02/07/2024

სტატია თინათინ იდიძეზე ჟურნალში «LADIES DRIVE» - ბიზნეს ჟურნალი ძლიერი ქალბატონებისთვის

იდიძე 4.png

ბიზნეს ჟურნალი ქალბატონებისთვის სახელწოდებით «Ladies Drive» წელიწადში ოთხჯერ გამოდის გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში და  მოგვითხრობს ქალებზე, რომელთაც ბევრი აქვთ სათქმელი.

2024 წლის გამოცემაში შევხვდებით თინათინ იდიძეს, რომელიც 2022 წლიდან BPN Georgia - ს პროგრამის მონაწილეა. ჩვენ მოხარული ვართ ქართველი ძლიერი ქალბატონის ამ გამოცემაში მოხვედრით და პროფესიულ წარმატებას ვუსურვებთ მას.

გერმანულად გამოცემული სტატიის თარგმნილი ვერსია:

თავგადასავლების მოყვარული ბიზნეს გეგმით

ველური, თავისუფალი, მზად თავგადასავლებისთვის: თინათინ იდიძე არის საქართველოს ერთერთი ყველაზე მიუდგომელი კუთხიდან. ბუნებისადმი, ცხენებისადმი და ტრადიციებისადმი სიყვარულს ის სიხარულით გადასცემს ტურისტებს და ბუნების მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან. რამდენად გაქვს უფლება უჩვენო შენი სისუსტე  და ემოციები სამთო ტურიზმის და საცხენოსნო ტურიზმის წარმოებისას სტუმრებს? Caucastours დამფუძნებელმა იპოვა საკუთარი მმართველობის სტილი: ის ბუნებრივია!

თინათინ იდიძე, მდგრადი ტურისტული კომპანიის Caucastours ხელმძღვანელი, სერტიფიცირებული სამთო გიდი და საცხენოსნო ტურ - გამცილებელი თავის ასევე სერტიფიცირებულ გიდებთან ერთად სთავაზობს სტუმრებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან სათავგადასავლო ტურებს ულამაზეს და ჯერ კიდევ ხელშეუხებელ ბუნებაში კავკასიონის მთებში. 

ინტერვიუ

Ladies Drive:  თავგადასავალი თქვენი პროფესიაა. რა იყო თქვენი ყველაზე დიდი თავგადასავალი?

მე ცნობისმოყვარე ვარ და ხშირად ვაკვირდები, სად გადის ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი. 2015 წელს პირველი სამთო მოგზაურობისას აღმოვაჩნე ჩემი ფიზიკური და მენტალური შესაძლებლობები. მანამდე გაცნობიერებული არ მქონდა, როგორ მომამზადა ბავშვობამ ისეთი რთული და საპასუხისმგებლო ამოცანის შესასრულებლად, როგორიც სამთო გიდის პროფესიაა. ჩემი სააგენტოც ასეთი თავგადასავალია, რომელშიც ყოველგვარი აკადემიური ცოდნის გარეშე, მხოლოდ გიდის გამოცდილებით ამოვყავი თავი. 

ididze.png
Ladies Drive:  თვლი, რომ „სუპერ ვუმენი“ ხარ?

არც მაინცდამაინც. ცნობისმოყვარეობა ადამიანის ბუნებრივი თვისებაა. მე უფრო იღბლიანს ვუწოდებდი თავს, რადგან დავიბადე  ასეთ ლამაზ ადგილას და გარს მეხვია ისეთი ადამიანები, რომელთაც მრავალი შესაძლებლობა გამიხსნეს. ჩემი წვლილი ამ ყველაფერში მხოლოდ ჩემი გაბედული საქციელია. არასოდეს ვამბობ, რომ რამე არ შემიძლია, გამოწვევებს თამამად ვხვდები. დამოკიდებულებადაც კი მექცა გამოწვევების გამკლავება. 


Ladies Drive:  მთებში ხშირად სიკვდილ - სიცოცხლეს ეხება საქმე. აძლევთ თავს უფლებას, სუსტად მოაჩვენოთ თავი მომხმარებლებს ან თანამშრომლებს?

არ ვცდილობ თავი უშეცდომოდ მოვაჩვენო. ეს საქმიანობა მეც და ჩემს თანამშრომლებსაც სიამოვნებას გვანიჭებს. ჩვენს ერთმანეთის დადებით და უარყოფით მხარეებს პატივს ვცემთ და ერთმანეთს მხარს ვუჭერთ გამოწვევების დაძლევაში. მე ყოველთვის გულდასმით ვუსმენ ჩემს გუნდს და მომხმარებლებს. ხშირია მთაში სიტუაციები, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მარტოს მიწევს, თუმცა მანამდე ვუხსნი ყველას, როგორ მივედი ამ გადაწყვეტილებამდე. მათაც ვთხოვ გამოთქვან საკუთარი აზრი. ეს ნდობა გვაძლევს ურთიერთმხარდაჭერით და ურთიერთგაგებით მიზნების მიღწევის შესაძლებლობას.  
 

Ladies Drive:  ოდესმე შეგპარვიათ საკუთარ თავში ეჭვი?

დიახ, ხანდახან. მე არც ტურიზმი მისწავლია, არც ეკონომიკური განათლება მიმიღია. ხშირია პრობლემები, რომელთა გადაჭრის გზას ვერ ვხედავ და თავს ღონემიხდილად ვგრძნობ. ამ კონტექსტში BPN Georgia - ს სემინარები ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. კომპანიის ქაოსიდან გამოყვანაში განსაკუთრებით დამეხმარა სემინარები „ფინანსური მენეჯმენტი“ და „ბიზნესის ადმინისტრირება“. ამის მიუხედავად ვთვლი, რომ ჩვენი ყველაზე ცუდი მმართველი შეგვიძლია ვიყოთ ისევ ჩვენ. 


Ladies Drive:  რა გაძლევთ ძალას?  

დავინახო, რომ რასაც ვაკეთებ, მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ ვაკეთებ. მიუვალი ადგილების მოსახლეობას უხარია, როცა ახალ შანსებს ხედავენ მათი რეგიონისთვის. სტუმრებს მოსწონთ ადგილობრივების სტუმართმოყვარეობა და იმის განცდა, რომ ხდებიან მათი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. ისინი აფასებენ შორეულ და ხელშეუხებელ ბუნებაში ველურ ლაშქრობებს და მთელი გულით ხელს უწყობენ ამ სერიოზული ტიპის ტურიზმის განვითარებას.

Ladies Drive:  რა არის თქვენი ბიზნეს მოდელი, თქვენი გამორჩეული მხარე და როგორ მიხვედით აქამდე?

მე მდგრადი და სერიოზული ტურისტული მოდელი შევიმუშავე. მას შემდეგ, რაც ტურიზმის დარგში ვარ, ვაკვირდები, როგორ შეცვალა მასობრივმა ტურიზმმა ის რეგიონები, რომლებიც ინფრასტრუქტურულად ადვილად მისადგომია. როგორ შეიცვალა ასევე დამოკიდებულება სტუმრებსა და მასპინძლებს, ან მასპინძლებს და მეზობლებს შორის. ხშირია დაპირისპირებები. ასევე ვადევნებდი თვალს, როგორ ტოვებდა შორეულ რეგიონებს მოსახლეობა, რადგან რთული საცხოვრებელი პირობების ფონზე საკმარის შემოსავალს ვერ იღებდნენ. მე სწორედ ასეთი რეგიონიდან ვარ, რომელიც თავისი მდებარეობით, ბუნებით, ეთნოკულტურით, ტრადიციებით და რიტუალებით გამოირჩევა. გულს მტკენს მეცხვარეების კულტურის დაკარგვა, რომელიც ჩვენი ტრადიციის შემადგენელი ნაწილი იყო. ამას განეკუთვნება მეცხვარეთა ქოხები, მხედრების კულტურა, რაც ადგილობრივ ეთნო კულტურას განსაზღვრავდა. ეს მიმართულებები მხოლოდ შემოსავლის წყარო კი არ იყო, არამედ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას და იდენტობას წარმოადგენდა. ჩვენ გვეშინია, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ნაწილს დავკარგავთ. 


Ladies Drive:  როგორ გეხმარებათ ტურიზმი ამ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში?

ტურიზმი მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა ცხოვრების ტრადიციული წესისთვის. მეცხვარეთა ცხოვრების წესის ჩართვა ტურისტულ პროგრამაში უზრუნველყოფს ამ მიმართულების ტრადიციების შენარჩუნებას და ადგილობრივებისთვის ფინანსური უსაფრთხოების შექმნას. ეს რომ გავაცნობიერე, დავიწყე სხვა რეგიონებში მსგავსი სათავგადასავლო შესაძლებლობების მოძიება. ეს ის პოტენციალია, რომელიც აქამდე აუთვისებელია. მე ვხედავდი, როგორ აფასებდნენ სტუმრები ბუნებაში განცდილ ამ წუთებს და მივხვდი, რომ ეს  უნდა ყოფილიყო ჩემი ნიშა.


Ladies Drive:  ყველაზე მეტად რომელი შეთავაზებები მოსწონთ თქვენს სტუმრებს?

ლაშქრობა, ჯირითი და თხილამურები. ასევე ცხრის ფარის გადარეკვა ან 250 კილომეტრიანი საცხენოსნო ტური საზამთრო და საშემოდგომო საძვრებზე. საოცარი ბედნიერების შეგრძნებაა მათთვის ასევე ბატკნების დაბადების პროცესის ყურებაც.  ამ წუთებში ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ სამსახური ზურგჩანთით დამაქვს და ბუნების ამ საოცრების მოწმე ვარ. 

ididze 2.png

« უკან
668
Login