29/05/2019

BPN Georgia-ს პროგრამის მონაწილე გიორგი ზირაქაშვილი

Giorgi Zirakashvili.jpg

Megi PNG.png  ავტორი: მეგი მაისურაძე

       ახმეტის რაიონი ცნობილია თავისი ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი, მდიდარია წყლით და კარგი ნიადაგით, ამიტომაც როდესაც დაახლოებით 12 წლის წინ აღნიშნულ რაიონში მიწის ფართობის შეძენის შანსი გაჩნდა, შევიძინეთ და ხელი მოვკიდეთ თხილის ბაღების გაშენებას.

თხილი არის პროდუქტი, რომელზეც მოთხოვნა მუდმივად მზარდია, სოფლის მეურნეობა კი ის დარგია, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია ჩვენს ქვეყანაში და მეც ჩემი გამოცდილებით მინდა  პატარა წვლილი შევიტანო მის განვითარებაში. სწორედ ამიტომ დიდი ენთუზიაზმით ჩავუდექი  სათავეში საქმეს, რომელიც ამავდროულად ჩემთვის საინტერესოც იყო.  

პირველ ეტაპზე თხილის ბაღების გაშენება დავიწყეთ, შემდეგი ნაბიჯი იყო თხილის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც საერთაშორისო სატანდარტებს აკმაყოფილებს, გვაქვს ასევე საკუთარი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ეს ყველაფერი მეხმარება იმაში, რომ საქართველოს ბაზარზე ძლიერი კონკურენტი ვიყო სხვა თხილის მწარმოებლებისათვის და რაც მთავარია, ჩვენი ბიზნესის მასშტაბები საშუალებას მაძლევს, არაერთი სამუშაო ადგილი შევქმნა ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

ამჟამად შპს. დორანში მუდმივად დასაქმებულია 33-36 ადამიანი. თხილის ბიზნესი, როგორც მოგეხსენებათ სეზონურია, ამიტომ დამატებით კიდევ სეზონურად ვასაქმებთ კადრებს, დაახლოებით 72 ადამიანს. ეს ციფრები შეიძლება არაა გრანდიოზული, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი თითოეული სამუშაო ადგილი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. მოხარული ვიქნები, თუ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ.

წლების მანძილზე არაერთ სირთულეს ვაწყდებით, წარმატება ადვილი მოსაპოვებელი არაა, მაგრამ  მე და ჩემი გუნდი ენერგიას არ ვზოგავთ და ვიბრძვით ამისთვის. მთავარია შეცდომების, სუსტი წერტილების დროულად აღმოჩენა და მერე მათ გამოსწორებასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მაგალითად ჩვენს ბაღებში ნიადაგის ნაკლები ტენიანობა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს თხილისთვის, მაგრამ ჩვენ ამას სარწყავი სისტემის სიმძლავრეების გაზრდით ვებრძვით, მუდმივად ვზრუნავთ ასევე ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდაზე და რაც მთავარია, ჩვენი მუდმივი და საბოლოო საზრუნავი ჩვენი პროდუქტის ხარისხია.

მე და ჩემს გუნდს არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ჩვენ ყველაზე ძლიერები ვართ, მაგრამ გვაქვს პრეტენზია და გვინდა ვიყოთ წამყვან პოზიციაზე ამ სფეროში, ამის საშუალებას მაძლევს მე პირადად ჩემი გამოცდილება, ფირმას კი არსებული ტექნიკური ბაზა და ის ფაქტი, რომ აქვს საკუთარი სავარგულები, საკუთარი გადამამუშავებელი ქარხანა, ანუ ის, რომ წარმოების სრული პროცესი ხდება შპს დორანში, ჩვენი დიდი უპირატესობაა.

სირთულეები ვახსენე და არა შეთხვევით, ბიზნესის მართვა მარტივი საქმე რომ არაა მოგეხენებათ, პრაქტიკული გამოცდილებასთან ერთად  მუდმივად საჭიროა თეორიული ცოდნის, ახალი ინფორმაციის მიღება, სწავლა და საკუთარ თვითგანვითარებაზე ზრუნვა, სწორედ ამიტომ მოხარული ვარ, რომ გავიცანი BPN Georgia, ორგანიზაცია, რომელთან თანამშრომლობაც მე ამის საშუალებას მაძლევს.

BPN Georgia მაძლევს საშუალებას შევიძინო დამატებითი ცოდნა ბიზნესის მართვის სფეროში, მათ სემინარებზე და პირადი კონსულტაციების დროს შვეიცარიელი სპეციალისტებისაგან მიღებული ინფორმაცია, მაძლევს სტიმულს და მეხმარება გავუმკლავდე ბიზნესის მართვის არც თუ ისე მარტივ საქმეს.

წარმატება და წინსვლა მუდმივ შრომასთანაა დაკავშირებული, მე ჩემს გუნდთან ერთად მზად ვარ ამისთვის, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ თოთოეული ჩვენგანის მიერ შეტანილი წვლილი უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების საქმეში.

« უკან
665
Login