15/12/2023

Ikokids - ჯადოსნური სამყარო ბავშვებისთვის

Copy of Untitled Design.png

ია შენგელია პროფესიით ბიზნესის მართვის სპეციალისტია, წლებია სოციალურ სფეროში საქმიანობს, თუმცა პარალელურად ყოველთვის ახერხებდა შემოქმედება მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ყოფილიყო. ბავშვობიდან ხატავდა, კერვა და კონსტრუირება დედამ ასწავლა, რომელიც დღეს ბიზნესში მისი მარჯვენა ხელია. სამსახურის პარალელურად 2019 წელს იამ საკუთარი სათამაშოების ბრენდი IkoKids დააფუძნა, სადაც სასიამოვნო და სასარგებლო ერთმანეთს შეუთავსა და ძალიან მალე მომხმარებლების გულებიც დაიპყრო.

 

  • როგორ დაიწყო თქვენი ბიზნესის ისტორია, რამ მოგცათ მოტივაცია? 

ხელნაკეთი ნივთების დამზადება ბავშვობიდან მიყვარს. ჯერ თოჯინებისთვის ვკერავდი, შემდეგ ჩემი შვილებისთვის. ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები საქართველოს ბაზარზე რთული საპოვნელი იყო, ამიტომ ხშირად საკუთარი ხელით ვუკერავდი. ერთხელ, გერმანიაში მოგზაურობისას სათამაშოების მაღაზიაში საბავშვო კარავი დავინახე, საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. ზომის გამო ტრანსპორტირებას ვერ შევძლებდი და გადავწყვიტე, მე თვითონ შემეკერა. ჩემი უმცროსი შვილი იმ დროს 8 წლის იყო და ფაქტიურად კარავში დაიდო ბინა.  ეს იყო ინსპირაცია და გადავწყვიტე დაუვიწყარი ემოციები სხვა ბავშვებისთვისაც გამეზიარებინა. ასე გადაიქცა ჰობი ბიზნესა.

355854673_219172497679222_8627149492418314249_n.jpg

  • გზა დასაწყისიდან დღემდე, მოლოდინები და რეალობა

პირველი ნაბიჯები საწყისი კაპიტალის გარეშე გადავდგი. პატარა სამოყვარულო საკერავი მანქანით ერთი კარავი შევკერე, ფოტო გადავუღე და ფეისბუქზე ავტვირთე, მეორე დღესვე გაიყიდა ეს კი ჩემთვის დიდი სტიმული იყო... თავდაპირველად მხოლოდ კარვებს ვამზადებდი ინდივიდუალური შეკვეთით. მალე გაყიდვებმა იმატა. ფიზიკურ მაღაზიას ვეძებდი, პანდემია რომ დაიწყო, გააქტიურდა ონლაინ გაყიდვები. პარალელურად გაიზარდა კონკურენციაც. სულ მქონდა იმის განცდა, რომ არ ვიყავი საკმარისად ახალგაზრდა ბიზნესის დასაწყებად და არც ჩემი კომპეტენცია იყო საკმარისი ბიზნესში შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად. აქტიურად დავიწყე თვითგანვითარებაზე ზრუნვა. არაერთ გამოწვევას გავუმკლავდი, ჰაკერული თავდასხმის ჩათვლით. მიღებულმა ცოდნა-გამოცდილებამ, ახლობლების თანადგომამ და ერთგულმა მომხმარებლებმა ძალიან დიდი ძალა მომცა. ერთ თვეში პროდუქციაზე მოთხოვნა იმაზე დიდი იყო, ვიდრე წინა წლებში. შევიძინე პროფესიონალური  საკერავი მანქანა, გავაკეთე სახელოსნო, დღეს უკვე მთელი ოჯახი ვართ ჩართული ამ საქმეში და ჩვენი მიზანი მუდმივი განვითარება, პროდუქციისა და სერვისის მუდმივი გაუმჯობესება და გამრავალფეროვნებაა. წარმატების ინდიკატორი მომხმარებელთა უკუკავშირი და ბავშვების გაბრწყინებული სახეებია. 

353792280_213652154897923_6250077421182427059_n.jpg

 

  • რას სთავაზობთ მომხმარებელს?

ჩვენ ვქმნით ბავშვზე ზრუნვის უსაფრთხო, მზრუნველ და ჯადოსნურ გარემოს, სადაც ბავშვებს თამა-შით შეუძლიათ ისწავლონ და გაიზარდონ. ვამზადებთ საბავშვო კარვებს,  სადაც ბავშვებთან ერთად ხშირად მშობლებიც თამაშობენ, რაც მნიშვნელოვანია ბავშვების განვითარებისთვის.  ასევე, ვამზადებთ სათავსოებს, რბილ სათამაშოებს, საბავშვო ოთახისა და წვეულებებისთვის დეკორაციებს, კარვებს თოჯინებისთვის, საბავშვო ჩანთებს. მასალა, რომელსაც ვიყენებ არის მხოლოდ 100% ბამბა და ბუნებრივი გზით დამუშავებული ხე. ნაწარმი, არის ეკოლოგიურად სუფთა, განმავითარებელი და უსაფრთხო. გვაქვს, როგორც ინდივიდუალური, ასევე მზა პროდუქციის შეთავაზების საშუალება. 2022 წელს გავაკეთე სახელოსნო, სადაც მომხმარებელს არსებული მარაგიდან ადგილზეც შეუძლია პროდუქციის შერჩევა.

2023.12 exibition (34).JPG

  • რატომ თქვენი პროდუქტი/სერვისი? რაში მდგომარეობს თქვენი უნიკალურობა?

ჩვენ ვქმნით ჯანსაღ და ჯადოსნურ გარემოს ბავშვებისთვის. Ikokids აქვს საკუთარი გამორჩეული სტილი, რაშიც ჩვენი კრეატიულობა და შემოქმედებითობა გვეხმარება. ვმუშაობთ ნებისმიერ ინდივიდუალურ შეკვეთაზე: შეგვიძლია პერსონალური სახელის, ნებისმიერი წარწერის, ნახატის, საყვარელი ზღაპრის ან ფილმის გმირის დახატვა. ყველა ნახატი და წარწერა სრულდება ხელით, ანტიალერგიული საღებავებით. ჩვენი პროდუქცია არის მაქსიმალურად უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხით შესრულებული. ჩვენს სათამაშოებს აქვს განსაკუთრებულად ლამაზი, გამორჩეული ვიზუალი და არის განმავითარებელი. დიზაინის შექმნის და ფერების შერჩევის დროს ვითვალისწინებ ინტერიერში ფერების ტენდენციებს, რადგან ისინი სახლის დეკორაციის ნაწილიცაა. პროდუქცია იფუთება ბიოდეგრადირებად ჩანთებში. ქსოვილის ნარჩენებს საწარმოს ვაბარებთ გადასამუშავებლად და ხელმეორედ გამოყენებისთვის. 

405706620_18312962401112728_6691387675691165451_n.jpg

  • რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ ბიზნესში? რატომ კონკრეტულად ეს ბიზნესი, რა მოგწონთ ამ სფეროში?

ბიზნესში ყოფნა დიდი პასუხისმგებლობაა მომხმარებლის, ოჯახის და თანაგუნდელების წინაშე. მნიშვნელოვანია ინვესტიციის ჩადება საკუთარი განათლების და კვალიფიკაციის ამაღლებაში. ეს არის ჩემი საყვარელი საქმე, რომელშიც მთელ გულს და სულს ვდებ, საკუთარი შვილივით ვუვლი, ვზრდი და ვანვითარებ. ეს სფერო მაძლევს საშუალებას, ბავშვებს დაუვიწყარი ემოციები ვაჩუქო.

GE 089.2023 Ia Shengelia (5).JPG

  • რა არის თქვენი ენერგიის წყარო?

იმის განცდა, რომ ვქმნით ბავშვებისთვის საჭირო და მნიშვნელოვან პროდუქციას, რომელსაც სარგებლის გარდა უზარმაზარი და დაუვიწყარი ემოცია მოაქვს – ჩემი ენერგიის წყაროა. 

 

  • რას ურჩევდით ახალგაზრდა ,,მეს“?

არ შეუშინდე დაბრკოლებებს და ცვლილებებს. დაწყება არასოდეს არის გვიან!

ძალიან მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი, რომელთან როგორც პრობლემის, ასევე წარმატების გაზიარება ისეთივე მომენტია ჩემთვის, როგორც ოჯახის წევრისთვის, რომელიც, ვიცი, ორივე შემთხვევაში გულწრფელ თანადგომასა და კომპეტენტურ კონსულტაციას გამიწევს.

  • მთავარი მესიჯი თქვენგან მეწარმეებს...

მუდმივად განვითარდით და გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების!

« უკან
532
Login