10/06/2022

GO-GO-ს ჩანთებზე თუ გსმენიათ?

go-go bags.png

Megi PNG.png  ავტორი: მეგი მაისურაძე

გსმენიათ ჩანთებზე, რომლებიც ნატურალური ქართული ტყავით, საქართველოში ერთ პატარა სახელოსნოში თქვენთვის იკერება?

პანდემიის პერიოდში ორმა მეგობარმა, ნინო ხოხობაშვილმა და რუსუდან ტატიშვილმა, მას შემდეგ რაც მათმა შექმნილმა აქსესუარებმა ახლობლებში დიდი მოწონება დაიმსახურა,  გადაწყვიტეს ჰობი ბიზნესად ექციათ და სახლის ერთ ოთახში დაწყებული საქმე ფართო წრეებისთვის გაეცნოთ. 
 

პროფესიით პედაგოგმა ნინომ და ტყავის განხრით მხატვარ-მოდელიორმა  რუსუდანმა ძალები გააერთიანეს და დააფუძნეს საწარმო GO-GO, რომელიც მომხმარებელს ქართული ნატურალური ტყავისგან შექმნილ ჩანთებს და სხვა ტყავის აქსესუარებსაც(ქამრები, საფულეები, ხელთათმანი, სათვალის ქეისი, ბრელოკი, ღვინის ბოთლის აქსესუარი და ა. შ.) სთავაზობს. თითოეულ მოდელში დიდი ენთუზიაზმი და სიყვარული იდება, გათვალისწინებულია მომხმარებლის საჭიროება, სურვილები და ასე იქმნება   ინდივიდუალური დიზაინის და ხარისხით გამორჩეული GO-GO-ს ჩანთები.

«ხელჩანთამ ქალში ისეთივე ინტენსიური ემოციები უნდა გააღვიძოს, როგორც ბავშვში მისმა საყვარელმა სათამაშომ» - ამბობს გერმანელი ფეშენ დიზაინერი გაბრიელე შტრელე.  ნინო და რუსუდანიც ცდილობენ, მათი თითოეული პროდუქტი მის ფუნქციონალურობასთან ერთად ზუსტად მომხმარებლის ემოციებსაც ეხებოდეს. ისინი პირველები არიან ქართულ ბაზარზე, ვინც ჩანთების წარმოებაში აპლიკაციების გამოყენება დანერგა და ამ მეთოდით GO-GO-ს ჩანთებზე დატანილია სხვადასხვა ცნობილი მხატვრების შედევრები, თითოეული დეტალი დიდი სიზუსტით, მაღალი ხარისხით და ხელით სრულდება, რაც ნივთს უნივერსალურობას და განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს.

ამბობენ, ჩანთა ბევრს გვიყვება მფლობელის ხასიათზეო, სანამ მფლობელთან აღმოჩნდებიან მანამდე GO-GO-ს ჩანთები ბევრს მათ შემოქმედებზე, ნინოზე და რუსუდანზე გვიყვებიან, მათ კრეატიულობაზე, უნარზე ერთ აქსესუარში  გააერთიანონ პრაქტიკულობა და უნივერსალური დიზაინი. სწორედ ამ ტანდემის წყალობით არის ეს აქსესუარები გამორჩეული და უკვე მომხმარებლის დიდ მოწონებას და სიყვარულსაც იმსახურებენ.

და თქვენ როგორ ჩანთას ატარებთ? რა საჭიროებები გაქვთ? რა გსურთ მოათავსოთ თქვენს ჩანთაში?  ნინო და რუსუდანი ყურადღებით მოგისმენენ, გაითვალისწინებენ თქვენს სურვილებს და შექმნიან აქსესუარს, რომელიც თქვენი  საუკეთესო მეგობარი გახდება. 

წინ დიდი გეგმებია, GO-GO-ს დამფუძნებლების შემართება და სურვილი ძლიერი - ამ პატარა ქართულმა საწარმომ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ბაზარზეც და რაც მთავარია, მომხმარებლის გულებში.

BPN Georgia წარმატებას უსურვებს ნინოს და რუსუდანს და მოხარულია, რომ GO-GO-ც შემოუერთდა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას და ამ გრძელვადიანი პროგრამის ფარგლებში საშუალება გვექნება ჩვენი წილი თანადგომა და მხარდაჭერა გავუწიოთ მათ საკუთარი ბიზნესის განვითარების პროცესში.

« უკან
1933
Login