სასოწარკვეთაში ჩავარდნის ნაცვლად, ზაზამ საპნის ისეთი რეცეპტები მოიძია, რომლებმაც მის შვილს გამონაყარი გაუქრო. რამდენიმე თვიანი მცდელობების შემდეგ, ეს პროცესი ოჯახურ ბიზნესად გადაიქცა, რომელშიც ოჯახის თითოეული წევრი თანაბრად არის ჩართული. მაშინაც კი, როდესაც პანდემიამ ოჯახს სოფელში გადაცხოვრება აიძულა, ოჯახმა საკუთარ ბაღში მცენარეების და სამკურნალო ბალახების მოშენება დაიწყო.
გარდა ნატურალური ხელნაკეთი საპნებისა და სხეულის მოვლის პროდუქტების წარმოებისა, კომპანია საპნის დამზადებისათვის საჭირო ყველანაირ ხელსაწყოსაც ყიდის. ზაზა სასწავლო კურსების მეშვეობით, თავის ცოდნას სხვებსაც უზიარებს. მეტი მომხმარებლის მოსაზიდად კი – ის დისტრიბუციის ახალი არხებისა და საპნის დამზადების შესახებ სახელმძღვანელოს შექმნაზეც მუშაობს.
ჩემი ისტორია
ჩემს ერთ-ერთ შვილს თინეიჯერობაში სახეზე ძალიან მწვავე გამონაყარი ჰქონდა, თვეების განმავლობაში ვაგროვებდი ინფორმაციას, თუ როგორ მზადდებოდა საპონი და ასევე სხვადასხვა მეთოდებისა და ხელსაწყოების გამოყენებასაც კი ვცდილობდი, რომ შედეგი მალე დაგვენახა. საბოლოოდ, სასურველი შედეგის მიღწევა მაინც შევძელი და ჩემი შვილის კანს ვუმკურნალე. ამ შედეგმა ძალიან დიდი მოტივაცია მომცა, საპნებზე მუშაობა გავაგრძელე და ჩემი ენთუზიაზმის წყალობით, ამ პროცესში ჩემი ოჯახის ყველა წევრი ჩავრთე. წარმოებიდან დაწყებული მარკეტინგით დამთავრებული, ისინი ყველაფერში მეხმარებოდნენ.
პანდემიის პერიოდი ჩვენი ოჯახისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, დროებით სოფელში გადაცხოვრება მოგვიწია. სწორედ ასეთი გამოწვევების დროს ვისწავლე,რომ ნებისმიერი პრობლემიდან გამოსავალი ყოველთვის არსებობს. სოფელში ექსპერიმენტების ჩატარებასა და მცენარეების დარგვას ვაგრძელებდი და როცა ქალაქში დავბრუნდი, საქართველოში საპნის დამზადების პირველი კურსი დავაარსე.
სანამ BPN Georgia – ს შესახებ შევიტყობდი, ჩემი კომპანია ისეთ ნავს ჰგავდა, რომელიც დინებას მიჰყვებოდა.ბიზნესს ძალიან ინტუიციურად და სამოყვარულო დონეზე ვმართავდი. სემინარებისა და ინდივიდულური ქოუჩინგების საშუალებით კი – ვისწავლე როგორ მემართა ნავი, ისე როგორც მე მსურდა.
ახლა უკვე მიზანმიმართულად ვვითარდები და ჩემს ბიზნეს იდეებს უფრო რეალისტურად ვუყურებ. ამ ეტაპზე ახალ პროდუქტებზე ვმუშაობ, ვცდილობ ისეთ დამატებით სადისტრიბუციო არხებში გავფართოვდე, როგორიცაა თუნდაც კოლაბორაციები სასტუმროებთან, აფთიაქებთან და სპა ცენტრებთან. ასევე საგამოფენო სივრცის გახსნასაც ვგეგმავ.
რა მოგწონთ თქვენს საქმიანობაში ყველაზე მეტად?
ძალიან მიხარია რომ ვქმნი ისეთ ბუნებრივ, ჯანსაღ, მდიდრულ პროდუქტს, რომელსაც ბევრი ადამიანისათვის სარგებლის მოტანა შეუძლია. გარდა ამისა, ძალიან მომწონს კრეატიულობა და ინოვაციურობა.
როგორ შეცვალეთ თქვენი ქმედებებით თქვენი გარემო?
საპნის კურსების დახმარებით, მხარს ვუჭერ ქართული კოსმეტიკის ინდუსტრიის განვითარებას. გარდა ამისა, ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ ჩემი საპნები უამრავ ადამიანს კანის პრობლემების დაძლევაში დაეხმარა.
რა სირთულეებს აწყდებით?
ხანდახან ბაზარზე ნედლი მასალის პოვნა ძალიან რთულია. თუ მასალა დამაკლდება, ჩემი პროდუქტის წარმოება რისკის ქვეშ დგება. მაშინ მე იძულებული ვარ ეს მასალა სხვა ინგრედიენტით ჩავანაცვლო. ეს ძალიან შრომატევადი პროცესია, რომელიც დიდ დროს, კვლევებისა და ექსპერიმენტების ჩატარებას მოითხოვს, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი დადებითად აისახება პროდუქტზე და ხანდახან მას საპნის ახალი რეცეპტის აღმოჩენამდეც კი მივყავარ.
რას ურჩევდით სხვა მეწარმეებს?
გიყვარდეთ ის საქმე,რასაც აკეთებთ და დაბრკოლებებს არ შეუშინდეთ!