19/12/2023

იპოვე სიმშვიდე ქაოსს მიღმა

Copy of Untitled Design.png

ქალბატონი დალი პროფესიით გერმანისტია, მრავალი წელი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალ თაობებს უზიარებდა საკუთარ ცოდნა-გამოცდილებას. საკუთარი შრომისმოყვარეობით, პროფესიონალიზმით, წესრიგის სიყვარულით ბევრისთვის გამხდარა მისაბაძი. გამოწვევებთან გამკლავება, შრომა, სიახლის ძიება მისი ჩვეული მდგომარეობაა. რამდენიმე წლის წინ დედაქალაქიდან საცხოვრებლად მარტვილის რაიონში გადავიდა და ახალ გამოწვევას შეეჭიდა - ოჯახის კუთვნილი სახლი ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის საყვარელ საოჯახო სასტუმროდ Dali's Guest House/დალის საოჯახო სასტუმრო  აქცია.

 

  • როგორ დაიწყო თქვენი ბიზნესის ისტორია, რამ მოგცათ მოტივაცია? 

ქალაქში ცხოვრება დღითიდღე უფრო და უფრო ქაოტური და დამღლელი ხდება, მშვიდ და ჯანსაღ გარემოში დასვენებაზე მოთხოვნა კი - მზარდი. ოჯახთან, მეგობრებთან ერთად განტვირთვა, სუფთა ჰაერზე, ლამაზ გარემოში დროის გატარება და  საინტერესო ადგილების აღმოჩენა ჯანსაღი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ზუსტად ასეთ გარემოში დასვენების შესაძლებლობა მიმეცა ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის ჩვენი ოჯახის კუთვნილ სახლში, რომელსაც სულ რამდენიმე წუთი აშორებს მარტვილის კანიონს. კანიონზე ვიზიტორთა რიცხვი და ღამისთევის მსურველთა რაოდენობაც ჩვენი საქმიანობის დასაწყისში საკმაოდ მაღალი იყო, თუმცა მის სიახლოვეს ამის შესაძლებლობა ნაკლები. ამ ყველაფერმა მოგვცა მე და ჩემს ოჯახს ბიძგი, რომ სასარგებლო და სასიამოვნო ერთმანეთისთვის შეგვეთავსებინა და არამხოლოდ ნაცნობ-მეგობრებისთვის, არამედ უცხო ადამიანებისთვისაც გაგვეღო კარი და მათთვის სიმწვანესა და ყვავილებში ჩაფლულ გარემოში ჩიტების ჭიკჭიკით ტკბობის შესაძლებლობა მიგვეცა...

4.png

 

  • გზა დასაწყისიდან დღემდე, მოლოდინები და რეალობა...

ეს გზა დიდ შრომასთან რომ იქნებოდა დაკავშირებული, ვიცოდი, საქმის ფეხზე დაყენება-გამართვა დიდ ინვესტიციებს რომ მოითხოვს - ესეც, თუმცა ყველაფერი მაინც ალბათ შედარებით მარტივი მეგონა, თუნდაც პერსონალის ან კიდევ არაერთი ბიზნესთან დაკავშირებული სხვა საკითხი. რეალობაში იმაზე მეტ გამოწვევასთან გვიწევს გამკლავება, ვიდრე ველოდით და დროც უფრო მეტი სჭირდება ამ ყველაფერს, თუმცა პროცესი სასიამოვნოა. კმაყოფილი და ბედნიერი სტუმარი, რეკომენდაციით მოსული ახალი მომხმარებელი, ეს არის ჩვენი რეალობა, რომლის შენარჩუნებას ყოველდღიური ზრუნვა, მუდმივი განვითარება და თავდაუზოგავი შრომა სჭირდება.   

 

  • რას სთავაზობთ მომხმარებელს? 

ჩვენთან მოსულ სტუმარს აქვს შესაძლებლობა მშვიდ, მყუდრო, ჯანსაღ გარემოში განიტვირთოს, დაისვენოს, დააგემოვნოს გემრიელი კერძები, დატკბეს ქართული სტუმართმოყვარეობით. ხელსაყრელი მდებარეობა დამსვენებელს  საშუალებას აძლევს აღმოაჩინოს არაერთი ისტორიული მნიშვნელობის ღირსშესანიშნაობა, დატკბეს ბუნების ძეგლებით და ახალი ენერგიით დატვირთული დაუბრუნდეს ყოველდღიურობას. 

  • რატომ თქვენი პროდუქტი/სერვისი? რაში მდგომარეობს თქვენი უნიკალურობა? 

სტუმარს კომფორტულ ოთახებთან ერთად ჩვენთან ხვდება დიდი გამწვანებული სივრცე, სადაც როგორც სიმშვიდით ტკბობის, ასევე აქტიური დასვენების შესაძლებლობა აქვს, მაგ., მეგობრებთან ერთად კალათბურთის თამაში, სიცხეში მდინარეში გაგრილება, მარტვილის კანიონის ფეხით მონახულება და კიდევ უამრავი  ღირსშესანიშნაობის აღმოჩენა ირგვლივ. არაერთი სტუმრისგან გვსმენია, რომ როგორც საკუთარ სახლში, ისე გრძნობდნენ თავს - ეს არის ჩვენთვის მთავარი, სტუმარმა მშვიდად, კომფორტულად და ამავდროულად შინაურულად იგრძნოს თავი.

 

  • რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ ბიზნესში? რატომ კონკრეტულად ეს ბიზნესი, რა მოგწონთ ამ სფეროში?

ძალიან საინტერესო სფეროა, თავისი უამრავი გამოწვევით, როგორც ალბათ ბიზნესის სხვა სფეროები. არაერთ დაბრკოლებასთან გვიწევს გამკლავება, მაგრამ ამავდროულად ეს არის მუდმივი განვითარება, შემოქმედებითი პროცესი და რაც მთავარია, უდიდესი შესაძლებლობა გაიცნო განსხვავებული ეროვნების ახალი ადამიანები ყველა თავისი ხასიათითა და ისტორიით. ადამიანებთან ურთიერთობა ხომ ყველაზე დიდი სიმდიდრეა...

  • რა არის თქვენი ენერგიის წყარო?

ჩემი ხასიათი, შინაგანი მდგომარეობა - ვიყო მუდმივად მოძრაობაში, ძიებისა და რაღაც ახლის შექმნის პროცესში. ყოველ დილას 6 საათზე მოტივაციით სავსე ვდგები, გარეგანი ფაქტორები არ მჭირდება იმისთვის, რომ ენერგია ვიპოვო საკუთარ თავში. 

  • რას ურჩევდით ახალგაზრდა ,,მეს“?

ალბათ მე ისევ ,,მე“ ვიქნებოდი. მომწონს და მიყვარს ჩემი ცხოვრება. ისევ იმ გზას გავივლიდი, რაც გავიარე. ისწავლე, იშრომე, არ დაზოგო თავი, გამოიყენე ყველა შესაძლებლობა - ამას ახალგაზრდა ,,მე“- საც ვეტყოდი და სხვებსაც გარშემო.

  • პირველი რა გახსენდებათ BPN Georgia-ს გაგონებისას?

მახსენდება: არაერთი საინტერესო სემინარი, რაც პრაქტიკაში ძალიან გამომადგა, საინტერესო, ძვირფასი და საჭირო კონტაქტები, რომლებიც BPN Georgia-ს სხვადასხვა შეხვედრებზე დავამყარე, დღემდე გრძელდება ეს ურთიერთობები და ეს ძალიან ძვირფასია ჩემთვის. მუდმივად მახსოვს  BPN Georgia-ს გუნდი, მათთან შეხვედრები, ინფორმაციების გაზიარება და რჩევები, რომლებსაც ვიღებ და ვითვალისწინებ საქმეში.

  • მთავარი მესიჯი თქვენგან მეწარმეებს...

იშრომეთ, არაფერი ითაკილოთ, გქონდეთ მიზნები და თავდაუზოგავად იმუშავეთ ამ მიზნების მისაღწევად!
 

« უკან
196
Login