როდესაც ფუტკარი ფრენისას შემთხვევით ფანჯარას ეჯახება, მომდევნო რამდენიმე საათი ხშირად ერთი და იგივე ქმედებას იმეორებს იმ იმედით, რომ რამენაირად მინას გაარღვევს და გაფრინდება. ამ მცდელობისას ბოლოს ის ღონემიხდილი იღუპება. კრაზანა პირიქითაა, თუ ის მინას შეეჯახება, გაღწევის მეორე მცდელობისას იგივეს კი არ იმეორებს, არამედ ერთი მიმართულებით მოძრაობს, სანამ ღია ადგილს არ იპოვის და არ გაფრინდება.
კრიზისი ძირითადად იმ დოზით არსებობს ჩვენს ცხოვრებაში, რა დოზითაც ჩვენ მას ვეწინააღმდეგებით და გრძელდება მანამ, სანამ იმ მომენტს ვებღაუჭებით, რა მომენტშიც მარცხი განვიცადეთ და დანაკარგის უკან დაბრუნებას ვცდილობთ ახალი რეალობის გაცნობიერების, სიტუაციაზე მორგების და გამოსავლის ძიების ნაცვლად.
COVID-19-მა BPN Georgia-ს ყოველდღიურობა მნიშვნელოვანწილად შეცვალა. ფიზიკური სემინარები, ინდივიდუალური გასაუბრებები და ქოუჩინგები ჩვეულ რეჟიმში საგრძნობლად შეიზღუდა. ორგანიზაციას, რომლის გამორჩეული ნიშანი მომხმარებელთან პირადი კონტაქტი იყო, გარკვეული დროის ინვესტირება მოუწია ახალი რეალობის გაცნობიერებასა და სემინარების და კონსულტაციების ონლაინ სივრცეზე მორგებაში. BPN Georgia-საც დასჭირდა დრო, რომ ახალი მეთოდებით დაპირისპირებოდა შექმნილ მდგომარეობას და COVID-19- ში ახალი შანსი დაენახა.
BPN Georgia კრაზანის მაგალითს გაჰყვა ამ სიტუაციაში. გასულ თვეებში ჩვენ მოვახერხეთ სასემინარო მასალის მთლიანად გადაწყობა–გადამუშავება, ონლაინ ფორმატზე გადასვლა და მომხმარებლის საჭიროებაზე დაყრდნობით ახალი ვებენარებიც განვავითარეთ, შევუდექით ბიზნესისთვის რელევანტური სტატიების წერას. ორგანიზაციის გუნდის წევრებისთვის ჩავატარეთ ქოუჩინგის სემინარი და დავნერგეთ ახალი CRM (მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი) სისტემა. ბიზნეს გეგმის შედგენის და ფინანსური დაგეგმარების ვორკშოპების ონლაინ რეჟიმში შეთავაზებით ჩვენი გეოგრაფიული ბაზარიც გავფართოვეთ და ამით რეგიონებში მცხოვრები მომხმარებლის გულიც მოვიგეთ.
რუტინა გვადუნებს, კრიზისი კი გვაფხიზლებს და ახალ ენერგიას გვაძლევს. კრიზისს ხშირად თან ახლავს უწონასწორობა, რომელიც წინსვლისკენ გვიბიძგებს. მინდა გაგამხნეოთ და მოგიწოდოთ, გამოიყენოთ ეს არსებული სიტუაცია ახლის შესაქმნელად, არ მოირგოთ მსხვერპლის როლი, პირიქით, მიიღეთ აქტიური მონაწილეობა თქვენი მომავლის მშენებლობაში.
წლიური მოხსენების სრული ვერსია იხილეთ აქ.