ფინანსები ნებისმიერი ბიზნესისთვის ჰაერივით არის. ყოველი ბიზნესი ისწრაფვის, რომ მუდმივად ჰქონდეს საკმარისი ჰაერი, თავისუფლად სუნთქვა რომ შეძლოს. ფინანსური დაგეგმარება ჟანგბადის მიწოდებას ჰგავს, რომელსაც სწორი დოზირება სჭირდება. ამ პროცესში ჩანს როდის, სად, რისთვის და რა ოდენობის თანხაა საჭირო.
ფინანსური დაგეგმარება ნავიგაციის მოწყობილობასაც შეიძლება შევადაროთ. თუ იცი, სად ხარ მოცემულ მომენტში და ისიც იცი, სად გინდა იყო განსაზღვრულ დროს, არ გაგიჭირდება ამ მოწყობილობის მართვა და სასურველ დროს მართლა იქ აღმოჩნდები, სადაც გსურდა მისვლა. მაგრამ თუ არ გაქვს ინფორმაცია, სად ხარ, არ იცი, სავარაუდოდ სად იქნები ხვალ, გაგიჭირდება იყო კარგი მმართველი.
ფინანსური გეგმა მართვის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტია და მისი მიზანია, ფული, როგორც ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი რესურსი, მაქსიმალურად მომგებიანად და ეკონომიკური თვალსაზრისით ეფექტურად გამოიყენოს კომპანიამ. სისტემური ფინანსური დაგეგმარება კომპანიის გრძელვადიანი წარმატებული განვითარების წინაპირობაა. არ აქვს მნიშვნელობა იდეა გაქვთ, ახლა დგამთ პირველ ნაბიჯებს მის სისრულეში მოსაყვანად, სტარტაპი ხართ თუ უკვე დიდი გამოცდილების და ისტორიის მქონე ბიზნესი, ფინანსური გეგმა ერთნაირად მნიშვნელოვანია ყველასთვის. სწორად დაგეგმილი ფინანსები განსაზღვრავს ბიზნესის მომავალს.
ფინანსური გეგმა საშუალებას გვაძლევს დროის ნებისმიერ მონაკვეთში სრული წარმოდგენა გვქონდეს რამდენად «ჯანმრთელია» ჩვენი კომპანია, რამდენად შესწევს უნარი სხვადასხვა მოკლე თუ გრძელვადიანი ვალდებულებები დაფაროს, გვაძლევს საშუალებას ვაკონტროლოთ კომპანიის შემოსავლები, ხარჯები, მოგება, რენტაბელურობა, ლიკვიდურობა და შესაბამისად გადავდგათ, ან არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც ფინანსურ ინვესტიციებს მოითხოვს. ფინანსური გეგმა ამავდროულად გვაძლევს შანსს ვაკონტროლოთ რამდენად შევძელით იმის სისრულეში მოყვანა, რაც დაგეგმილი გვქონდა, მასზე დაყრდნობით შეგვიძლია ისიც გავაანალიზოთ, რა ხარვეზები გვქონდა და რის გამოსწორებაზე უნდა ვიზრუნოთ.
სამწუხაროდ, ციფრები, ფორმულები, გამოთვლა, ანგარიში, ფინანსური საკითხები ძალიან ბევრს აშინებს, არ უყვარს, ბევრსაც ეზარება. ბევრი კომპანიის დამფუძნებელი სწორედ ასეთ ადამიანთა რიგებს მიეკუთვნება და თან ამ ყველაფერთან ერთად იმასაც ფიქრობს, რომ ფინანსები მთლიანად სხვას (ბუღალტერს, ფინანსურ მენეჯერს) უნდა გადააბაროს. დიახ, საჭიროა, კომპეტენტური ადამიანი (ბუღალტერი, ფინანსური მენეჯერი) გყავდეთ გვერდით, თუმცა კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფინანსურ მაჩვენებლებზე ინფორმაცია და მათი ანალიზის უნარი ნამდვილად თავად მმართველს უნდა ჰქონდეს, რათა სწორი გადაწყვეტილებები იქნას დროულად მიღებული.
ყველას გვსურს ვიყოთ წარმატებულნი, თითოეული სტარტაპერის მიზანია, მისმა წამოწყებამ გაამართლოს, ყველა ბიზნესმენს სურს მისი კომპანია გრძელვადიანად განვითარდეს, მიაღწიოს მისთვის სასურველ მასშტაბს და იყოს სანიმუშო. დაგეგმვის გარეშე ეს შეუძლებელია, ფინანსური წარმატებაც ასევე დაგეგმვას მოითხოვს. სწორად გათვლილი გადაწყვეტილებები დადებით გავლენას ახდენს კომპანიის ბრუნვაზე, მოგებაზე, ლიკვიდურობაზე. ფინანსური გეგმა დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ შეცდომები, შეამციროთ რისკები, გააკეთოთ სწორი ინვესტიციები, უზრუნველყოთ ფირმის ლიკვიდურობა და მიაღწიოთ თქვენს მიერ დასახულ მიზნებს. ფინანსური დაგეგმარება თქვენი კომპანიის ფულადი ნაკადების სრულ ანალიზს გულისხმობს და სასურველია მოიცავდეს მაგალითად შემდეგს:
• მოგება-ზარალის უწყისი
• საპროგნოზო მოგება-ზარალის უწყისი
• გაყიდვების გეგმა
• ბალანსი
• ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი
• საინვესტიციო გეგმა
• ლიკვიდურობის გეგმა
• საჭირო კაპიტალის სტრუქტურა
ვიცით, რომ სამეწარმეო გადაწყვეტილებები ხშირად აქტუალური სიტუაციიდან გამომდინარეობს, ზოგჯერ გეგმიდან გადახვევაც გვიწევს, მაგრამ ფინანსური გეგმა უპირობოდ წარმოადგენს ბიზნესის მართვის უმთავრეს ინსტრუმენტს. გრძელვადიანი გეგმა გვიადვილებს მიზნებამდე მისვლას, ფუნდამენტია მდგრადი ოპტიმიზაციისთვის. მოკლევადიანი გეგმა არის სასიცოცხლო მნიშვნელობის, დროულად გვაძლევს შანსს ამოვიცნოთ ლიკვიდურობის პრობლემა და საჭირო ღონისძიებები გავატაროთ. ყველა მაჩვენებელი ერთად გვაძლევს სრულ სურათს ჩვენი კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე და მხოლოდ ამაზე დაყრდნობით შეგვიძლია დავგეგმოთ სტრატეგიული ნაბიჯები ჩვენი კომპანიის განვითარებისთვის.
არ შეგეშინდეს ციფრების, დაგეგმე, შეამცირე რისკები, განვითარდი, გახდი კიდევ უფრო წარმატებული!
BPN Georgia მზადაა ამ პროცესშიც იყოს შენი პირადი მრჩეველი, შემოგვიერთდი ფინანსური დაგეგმარების ვორქშოფზე, მიიღე ინდივიდუალური კონსულტაციები ადგილობრივი და შვეიცარიელი ექსპერტებისგან, არ შეგეშინდეს ციფრების!
«თუ აკონტროლებ შენს ფინანსებს დღეს, მათი მსხვერპლი არ გახდები ხვალ.»
ემილი სტროუდი