19/07/2024

ჩემი ბიზნესის ისტორია - ნინო დევაძე

signal-2024-07-22-112108_002 copy.jpg

გარდა იმისა, რომ ხართ მეწარმე, კიდევ რას გვეტყოდით თქვენზე?

ვარ 5 საოცარი შვილის დედა, მოყვარული ფოტოგრაფი და ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ბუნებასთან ახლოს ყოფნა. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, არ ვუკრავ არცერთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე. თუმცა,  ნამდვილი მელომანი და ჭეშმარიტი მსმენელი ვარ.

რატომ ეს ბიზნესი? 

თავიდან, როდესაც უბრალოდ დავიწყეთ, ვერც ვაცნობიერებდი რასთან მქონდა საქმე, ახლა კი როცა მუსიკის სახლს თავისი წვლილი შეაქვს დიდ მუსიკალურ ინდუსტრიაში, ვგრძნობ, რამდენი ადამიანის შთაგონება შეგვიძლია, რამდენის გახარება და ზიარება ისეთ ხელოვნებასთან, როგორიცაა  მუსიკა. რა თქმა უნდა, ხარისხიანად.

მთავარი სარგებელი, რომელსაც თქვენი პროდუქტი/სერვისი აძლევს მომხმარებელს?
მსოფლიოში აღიარებული ბრენდების მუსიკალურ ინსტრუმენტებთან წვდომა, რაც გულისხმობს შეხებას, შეგრძნებას, მოსმენას და ინსტრუმენტების ისე შერჩევას, რომელიც  საშუალებას მოგცემს გამოხატო საკუთარი თავი და შენს გვერდზე მყოფებს მაქსიმალური სიხარული მიანიჭო. თუმცა, ყველაზე მთავარი ალბათ მუსიკოსებისთვის ისაა, რომ მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა მუსიკალური ბრენდის ოფიციალური პარტნიორები ვართ და დაახლოებით ოცი წელია სანდოობისა  და ერთგულების გარანტიას ვნერგავთ.

რაში მდგომარეობს თქვენთვის ბიზნესის წარმატების  ფორმულა? 
ფორმულა მარტივია, ჯიუტად წინსვლა, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, როგორც კომპანიის შიდა სამზარეულოში, ასევე ქვეყანასა და მსოფლიოში.  ყველა გამოწვევის მიღება და საქმის იმედიანად გაგრძელება.
 

ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც აქციეთ შანსად? 

ფაქტია, რომ ყოველდღიური რუტინა ზოგჯერ გვაკარგინებს ან არ გვაძლევს საშუალებას დავინახოთ ის შანსი, რაც ხშირად მოგვეცემა ხოლმე. როცა გადავწყვიტე მეტი დრო დამეთმო განვითარებისთვის და ნაკლები ყოველდღიური საქმისთვის, მაშინ მივხვდი, რომ ბევრ რამეს ვერც კი ვაცნობიერებდი, სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ ჰორიზონტი გაცილებით ფართო ყოფილა, ვიდრე წარმოვიდგენდი.

რა  გაძლევთ ძალასა და ენერგიას თქვენი ყოველდღიური საქმიანობისთვის? 

ენერგიას და წინსვლის სურვლის მაძლევს იმის შეგრძნება, რომ მარტო არ ვარ, ძალას მაძლევს იმაზე ფიქრიც, რომ შემიძლია მაგალითი ვიყო ჩემი გადადგმული ნაბიჯით თუ ქმედებით და  სხვასაც მივცე მოტივაცია, მცირედი ბიძგი თუ იდეა, დავანახო რამდენი შესაძლებლობა არსებობს მაშინაც კი, როცა  მრავალშვილიანი დედა ხარ და საზრუნავი და საფიქრალი არასოდეს გელევა.

მთავარი მიზეზი რატომ BPN Georgia? 

როცა  ონლაინ სივრცეში შემთხვევით აღმოჩენილი ტრენინგი გავიარე BPN Georgia-ში - ,,ჩემი ბიზნეს გეგმა - წარმატების გასაღები’’, ზუსტად მაშინ მივხვდი რამდენი შესაძლებლობა არსებობს, რამდენი შანსები გვეძლევა. მივხვდი რომ ამ კომპანიას შეეძლო ჩემს გვერდით დგომა და მხარდაჭერა, შეეძლო ყოფილიყო ის, ვინც გეიმედება და ბიზნეს სამყაროს ქაოსში შეუძლია აზრები დაგილაგოს და საუკეთესო მიმართულება აგარჩევინოს, ამიტომაც გადავწყვიტე გავმხდარიყავი ამ კომპანიის მიერ შექმნილი ოჯახის წევრი.

BPN Georgia რომ პიროვნება ყოფილიყო, როგორი იქნებოდა ის? 
საუკეთესო ბიზნეს მეგობარია, დიდი გამოცდილებით, დაუზარელი მრჩეველი, საქმის პროფესიონალი და რაც მთავარია, მოტივატორი.
 

თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით რას  ურჩევდით მეწარმეებს?
ახალ წამოწყებებს არ შეუშინდეთ, არ გაჩერდეთ, არ მოხვდეთ სხვისი აზრების გავლენის ქვეშ, აღმოაჩინეთ, შეინარჩუნეთ და განავითარეთ თქვენი უნიკალურობა. დარწმუნებული იყავით იმაში, რასაც აკეთებთ და აუცილებლად გადასდებთ ამას სხვებსაც, რაც განვითარების გზაზე უფრო და უფრო წინ წაგიყვანთ.

როგორ ფიქრობთ, მომხმარებელია მეფე, თუ თქვენ? 
მეფობა დიდი ტვირთია, მეფობისთვის ცოდო ვარ მეც და მგონია, რომ მომხმარებელიც :)

წარსული, აწმყო თუ მომავალი? 

წარსული არის ის, რამაც აწმყომდე მოგიყვანა, პატივსაცემია და დასაფასებელი ყველა ის გამოცდილება, კარგიც და ცუდიც, რამაც გაქცია იმ პიროვნებად რაც დღეს ხარ, ხოლო აწმყო არის ის შანსი, რამაც უნდა გაქციოს უკეთეს ადამიანად, ვინც მომავალში გახდები. 
 

« უკან
256
Login