ხარჯავთ.

ხოლო თუ დაგაინტერესებთ, როგორ დაგეგმოთ თქვენი ბიზნესი და დაზოგოთ ხარჯები, ამაში ჩვენ დაგეხმარებით. გამოგვყევით!

გისურვებთ ვალებისგან თავისუფალ, ბედნიერ ცხოვრებას!

 

« უკან
4999
Login