ტრადიციულმა რეკლამამ, რომელიც პროდუქტის შეძენისკენ მოგვიწოდებს მისი დადებითი მხარეების ხაზგასმით, აქტუალობა დაკარგა. თანამედროვე რეკლამის მომავალი Storytelling – ი, ანუ ამბავთ თხრობაა. Storytelling ეს არის ისტორიები ემოციით, შეტყობინებები შეფუთული ისტორიებში. ეს არის კომპანიის მიერ ამბით გადმოცემული კონკრეტული მესიჯი. ყიდვის გდაწყვეტილებისას მხოლოდ ხარისხი და ფასი აღარაა საკმარისი, საჭიროა ამბები, რომლებიც ამ პროდუქტთან ასოცირდება. სტანდარტული რეკლამა მოსაწყენი მონაცემებით ტვინის მხოლოდ გარკვეულ ნაწილებს ააქტიურებს. ამბის თხრობისას კი ჩვენი ტვინი ისე რეაგირებს, თითქოს ჩვენც პროცესის მონაწილენი ვიყოთ. ამბების საშუალებით ინფორმაცია და ფაქტები ემოციებს უკავშირდება, რომელიც სამიზნე პუბლიკის გულს ხვდება. Storytelling – ის მიზანია მსმენელის ყურადღების გააქტიურება, მისი ემოციების გაღვიძება, მისი აღფრთოვანება და პროდუქტზე მისი მიჯაჭვულობის უზრუნველყოფა. ამიტომაც სამშენებლო კომპანიები რეკლამაში აღარ გვიჩვენებენ ბინებს, არამედ ოცნებას, ვიცხოვროთ ჰარმონიულად საკუთარ სახლში. ავტომობილების მწარმოებლები აღარ ყიდიან მანქანებს, არამედ განცდას, მივქროდეთ ოკეანის სანაპიროზე საყვარელ ადამიანთან ერთად. აღარც საკვებია უბრალოდ საკვები, არამედ გარანტია, ვიცხოვროთ ხანგრძლივად ჯანსაღი კვების დახმარებით.
Storytelling – ის როლი ბიზნესსა და მარკეტინგში დღითი დღე იზრდება. მას აქვს პოტენციალი, მასობრივი ზეგავლენის მოხდენის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი იყოს. ამბებს, ადამიანურ ისტორიებს ჩვენი დამოკიდებულების და ქცევის შეცვლა შეუძლიათ.
ადამიანი ემპათიური ქმნილებაა. ამბებს კი ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირების, თანაგრძნობის, თანაზიარობის უნიკალური უნარი აქვს. დიდმა და გამოცდილმა ბრენდებმა ეს კარგად იციან და აუდიტორიასთან მყარი და სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
როგორი უნდა იყოს Storytelling:
- Storytelling – ის დროს გაითვალისწინეთ სამიზნე ჯგუფი, მათი მოთხოვნილებები და პრობლემატიკა.
- მოყევით ერთი ამბავი, მიაწოდეთ ერთი მესიჯი. ადამიანი რამდენიმე მესიჯს ერთდროულად ვერ გადაამუშავებს და იმახსოვრებს.
- მოყევით სანდო, დამაჯერებელი და აქტუალური ისტორია. რაც უფრო ახლოა ისტორია რეალურ სამყაროსთან, კონკრეტულ მოვლენასა თუ აქტუალურ საკითხთან, მით უფრო ძლიერია მისი ეფექტი.
- ამბებად შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპანიის დაარსების, ბრენდის ჩამოყალიბების, კონკრეტული პროდუქტის შექმნის, ერთი რომელიმე თანამშრომლის თუ მომხმარებლის ისტორია, რომელიც თქვენს კომპანიას ან თქვენს პროდუქტს უკავშირდება. მთხრობელის როლში კი შეიძლება იყოს რომელიმე მომხმარებელი, თანამშრომელი, კომპანიის დამფუძნებელი, გარეშე პირი და სხვა. განსაკუთრებით საინტერესო ემოციური პირადი ისტორიებია, თუმცა გამოგონილი ისტორიებიც გამოდგება.
- მოყევით ამბავი ემოციურად. ნეიროლოგების კვლევით, თუ მონათხრობმა ემოცია არ დატოვა, მეხსიერებას ვერ შემორჩება. ემოციურად მონათხრობი ამბავი აღვიძებს ცნობისმოყვარეობას და ფანტაზიას. მსმენელს თავს ამბის მონაწილედ აგრძნობინებს. გაითვალისწინეთ, არამხოლოდ პოზიტიურ ემოციებს – სიხარულს, უსაფრთხოების განცდას, ნდობას და სხვა შეუძლია მსმენელის მეხსიერებაში დარჩენა, არამედ ნეგატიურ ემოციებსაც, როგორიცაა მაგ. შიში. თუმცა ყველაზე დიდ კვალს მაინც აღმაფრთოვანებელი ამბავი ტოვებს.
- მოყევით ამბავი და არა ზღაპარი. მოყევით მოკლედ, ლაკონურად და მარტივად. ამბის თხრობისას სათქმელი სასურველია პირდაპირ იქნეს გამოხატული. აბსტრაქტული, გადატანითი მნიშვნელობით და რთულად ჩამოყალიბებული სათქმელი, რომელიც მსმენელმა უნდა ამოხსნას, დამღლელია. მსმენელს კი არ სურს ფიქრით ტვინის გადაღლა.
- მოყევით ისეთი ამბავი, რომელთანაც რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააიგივებს საკუთარ თავს. დაუკავშირეთ ისტორია იმ ღირებულებებს, რომლის პოზიციონირებასაც ახდენს თქვენი ბრენდი.
- მოყევით ისტორია სურათებით. ადამიანის ტვინი ვიზუალურ ინფორმაციას 60.000 – ჯერ უფრო სწრაფად გადაამუშავებს, ვიდრე ტექსტუალურს. შეარჩიეთ სურათები, რომლებიც ასოციაციას და ემოციას აღძრავს. გააკეთეთ შედარებები. ასე თქვენი სათქმელი ადვილად მიაღწევს მსმენელამდე და ღრმად დარჩება მეხსიერებაში.
- ჩართეთ თხრობაში გმირები, რომელსაც ენდობიან. Storytelling – ს სჭირდება ფიგურები მოტივებით და მიზნებით. ეს ფიგურა შეიძლება იყოს ადამიანი, ცხოველი, გამოგონილი არსება თუ მისტიკური პერსონაჟი. მაყურებელი თუ მსმენელი ინტერესით მიადევნებს თვალს, რამდენად გამოუვა გმირს დასახული მიზნის განხორციელება.
- ამბავმა მსმენელის ყურადღების შენარჩუნება უნდა შეძლოს. ამიტომ შექმენით დრამატული სიუჟეტი, რომელსაც ექნება დასაწყისი, განვითარება და დასასრული. შემოინახეთ რამე, რაც იქნება დაფარული მოულოდნელობის ეფექტით. მსგავსი მიდგომით ადამიანების ტვინამდე ადვილად მიაღწევთ და განაცდევინებთ პერსონაჟის სიტუაციას, რაც მონათხრობს გაცილებით დასამახსოვრებელს გახდის.
- დაასრულეთ Happy End – ით. პოზიტიური დასასრული უფრო მყარად იბეჭდება მეხსიერებაში, ვიდრე სევდიანი დასასრული.
ამბის თხრობისას მომგებიანი თემებია: სიყვარული, ახალგაზრდობა, ოცნება, ოჯახი, სურვილები, სიმდიდრე, პატივისცემა, დაფასება, თავისუფლება. ეფექტურია ე.წ. ,,პირველად,, ისტორიები. მაგ. როცა პირველად გაიარე, პირველად აკოცე, პირველად შეგიყვარდა, პირველი შვებულება, პირველი შენაძენი და ა. შ.
გააზიარეთ თქვენი ისტორიები კატალოგებში, საინფორმაციო ცნობარებში, ყოველწლიურ გამოცემებში, ბროშურებში, ვებგვერდზე, ბლოგებში, ფეისბუქზე, ტვიტერსა თუ ინსტაგრამზე. კარგი Storytelling – ი თავად მიაგნებს მომხმარებლის გულამდე მიმავალ გზას. ხოლო თუ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი ამბის თხრობის შესახებ, შემოგვიერთდით ჩვენს სემინარზე «ბრენდინგი, გაყიდვები და მომხმარებლის ფსიქოლოგია» და ერთად შევქმნათ საინტერესო ამბავი თქვენი ბრენდის შესახებ.