თქვენც ფიქრობთ, რომ ყველაზე დიდი სისუსტე ამავდროულად ყველაზე დიდი ძლიერი მხარეც შეიძლება იყოს?
უძველესი დროიდან მოყოლებული ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, სადაც ჩრდილია, იქვე აუცილებლად სინათლეც არისო.
«იქ, სადაც ბევრი ჩრდილია, ბევრი სინათლეც უნდა იყოს დამალული»
ლაო-ძი ძვ.წ. VI საუკუნის უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსი
მაგრამ მიუხედავად ამისა, ალბათ დამეთანხმებით, არავის გვიყვარს ამ ჩრდილების დანახვა, საკუთარ სუსტ მხარეებზე საუბარი, მათი სააშკარაოზე გამოტანა. არ ვფიქრობთ იმაზე, რომ მათი დაფარვით ვუშვებთ ხელიდან შანსს, გამოვავლინოთ ჩვენი საუკეთესო «მე», გავხდეთ იმაზე უკეთესი, ვიდრე დღეს ვართ.
არამარტო პიროვნული, საკუთარი ბიზნესის სუსტი მხარეების აღიარებაც გვიძნელდება. დუმილი ისადგურებს ხოლმე, როდესაც SWOT ანალიზის დრო დგება და საბაზრო გარემოსთან ერთად ჩვენი საქმიანობის ძლიერ და სუსტ მხარეებს ვაფასებთ.
რისი ბრალია, რატომ ხდება ასე? ალბათ იმიტომ, რომ ჩვენს გარშემო მუდმივად აქცენტი ძლიერ მხარეებზე კეთდება. საუბრობენ იმაზე, რომ თუ გვინდა წარმატებას მივაღწიოთ და წინ წავიდეთ, ამისთვის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ რესურსი, რომელსაც ძლიერი მხარე ჰქვია. ისიც გვესმის, რომ სუსტი მხარეებიც უნდა შევისწავლოთ, უნდა ამოვიცნოთ ისინი, მაგრამ იმისთვის, რომ ფრთხილად ვიყოთ და მათ ხელი არ შეგვიშალონ განვითარებაში. ნაკლებად საუბრობენ იმ შანსებზე, რომლებსაც ხშირად სუსტი მხარეები მალავენ საკუთარ თავში.
რა იქნება, საკითხი რომ სხვაგვარად დავაყენოთ?!
რა იქნება, რომ ჩვენი სისუსტეც შევიყვაროთ და არ გავურბოდეთ მას?! რა მოხდება, თუ გავიაზრებთ, რომ სწორედ მასში შეიძლება იმალებოდეს წინსვლის, განვითარებისა და წარმატების დიდი პოტენციალი!
დავაფასოთ ძლიერი მხარეები, მაგრამ ბიზნესის მართვის, სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში, ნურც სისუსტეებს დავივიწყებთ, რადგან შეიძლება სწორედ იქ იყოს ის დიდი პოტენციალი დამალული, რომელიც თქვენს საქმიანობას წარმატებას მოუტანს.
სწორედ ასე მოიქცა სასტუმრო ვალდრანდი (Waldrand), რომელიც შვეიცარიის ერთერთ ულამაზეს ხეობაში (Kiental) 1910 წლიდან დღემდე უამრავ სტუმარს სთავაზობს დაუვიწყარ დასვენებას. ამ ისტორიულ სასტუმროს ერთი რამ გამოარჩევს საკუთარი კონკურენტებისგან, აქ ვერ ისარგებლებთ ტელეფონით და სხვა მოწყობილობებსაც უნდა დაემშვიდობოთ.
რატომ ასეთი სიმკაცრე?
თავის დროზე აქ ტელეფონი უბრალოდ არ იჭერდა და ეს მინუსი დღეს ამ ისტორიული სასტუმროს კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს.
იცით რა წერია სასტურმოს სარეკლამო ტექსტებში? გაინტერესებთ გაჯერებულ ტურისტულ ბაზარზე პოზიციონირებისას გარდა არაჩვეულებრივი მდებარეობისა და ატმოსფეროსი კიდევ რას უსვამს სასტუმრო ხაზს? იმას, რომ იქ მისულ სტუმარს ტელეფონის ზარის ხმა არ შეაწუხებს. ვალდრანდის მმართველები სტუმრებს ბუნებით, საკუთარი თავით, საყვარელი ადამიანებით ტკბობას სთავაზობენ.
დიახ, ნამდვილად გვჭირდება ეს დღეს, ციფრულ ტექნოლოგიებზე დამოკიდებულ ეპოქაში, როდესაც ერთი დღეც კი გვიჭირს ტელეფონის, ლეპტოპის, ინტერნეტის გარეშე ცხოვრება. ასეთი ტერმინიც კი დამკვიდრდა – „offline is the new luxury”, დღეს ოფლაინ ყოფნა ახალი ფუფუნებაა – და აი ამ ფუფუნებას სთავაზობს სასტუმრო თავის მომხმარებელს, ჩიტების ჭიკჭიკს ტელეფონის ზარის ნაცვლად, კონცერტებსა და სხვა საინტერესო ღონისძიებებს სოციალურ ქსელებში «სქროლვის» ნაცვლად. რელაქსაცია და ციფრული დეტოქსი – ეს სჭირდება დღევანდელ სამყაროს და ამას იღებს ვალდრანდში მომხმარებელი.
კარგად დაფიქრდი, კიდევ ერთხელ გაიაზრე, იქნებ შენც გაქვს შანსი, შენი საქმიანობის ამჟამინდელი სუსტი მხარე შენი ბიზნესის უპირატესობად აქციო.
თუ გსურს, გარედან შეხედო შენს ბიზნესს და უკეთ შეაფასო მისი სუსტი და ძლიერი მხარეები, განსაზღვრო მისი წარმატების პოტენციალი, დაგვიკავშირდი და ინდივიდუალური ქოუჩინგის ფარგლებში მიიღე კვალიფიციური ექსპერტების მხარდაჭერა.