02/09/2019

BPN Georgia - ს პროგრამის მონაწილე ნინო ღარიბაშვილი

GE 016.2018 Nino Gharibashvili (15).JPG

Megi PNG.png  ავტორი: მეგი მაისურაძე

           ინგლისური ენის სპეციალისტად ნინო ღარიბაშვილი უკვე წლებია მუშაობს, მაგრამ მხოლოდ შარშან 2018 წელს გადაწყვიტა, პროფესია ბიზნესად აქციოს. როგორც თვითონ იხსენებს, იდეა წლების განმავლობაში უტრიალებდა თავში, მაგრამ საბოლოო მუხტი მისცა BPN Georgia - თან გავლილმა ტრენინგმა - ბიზნეს გეგმის შედგენა. გამართულ ღონისძიებაზე ლინგვისტურ მეცნიერებათა დოქტორანტმა, გამოცდილმა ლექტორმა და რეპეტიტო-რმა გააცნობიერა, რომ  ენების სასწავლო ცენტრის გასახსნელად უკვე ყველაფერი აქვს და მოქმედების დრო დადგა.

დღეს ნინო ქალაქ გორის ენების ინოვაციურ აკადემიას ხელმძღვანელობს. გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის თავზე მისი სასწავლო ცენტრი უკვე რამოდენიმე დასაქმებულს და რამოდენიმე ათეულ სტუდენტს ითვლის. ასევე, წარმატებით განხორციელდა საზაფხულო ბანაკის პროექტი და იხსნება პირველი ფილიალი ქალაქ კასპში. ეს ყვე-ლაფერი ერთი წლის განმავლობაში კაპიტალური ინვესტიციის გარეშე მართლაც შთამბეჭდავია. მით უმეტეს ისეთ ბაზარზე, როგორიც ინგლისური ენის სწავლებაა. ინგლისური ყველაზე მოთხოვნადი უცხო ენაა, შეთავაზებებით გაჯერებულია ყველა ქალაქი, ასევე ონლაინ სივრცე, მაგრამ ენების ინოვაციური აკადემია  წარმატებით ახერხებს ადგილის დამკვიდრებას და აქცენტს ინტენსიურ ზრდაზე აკეთებს. მომხმარებელთა ძირითად ჯგუფს ქალაქ გორის საშუალო სკოლების მოსწავლეები წარმოადგენენ, თუმცა, ზოგადი კურსების პარალელურად აკადემია სთავაზობს სპეციფიურ პროგრამებსაც, მათ შორის IELTS და TOEFEL გამოცდებისთვის მომზადებას, დარგობრივ ინგლისურს ჰორეკა სექტორისთვის, ასევე ინტენსიურ და განვრცობილ ბიზნეს ინგლისურის კურსებს. სასწავლო ცენტრს პერიოდულად სტუმრობენ მოწვეული ლექტორები, ვისთვისაც ინგლისური მშობლიურ ენას წარმოადგენს. ისინი საკვირაო სკოლის ფორმატში უზიარებენ სტუდენტებს გამოცდილებას. ეწყობა ტელეხიდებიც, რომლის ფარგლებშიც ხდება სხვა ქვეყნებში მდებარე ინგლისურის სასწავლო ცენტრებთან ონლაინ კომუნიკაცია. სწავლის პროცესი დინამიურად საერთაშორისოდ აღიარებული ინოვაციური მეთოდოლოგიის გამოყენებით მიმდინარეობს. ILA-ში ინგლისურის სწავლის მსურველთა ნაკადი არასდროს წყდება.

რა არის ნინოს წარმატების საიდუმლო? მაღალი დონის პროფესიონალიზმი. ის თითქოს დაბადებულია ინგლისურის მასწავლებლად და სისხლში აქვს გამჯდარი თითოეული სიტყვის, თითოეული გრამატიკული წესის ახსნის უნარი. მას უყვარს თავის პროფესია და საქმეს სიამოვნებით აკეთებს, ამიტომაც მასთან თავს კომფორტულად გრძნობს როგორც სტუდენტი, ასევე დასაქმებული.

ნინო მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული, 2020 წლისთვის მას არანაკლებ ამბიციური მიზნები აქვს: სამეცნიერო ხარისხის მოპოვება, საზაფხულო სკოლისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭება და კიდევ ერთი ევროპული ენის კურსის შეთავაზება მომხმარებლისთვის.

წარმატებას ვუსურვებთ ენების ინოვაციურ აკადემიას მის ახალგაზრდა გუნდთან ერთად!

« უკან
773
Login