25/12/2023

ჯანსაღი მიწა, ჯანსაღი საკვები, ჯანსაღი ცხოვრება

MicrosoftTeams-image.png

ჯანსაღ საკვებზე მზარდი მოთხოვნილება და ბიოლოგიური წარმოების პოპულარიზაცია გახდა გიორგი დემურაშვილისთვის ბიოჰუმუსის ბიზნესის დაწყების მოტივაცია. პედაგოგიური საქმიანობის პარალელურად ის 20 წელია ენთუზიაზმით  მუშაობს გარემოს დაცვის საკითხებზე და რეგიონში ბიო ცნობიერების ამაღლება მის პრიორიტეტულ გეგმებშია.  

 

  • როგორ დაიწყო თქვენი ბიზნესის ისტორია, რამ მოგცათ ამ ბიზნესის კეთების მოტივაცია?

ინფორმაცია კალიფორნიული ჭიაყელებისა და ბიოჰუმუსის შესახებ პირველად 7–8 წლის წინ  არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ-ერთი სამუშაო ვიზიტის დროს შევიტყვე, სადაც ისაუბრეს ჭიაყელების მნიშვნელობაზე ნიადაგის ნაყოფიერების, პროდუქციის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის საქმეში. მე, როგორც გარემოსდაცვითი ორგანიზაციის წარმომადგენელი, მაშინვე დავინტერესდი ამ საკითხით. 2018 წელს ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ჩავატარე კვლევა ქვემო ქართლის რეგიონის ფერმერებს შორის, თუ  რამდენად ჰქონდათ  მათ ინფორმაცია ორგანული სასუქების შესახებ და შემდეგ წელს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შევხვდი მათ ინფორმაციის გაცვლის მიზნით. ასე დაიწყო ჩემი ბიზნესი.

  • გზა დასაწყისიდან დღემდე, მოლოდინები და რეალობა...

2020 წელს  გავხდი  საგრანტო პროგრამის გამარჯვებული.  ამ პროგრამის ფარგლებში გავარემონტე  ჩემს ეზოში არსებული შენობა და ავტოფარეხი, შევიძინე ჭიაყელები და სხვადასხვა დანადგარი, გამოვიწერე 10 000 კვერცხი (კოკონი) და 2 თვის შემდეგ უკვე დამატებითი ჭიაყელები მყავდა. 
წარმოება დავიწყე 2021 წელს დაახლოებით 4000 ჭიაყელით. ორ წელში მათი რაოდენობა გაიზარდა 40 000 ათასამდე. ამჟამად მყავს დაახლოებით 60 000 ერთეული (40–45 კგ). 
თვეში ვაწარმოებ 300–350 კგ. გაცრილ ბიოჰუმუსს. ძირითადი მომხმარებლები არიან ადგილობრივი ფერმერები და საოჯახო მეურნეობები. მსხვილი დამკვეთია საწარმო „აგრო ლიდერი 2020“. კონცენტრირებას საწყის ეტაპზე ვაკეთებ ბოლნისის და მიმდებარე რაიონების მევენახეებზე, შემდეგ ეტაპზე მოვიცავ ხილ - ბოსტნეულის და მარცვლეულის მწარმოებლებსაც სხვა რეგიონებში და საერთაშორისო ბაზრებზე.  
მოლოდინებს რაც შეეხება, ჭიაყელების რაოდენობა ნელი ტემპით იზრდებოდა, რაც გამოუცდელობის გამო დაშვებულმა შეცდომებმა და სათანადო პირობების არარსებობამ განაპირობა. საკუთარი ტერიტორიის უქონლობის გამოც მექმნება ინვესტორის, გრანტის ან სესხის მოძიების პრობლემა. სახელმწიფოსგან მიწის იჯარით გადმოცემაზე უარი მივიღე, ამიტომ ვცდილობ საკუთარი სახსრებით შევიძინო ნაკვეთი, რათა შევძლო წარმოების გაფართოება ევრო–სტანდარტების მიხედვით.

  • რას სთავაზობთ მომხმარებელს?

სუფთა სასუქს - ბიოჰუმუსს, რომელიც წარმოადგენს ჭიაყელების მიერ ნაკელისა და სხვა ორგანული ნარჩენების გადამუშავების პროდუქტს. იგი ხელს უწყობს ნიადაგის რეკულტივაციას და მისი სტრუქტურის რამდენიმე წლით აღდგენას, აჩქარებს მცენარეთა ზრდას და ამაღლებს მიწის ნაყოფიერებას 30–70%. ბიოჰუმუსი ანეიტრალებს ნიადაგში არსებულ მძიმე მეტალებსა და ნიტრატებს.
ამ ეტაპზე გვაქვს ბიოჰუმუსი მხოლოდ მშრალი, ფხვიერი სახით. წარმოების გაფართოების შემდგომ გვექნება გრანულები და თხევადი ჰუმატები.  რამდენიმე წლის შემდეგ მეთევზეებს თვითონ ჭიაყელებსაც შევთავაზებთ. საწარმოს აშენების შემთხვევაში კი მინდა გავაკეთო ჰუმინური მჟავების ჩამოსასხმელი ხაზი. 

  • რატომ თქვენი პროდუქტი/სერვისი? რაში მდგომარეობს თქვენი ბიზეს საქმიანობის უნიკალურობა?

ჩვენი პროდუქცია უმაღლესი ხარისხისაა. გასულ წელს ჩავატარეთ სინჯების ლაბორატორიული კვლევა და დადგინდა, რომ პროდუქცია სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.  გარდა ამისა, ჩვენ ვთავაზობთ პროდუქციას გაცრილი სახით, ყოველგვარი მინარევების გარეშე.

    ​​​​​GE 084.2923 Giorgi Demurashvili (1).jpg  GE 084.2923 Giorgi Demurashvili (7).jpg  GE 084.2923 Giorgi Demurashvili (5).jpg​​​​​​​

  • რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ ბიზნესში? რატომ კონკრეტულად ეს ბიზნესი, რა მოგწონთ ამ სფეროში?

ბიზნესში ყოფნა ჩემთვის ნიშნავს თვითრეალიზაციის და სულიერი  და მატერიალური დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ყოველთვის ვცდილობდი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა გამეწია. გარემოზე ზრუნვა და მზარდი ეკოლოგიური პრობლემების შემცირება ყველა ჩვენთაგანის ვალია.  ჩემი საქმიანობით ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესებას ვუწყობ ხელს და ვეხმარები ფერმერებს უხვი, ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოებაში.

  • რა არის თქვენი ენერგიის წყარო?

ძლიერი სურვილი, ჩამოვაყალიბო სისტემური ბიზნესი. ხშირად პრობლემები გადაულახავი გეჩვენება, მაგრამ ისევ აგრძელებ მიზნისკენ სვლას. 

  • რას ურჩევდით ახალგაზრდა ,,მეს“ ?

ყოველთვის პერფექციონისტი ვიყავი. საქმის სიღრმისეულ შესწავლას და  ინფორმაციის შეგროვებას დიდ დროს ვანდომებდი, რაც დიდ ძალისხმევად მიჯდებოდა და ქმედით ნაბიჯებამდე ვერ მივდიოდი. ამიტომ საკუთარ თავს ვეტყოდი: ცოდნა და საქმე ერთმანეთს უნდა მისდევდეს. ახალი ცოდნა მაშინვე უნდა დაინერგოს პრაქტიკაში, შემოწმდეს მისი ეფექტიანობა და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე მოხდეს ახალი ცოდნით შევსება.

  • პირველი რა გახსენდებათ ბპნ ჯორჯია-ს გაგონებისას? რა არის თქვენთვის პირადად ბპნ?

პირველ რიგში არაჩვეულებრივი გუნდი თავისი ადამიანური და პროფესიული თვისებებით და ყოველთვის საქმიანი, მშვიდი და კეთილმოსურნე დამოკიდებულებით. BPN Georgia არის ადგილი, სადაც შემიძლია ჩემი უნარ–ჩვევების განვითარება, ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარება და მათთან ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება.

  • მთავარი მესიჯი თქვენგან სხვა ბიზნესმენებს. რას ურჩევდით მათ...

ქართველმა ბიზნესმენებმა უნდა ვისწავლოთ სისტემური აზროვნება, რეალისტური მიზნების დასახვა და მათკენ მიზანდასახული მოძრაობა. ამისათვის კი სწავლა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ურთიერთთანამშრომლობაა საჭირო.

« უკან
1605
Login