...

რა საერთო აქვს რედ ბულს, სარაჯიშვილის კონიაკს და ბარამბოს?

გასულ საუკუნეში თუ ყოველი ახალი პროდუქტის გამოჩენა ბაზარზე დიდ მოვლენას წარმოადგენდა, რადგან ინტელექტუალური თუ ტექნოლოგიური განვითარების დონე საშუალებას არ იძლეოდა, მასების ნებისმიერი დაკვეთა თუ მოთხოვნა შესაბამისი მიწოდებით დაკმაყოფილებულიყო, 21 საუკუნეში სურათი დრამატულად იცვლება. მომხმარებელი ვერ ასწრებს ერთ პროდუქტთან შეჩვევას, რომ ზოგჯერ იმავე ბრენდის ან კონკურენტი ფირმის მომდევნო, განახლებული ვერსია გამოდის ბაზარზე და ეს ეხება სამომხმარებლო ბაზრის თითქმის ყველა პროდუქტს. ბევრი ახალი პროდუქტი ზოგჯერ ისე ქრება თაროებიდან, მის არსებობას ვერც კი ამჩნევს მომხმარებელი.

რა უნდა მოიმოქმედოს ბრენდმა ამ დროს, რომ შეთავაზებათა ფართო არჩევანით გაჯერებულ ბაზარზე საკუთარი პროდუქტი თვალშისაცემი გახადოს?

გერმანელი ბიზნეს ლიდერის ჰანს იოახიმ კიობერის ციტირებას თუ მოვახდენთ:

«გაჯერებულ ბაზრებზე წარმატების მიზანს მხოლოდ მარკეტინგით და ინოვაციით მივაღწევთ»  

ინოვაციების შეთავაზება დიდ ფინანსურ და ინტელექტუალურ რესურსს მოითხოვს, რაც ბევრი კომპანიისთვის ფუფუნების საგანია. ასევე ფუფუნებაა ძვირადღირებული მარკეტინგული აქტივობების განხორციელება თუნდაც არაინოვაციური პროდუქტების ცნობადობის გაზრდის და შენარჩუნების მიზნით. თუმცა ბევრად უფრო ადვილია, მოიფიქრო კრეატიული მარკეტინგული კამპანია, ვიდრე შექმნა აბსოლუტურად ინოვაციური პროდუქტი. სწორედ ამიტომ ბევრმა კომპანიამ მოახერხა და ისეთი კრეატიული თუ ეპატაჟური მარკეტინგული კამპანია წამოიწყო, რომლითაც ბიუჯეტურ ფასად ყურადღება მიიპყრო მანამ, სანამ მათი პროდუქტები ფუნქციონალურობით თუ ხარისხით დაიმკვიდრებდნენ თავს.

სხვადასხვა პერიოდებში ახლა უკვე ცნობილი კომპანიები სხვადასხვა მეთოდს მიმართავდნენ მასების ყურადღების მისაქცევად.

1987 წელს ავსტრიაში დაარსებული ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი კომპანია რედ ბული სანამ საკუთარ მარკეტინგულ კამპანიას ექსტრემალურ სპორტს დაუკავშირებდა და წლიური ბრუნვის მესამედს დაუთმობდა, 90 – იან წლებში საკმაოდ მცირებიუჯეტიან პიარ კამპანიას მიმართავდა. მას შემდეგ, რაც კომპანიამ სამიზნე სეგმენტად სპორტული ცხოვრების, ექსტრემალური სპორტის და წვეულებების მოყვარული 19 – დან 29 წლამდე ენერგიული ახალგაზრდები შეარჩია, აქტიურად დაიწყო გამოჩენა მათი თავშეყრის ადგილებში. რედ ბულის წარმომადგენლები ექსტრემალური სპორტის და ენერგიული გართობის მოყვარულთა კლუბის წევრებს და ამ სფეროს იმდროინდელ ინფლუენსერებს სჩუქნიდნენ ენერგეტიკულ სასმელს ისე, რომ ჯერ ის გაყიდვაში არ იყო ჩაშვებული, რითიც რიგით მომხმარებლებს უქმნიდნენ განცდას, რომ ამ სასმელს მხოლოდ ერთეულები იმსახურებდნენ. ღამის კლუბების და ბარების ნაგავსაყრელებთან ყრიდნენ დიდი რაოდენობით რედ ბულის დაცლილ ქილებს იმ შთაბეჭდილების შესაქმნელად, თითქოს პროდუქტი მოთხოვნადი იყო. ახალგაზრდების თავშეყრის ადგილებში, კლუბებთან თუ უნივერსიტეტებთან ჩნდებოდნენ რედ ბულის ლოგოთი გაფორმებული ვითომ და მომუშავე სადისტრიბუციო მანქანები ამავე უნიფორმაში ჩაცმული მუშახელით. ამ აქტივობებმა პროდუქტი ნელ – ნელა ცნობადი გახადა და დღეისთვის ეს კომპანია 6 მილიარდიანი წლიური ბრუნვით და 12’600 დასაქმებულით მსოფლიოს წამყვან კომპანიებს განეკუთვნება.

რედ ბული.jpg

ეპატაჟით იწყება პირველი ქართული კონიაკის მწარმოებელი კომპანიის – სარაჯიშვილის ისტორიაც. სანამ 1884 წელს შექმნილი ბრენდი საუკუნის მიწურულს 50-მდე სახეობის კონიაკს დაამზადებდა, წარმოებას ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გააფართოებდა და საერთაშორისო გამოფენებზეც უმაღლეს შეფასებებს დაიმსახურებდა, მას ცნობადობის გასაზრდელად ეპატაჟური ნაბიჯის გადადგმა დასჭირდა.

სარაჯიშვილის დაკვეთით დაქირავებული კინტოები სამიკიტნოებში და დუქნებში სარაჯიშვილის კონიაკს კითხულობდნენ, ხოლო როცა გაოცებული მედუქნეებისგან უარს იღებდნენ, აყალ მაყალს ტეხდნენ და ხშირად დუქნებსაც არბევდნენ, რომლებიც მოგვიანებით რა თქმა უნდა კომპენსაციას იღებდნენ თავად სარაჯიშვილისგან. ამ ქმედებების წყალობით მალე ყველა სტუმარს დუქნებში პირზე ეკერა კითხვა, თუ რა სასმელი იყო ამისთანა სარაჯიშვილის კონიაკი და ხმებიც  შესაბამისად სწრაფად ვრცელდებოდა თბილისში. დღეისთვის კომპანიას აღარ სჭირდება ცნობადობისთვის ბრძოლა. მას მსოფლიოს 20 ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე საკუთარი პროდუქტი.

სარაჯიშვილი.jpg

ხმაურით იკიდებს ფეხს ქართულ ბაზარზე შოკოლადის მწარმოებელი კომპანია ბარამბოც. ყველას გვახსოვს 2009 წელს მის მიერ წამოწყებული ხმაურიანი პიარ კამპანია, რომლის დროსაც იმ დროს ჯერ კიდევ საიდუმლოებით მოცული შოკოლადის საწარმოს შესახებ წარწერები გაჩნდა თბილისის ქუჩებში, ასფალტზე და ტელესივრცეში შინაარსით «რა არის ბარამბო?» ყველას აინტერესებდა, რა იმალებოდა ამ დამაინტრიგებელი კითხვის მიღმა. დადიოდა ჭორები, რომელსაც ცნობისმოყვარე ადამიანები ავრცელებდნენ, ამ საკითხს განიხილავდნენ ფორუმებზეც და როცა 2009 წელს კომპანია უკვე გაცხადებულად წარსდგა ქართული საზოგადოების წინაშე, მისი სახელი უკვე ყველას ჰქონდა გაგონილი წინასწარ. კომპანიის წარმატებამაც არ დააყოვნა და 2011 წლიდან ბარამბოს პროდუქტს უკვე საერთაშორისო ბაზარზეც ვხვდებით.

ბარამბო 2.png

ის, რაც ამ სამივე კომპანიას აერთიანებს, კრეატიული პიარ კამპანიაა, რომელიც ხშირად ეპატაჟის ელემენტებსაც შეიცავს. ეპატაჟი ნებისმიერ საზოგადოებაში ცნობისმოყვარეობას აღძრავს, ეს კი ადამიანის ის თვისებაა, რომელიც ყველაზე მეტად უბიძგებს მას ქმედებისკენ, შემეცნებისკენ, მოსინჯვისკენ, შეძენისკენ.

შევეცადოთ აღვუძრათ მომხმარებელს ცნობისმოყვარეობა. გვახსოვდეს:

«პუბლიკა ტაშს უკრავს ფეიერვერკს, არა მზის ამოსვლას» – *  ფრიდრიხ ჰებელი    

შემოგვიერთდით სემინარზე «ბრენდინგი, გაყიდვები და მომხმარებლის ფსიქოლოგია»  და ერთად ვისწავლოთ, როგორ შევქმნათ ფეიერვერკი საკუთარი პროდუქტებით.

* ფრიდრიხ ჰებელი გერმანელი დრამატურგი და ლირიკოსი

* ჰანს იოახიმ კიობერი – გერმანელი ბიზნეს ლიდერი

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • Image
  • SKU
  • Rating
  • Price
  • Stock
  • Availability
  • Add to cart
  • Description
  • Content
  • Weight
  • Dimensions
  • Additional information
Click outside to hide the comparison bar
Compare