20/03/2020

თბილისს ბპნ ჯორჯიას მოწვევით შვეიცარიელი კონდიტერი ვერნერ რუგზეგერი სტუმრობდა

29.JPG

Megi PNG.png  ავტორი: მეგი მაისურაძე

       ვერნერი შოკოლადის ნამდვილი ოსტატი გახლავთ, იგი წლების მანძილზე წარმატებით მართავდა ბიზნესს, რომელიც ტკბილეულის წარმოების ორ ობიექტს, გაყიდვის რვა წერტილს და სამ რესტორანს აერთიანებს, ჯამში კი 125 ადამიანს ასაქმებს. აქტიური ბიზნესიდან ბატონმა რუგზეგერმა 5 წელია კონსალტინგში გადაინაცვლა და მეუღლესთან, ქალბატონ მიციუ რუგზეგერთან, ერთად წარმატებით მართავს Swiss Candy Consulting-. იგი შვეიცარიის კონდიტერთა ასოციაციის წევრი და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად სწავლების 23 წლიან გამოცდილებას ფლობს. სწორედ ამიტომ მისი სტუმრობა ძალზედ საინტერესო გამოდგა ქართული ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია «ჩირიფრუტისთვის», რომლის საწარმოშიც რუგზეგერების წყვილმა სრული ერთი კვირა გაატარა. მან ქართველ მეწარმეებს საკუთარი გამოცდილება და შვეიცარიული შოკოლადის წარმატების ძირითადი რეცეპტები გაუზიარა. როგორც ჩირიფრუტში ამბობენ, თანამშრომლობა ძალზედ ნაყოფიერი იყო, მათ წარმოებასთან დაკავშირებული რჩევებიც მიიღეს (მაგ. ახალი პროდუქტების, ფლორენტინი და  კარამელიზირებული თხილის შექმნა ისწავლეს, ცუკატების დამზადების განსხვავებულ ტექნოლოგიებს გაეცნენ), ჩირიფრუტის შემდგომი განვითარების სტრატეგიაზეც იმსჯელეს. ქართული საწარმოსთვის სრულიად ახალი პერსპექტივები გაიხსნა, მაგ. ხარისხიანი ნედლეულის შესყიდვის არხებზე წვდომა, საჭირო დანადგარების შეძენის შესაძლებლობა. სტუმარმა გაყიდვის სტრატეგიის მიმართულებითაც წარმოაჩინა ახალი ხედვა, თუ როგორ შექმნა არა მხოლოდ კარგი შოკოლადი, არამედ როგორ მიაწოდო ის მომხმარებელს, რათა მას ისევე შეუყვარდეს შენი პროდუქტის დაგემოვნება, როგორც შენ მისი დამზადება გიყვარს.

შოკოლადი მუცლის საკვები არ არის- ამბობს ვერნერი და იღიმის-შოკოლადი სულის საკვებია, იგი ზომიერად უნდა მიირთვა, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოაქვს მას სარგებელიც და ნამდვილი სიამოვნებაც“.

ვიზიტის ფარგლებში, რუგზეგერების წყვილი ბპნ ჯორჯიასაც ესტუმრა, სადაც სურსათის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა. საუბარი HACCP-ის სტანდარტებს, ხარისხის კონტროლს და ჰიგიენური ნორმების დაცვას შეეხო, სტუმარმა სცადა თავის გამოცდილება ბიზნეს პროფესიონალთა ქსელის აუდიტორიისთვის გაეზიარებინა

ბპნ ჯორჯია მადლობას უხდის ბატონ ვერნერ რუგზეგერს ქართველ მეწარმეთა მხარდაჭერისთვის და იმედს გამოთქვამს, მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაიმეოროს.

« უკან
662
Login