09/01/2023

5 რჩევა, როგორ მოვიზიდოთ ინვესტორი

Invest.png

Daniel PNG.png  ავტორი: დანიელ მათერი 

ვისაც ბიზნესის წამოწყებისთვის ან განვითარებისთვის საკუთარი კაპიტალის ან ოჯახის თუ მეგობრების ფინანსური მხარდაჭერის იმედი არ აქვს, უნდა დაიწყოს დაფინანსების სხვა საშუალებების მოძიება, მაგ. ინვესტიციის. ამ დროს საკმარისი არაა, მხოლოდ საკუთარი ბიზნეს იდეით იყოთ მონუსხული, არამედ იმაშიც უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ ამგვარი რისკის გაწევა ღირს.
ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, თუ რას აქცევენ ყურადღებას პროფესიონალი ინვესტორები. ყველა მათგანს ინდივიდუალური მოთხოვნები აქვს, თუმცა შემდეგი 5 პუნქტის გათვალისწინება ყველასთვის გონივრული იქნებოდა:


რჩევა 1: დაანახეთ თქვენი გუნდის სიძლიერე

მენეჯმენტის ფაქტორი მნიშვნელოვანია ინვესტორისთვის საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას. ინვესტორი ინვესტიციას პირველ რიგში კომპანიის გუნდის მუშაობაში და მის უნარებში დებს იმისთვის, რომ წარდგენილი ბიზნეს გეგმის განხორციელება შესაძლებელი გახდეს. კარგ გუნდს საშუალო რანგის პროდუქტითაც შეუძლია წარმატების მიღწევა და პირიქით, საშუალო რანგის გუნდი შესაძლოა მაღალი ხარისხის პროდუქტითაც ვერ გახდეს წარმატებული. 
პროფესიონალ ინვესტორს სურს გაიგოს, ფლობს თუ არა თქვენი გუნდი საჭირო გამოცდილებას ყველა იმ მიმართულებით, რომელიც კომპანიის წინსვლას განსაზღვრავს (მაგ. წარმოება, მარკეტინგი, ფინანსური მენეჯმენტი). 
არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ პიროვნული უნარების და პიროვნების სხვადასხვა ტიპების ერთობლიობა ხდის გუნდს ეფექტურს. ყავს თქვენს გუნდს ძლიერი და ქარიზმატული მმართველი, რომელიც  კომპანიის  ხედვას და მიზნებს მომხმარებლებს, პარტნიორებს და თანამშრომლებს დამაჯერებლად გაუზიარებს?  
გუნდთან ერთად თქვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ნეთვორქინგი. გყავთ ცნობილი სახეები მომხმარებელთა შორის? ან ექსპერტები, რომლებიც საკუთარი ცოდნით უჭერენ მხარს თქვენს კომპანიას? 
ინვესტორს აინტერესებს, როგორ უმკლავდება გამოწვევებს თქვენი გუნდი. ის ასევე აკვირდება, როგორ რეაგირებთ რჩევებსა და მითითებებზე, განსაკუთრებით თუ ახალგაზრდა მმართველი ხართ და დიდი გამოცდილება არ გაქვთ ბიზნესში. რამდენად იზიარებთ ინვესტორის რჩევებს, თუ მიგაჩნიათ, რომ მისი რჩევები თქვენს საქმეში ჩარევაა.

 

რჩევა 2: იყავით დამაჯერებელი განსაკუთრებული პროდუქტით 

უცხო ადამიანი სწრაფად და გაუგებრობების გარეშე უნდა ხვდებოდეს თქვენი პროდუქტის არსს. ამიტომ თქვენ ყოველთვის უნდა ახერხებდეთ მოკლედ და ლაკონურად გადმოსცეთ თქვენი პროდუქტის უპირატესობა, ინოვაციურობა და მომხმარებლის პრობლემების მოგვარების პოტენციალი.  
ინვესტორი ნაკლებად დააფინანსებს ბიზნეს იდეას, რომელიც უკვე მრავალგზის არის წარმოდგენილი ბაზარზე მსგავსი ფორმით. ამიტომ უნდა მოახერხოთ თქვენი პროდუქტის უნიკალურობას გაუსვათ ხაზი, რომელსაც დამატებითი სარგებლის მოტანა შეუძლია თქვენი მომხმარებლისთვის. უჩვენეთ ინვესტორს, რით გამოირჩევა თქვენი პროდუქტი კონკურენტებისგან და რითაა მათზე უპირატესი.   


რჩევა 3: აჩვენეთ, რომ აცნობიერებთ ბაზარზე თქვენს შანსებსა და რისკებს

ფრაზა, როგორიცაა ,,ჩვენი პროდუქტი უკონკურენტოა" არასერიოზულად ჟღერს ინვესტორის თვალში. ყველა კომპანია განიცდის კონკურენციას. იგივე თუ არა, მსგავსი პროდუქტი ყოველთვის მოიძებნება ბაზარზე. უჩვენეთ ინვესტორს, რომ ინფორმირებული ხართ თქვენი კონკურენტების შესახებ და სიღრმისეულად ერკვევით თქვენსა და კონკურენტების ძლიერ და სუსტ მხარეებში და ზუსტად იცით, რომელი სეგმენტი და რა ტიპის ბაზარი შეგიძლიათ მოიცვათ თქვენი შეთავაზებებით. 
დატოვეთ ინვესტორზე შთაბეჭდილება, რომ ერკვევით საბაზრო შანსებში და გრძელვადიან ტენდენციებში წარმოების მეთოდებთან, ფასებთან, ხარჯებთან, მომხმარებლის ქცევასთან და გაყიდვების მეთოდებთან დაკავშირებით.  
ყველა კომპანია რისკის წინაშე დგას. ვინც არც რისკავს, არ სვამს შამპანიურს. ინვესტორს არ უყვართ სარისკო სიტუაციები. თუ ის შეამჩნევს, რომ რისკები არ გაქვთ გაცნობიერებული და ინვესტორის კითხვებს ამ მიმართულებით შესაბამის პასუხებს ვერ ახვედრებთ, ეს ცუდად იმოქმედებს თქვენზე.


რჩევა 4: წარადგინეთ დამაჯერებელი ბიზნეს მოდელი
ინვესტორს აინტერესებს, მომავალ წლებში რა ბრუნვაზე გავა კომპანია, რა მოგებას ნახავს და რა ხარჯები ექნება. 
მნიშვნელოვანია, რამდენად გაზომვადია თქვენი ბიზნეს იდეები და როგორ შეძლებს კომპანია სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით მეტი ახალი მომხმარებლის მოძიებას და მათი ლოიალურობის შენარჩუნებას. 
 

რჩევა 5: ჩამოაყალიბეთ Cashflow - და ფინანსური გეგმა

ინვესტორს თქვენს კომპანიაში ინვესტიციის განხორციელებით სურს მოგება ნახოს და თან რაც შეიძლება სწრაფად.  კარგი ფინანსური გეგმით თქვენ წარმოდგენას შეუქმნით ინვესტორს, რა ფასი და მოგების მარჟაა მიზანშეწონილი თქვენი პროდუქტებისთვის, რა ხარჯები იქნება გაღებული და სხვა.  
ფინანსურ გეგმაში  Cashflow - ს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია: ანუ რა თანხა შედის თქვენს კომპანიაში და რა თანხა გადის თქვენი კომპანიიდან. თქვენ უნდა დაამტკიცოთ, რომ ინვესტორის გარეშეც შეძლებთ ხარჯების დაფარვას და რომ თქვენი კომპანიის ფუნქციონირება მხოლოდ ინვესტორის ფინანსებზე არაა დამოკიდებული. 
ინვესტიცია ხშირად დროებითი მოვლენაა. ინვესტორების უმრავლესობას გარკვეული პერიოდის შემდეგ საკუთარი წილის გასხვისება სურს. ეს მაშინ ხდება, როცა ინვესტორის გასვლის დროს კომპანიის ღირებულება უფრო მაღალია, ვიდრე ინვესტიციის საწყის ეტაპზე იყო. თქვენი სტრატეგია ამ დროს უნდა იყოს: აჩვენოთ ინვესტორს, რომ საკუთარი ფულით მას კომპანიის იმ სიმაღლეზე აყვანა შეუძლია, რომელსაც ის საკუთარი ძალებით ვერ შესძლებდა. 
 

ამ თემას ეხებოდა BPN Georgia ს ვებინარი თემაზე ,,როგორ მოვიზიდოთ ინვესტორები, ქრისტოფერ ნიფელერის მენტორობით.  ქრისტოფერ ნიფელერი: შვეიცარიელი მეწარმე და ინვესტორი. მრავალწლიანი გამოცდილებით კვების წარმოებაში და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში. მან საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა ქართველ მეწარმეებს ინვესტორების მოძიების, მათთან ურთიერთობის და წარმატებული კომუნიკაციის მიმართულებით.

Christoph Nyfeler.png

თუ თქვენც გსურთ გახდეთ BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილე, მიიღოთ რჩევები ექსპერტებისაგან და განავითაროთ თქვენი ბიზნესი შემოგვიერთდით დღესვე 599 87 93 41. 

« უკან
1325
Login