29/05/2019

BPN Georgia - ს პროგრამის მონაწილე ჯაბა გიგოლაშვილი

GE 019.2019 Jaba Gigolashvili (11).JPG

Megi PNG.png  ავტორი: მეგი მაისურაძე

        ჯანსაღი კვებისადმი დამოკიდებულება საზოგადოებაში ბოლო წლების მანძილზე მკვეთრად შეიცვალა უკეთესობისაკენ.  მრავალი პროფესიონალის მიერ კვება განიხილება როგორც უმთავრესი ფაქტორი ადამიანის ორგანიზმის პოზიტიური თუ ნეგატიური ფუნქციონირებისთვის. როგორც ინტელექტუალურად, ასევე ფიზიკურად ადამიანი წარმოადგენს სწორედ იმას, რითაც იკვებება.

საამაყოა ის ფაქტი, რომ საქართველო მსოფლიო მასშტაბით საუკეთესო სამზარეულოების მქონე 30 ქვეყანას შორის მოხვდა და ამ სიაში მე-17- ადგილს იკავებს, თუმცა ჯანსაღი სამზარეულოს მქონე 50 ქვეყნის რეიტინგში საქართველო არ შედის. ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ მწირია ცოდნა ამ მიმართულებით და ამიტომაა, რომ ტრადიციული თუ ახალი კერძების მომზადებისას ნაკლებად ხდება ჯანსაღი კვების კრიტერიუმის გათვალისწინება. თუმცა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში უკვე მოიკიდა ფეხი ჯანსაღი კვების კულ-ტურამ და შესაბამისად მატულობს მოთხოვნა ჯანსაღ პროდუქტებზეც.

სატაცური სწორედ ერთ-ერთი ასეთი პროდუქტთაგანია და სამართლიანად იკავებს ადგილს დელიკატესებს შორის. მართალია საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგრამ როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება. ეს დაბალკალორიული პროდუქტი ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნამდვილი რეზერვუარია - А, В1, В2, В9, РР, С, Е, შეიცავს ვიტამინებს,  კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინასა და თუთიას და რაც მთავარია, ასპარაგინს, რომელიც არტერიული წნევის დარეგულირების უებარი წამალია.

ამ პროდუქტის ცნობადობის ზრდას იმპორტის  მკვეთრად გაზრდილი  მაჩვენებელი ადასტურებს.

სატაცურის მიმართ გაზრდილ ინტერესზე საუბრობს კოოპერატივი რკ ოზაანის თავმჯდომარე ჯაბა გოგოლაშვილიც, რომელიც ძმასთან ერთად უკვე რამდენიმე წელია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში ამ კულტურის წარმოებას მისდევს.

მეწარმე ძმები სატაცურს ბავშობიდან იცნობენ, ოჯახი ხშირად დადიოდა ველური სატაცურის მოსაკრეფად და მისი სასარგებლო და ამავდროულად გემოვნური თვისებების გამო ხშირად იყენებდნენ საკვებად.

კოოპერატივს სატაცური უკვე 2 ჰექტარზე მოჰყავს, ჩითილის გამოყვანას აშშ-დან ჩამოტანილი სერთიფიცირებული თესლიდან ახდენენ. წარმოებაში უკვე 12 ადამიანია დასაქმებული და ეს რიცხვი წარმოების ზრდასთან ერთად იზრდება, რადგან სატაცურის მოყვანა ძალზედ შრომატევადი საქმეა და ძირითადი ნაწილი ხელით ხორციელდება, შესაბამისად ბევრი ადამიანის ჩართულობას მოითხოვს.

კოოპერატივი რკ ოზაანი წარმოების გაფართოებას გეგმავს და აცხადებენ, რომ თუ მთლიან წარმოებას აითვისებენ, მოსავლის რაოდენობა საშუალოდ 8 ტონამდე გაიზრდება. ამჟამად დაახლოებით 2 ტონა მოსავალს იღებენ.

როგორც ბატონი ჯაბა აცხადებს, რეალიზაციის პრობლემა არ აქვთ. მათ მიერ წარმოებული სატაცური ძირითადად დიდ ქსელებში იყიდება და მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ამ ეტაპზე მიწოდებას ბოლომდე ვერც უზრუნველყოფენ,  ამიტომ ექსპორტისაგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებენ. თუმცა კოოპერატივი წარმოების 5 ჰექტრამდე გაზრდას გეგმავს და მაშინ უკვე პროდუქტის საზღვარგარეთ გატანაზეც იფიქრებენ.

BPN Georgia ნებისმიერი ადგილობრივი მეწარმის წარმატებას მიესალმება, რადგან თითოეული მათგანის წარმატება, ყოველი ახალი სამუშაო ადგილი, რომელსაც ისინი ქმნიან, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გარანტია. კიდევ უფრო მეტად გვახარებს, როდესაც BPN Georgia- პროგრამის მონაწილეები ხდებიან სამაგალითო მეწარმეები! სწორედ ერთ-ერთი მათგანია ჯაბა გიგოლაშვილი.

BPN Georgia წარმატებას უსურვებს ბატონ ჯაბას თავის გუნდთან ერთად ამ სასიკეთო საქმეში!

« უკან
574
Login