24/04/2024

ჩემი ბიზნესის ისტორია - დიმიტრი საყევრიშვილი

GE 025.2019 Dimitri Sakhevrishvili (16).JPG

გარდა იმისა, რომ ხართ მეწარმე, კიდევ რას გვეტყოდით თქვენზე?

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სოციალური საწარმო მიბმულია შშმ პირთა დღის ცენტრს და ძირითად სამიზნე ჯგუფს სწორად ეს ადამიანები წარმოადგენენ, ჩვენ, რა თქმა უნდა, არა ვართ მხოლოდ მეწარმეები, არამედ ვართ გარანტი შშმ პირების და მათი ოჯახებისთვის სტაბილური და ღირსეული გარემოს შესაქმნელად.

რატომ ეს ბიზნესი?

მოვიკვლიეთ რა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული ბიზნეს შეთავაზებები, გამოიკვეთა ხის სასაჩუქრე ნაკეთობების საჭიროება იმ ძირითად სერვისებთან ერთად, რასაც ჩვენი  სოციალური საწარმო ზემოთ აღნიშნულ პირებს სთავაზობს.

მთავარი სარგებელი, რომელსაც თქვენი პროდუქტი/სერვისი აძლევს მომხმარებელს?

მთავარი სარგებელი გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები ჩვენთან მათთვის ძალიან მნიშვნელოვან მომსახურებას იღებენ, არის ის, რომ ჩვენ მათთან ერთად ასევე ვქმნით მომხმარებლის საჭიროებასა და სურვილზე მორგებულ ინდივიდუალურ პროდუქტებს.

რაში მდგომარეობს თქვენთვის ბიზნესის წარმატების  ფორმულა?

ჩემი აზრით, ბიზნესის წარმატების ფორმულა მდგომარეობს შემდეგში: სტაბილური და კმაყოფილი მომხმარებლები, განახლებადი პროდუქცია, განვითარებაზე ორიენტირებული მეწარმე.

ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც აქციეთ შანსად? რა გასწავლათ ამ კონკრეტულმა შემთხვევამ?

ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის  პანდემიის პერიოდი იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ ბიზნესს უნდა ჰქონდეს ლავირების საშუალება და სწრაფად უნდა შეეძლოს არსებულ მდგომარეობაზე მორგება.

რა  გაძლევთ ძალასა და ენერგიას თქვენი ყოველდღიური საქმიანობისთვის?

ჩვენი მოსარგებლეების ბედნიერი და ხალისიანი სახეები.

მთავარი მიზეზი რატომ BPN Georgia?

პირველ რიგში, BPN Georgia-ს აქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, გუნდის პროფესიონალიზმს აუცილებლად გავუსვამდი ხაზს, ასევე იმას, რომ BPN Georgia-სთან თავს დიდი ოჯახის წევრად  ვგრძნობთ.

BPN Georgia რომ პიროვნება ყოფილიყო, როგორი იქნებოდა ის?

BPN Georgia პიროვნება რომ ყოფილიყო, ის ნამდვილად იქნებოდა მზრუნველი, დამრიგებელი, ყურადღებიანი ადამიანი.

თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით რას  ურჩევდით მეწარმეებს?

ვურჩევდი, რომ საქმიანობაში გააერთიანონ ფინანსები, გული და გონება.

როგორ ფიქრობთ, მომხმარებელია მეფე, თუ თქვენ?

ჩვენი გადასახედიდან, მომხმარებელია მეფე, ჩვენ კი მისი საუკეთესო მრჩეველი ვართ, რათა მან განსხვავებული და მისთვის სასურველი პროდუქტი მიიღოს.

წარსული, აწმყო თუ მომავალი?

წარსულის და აწმყოს გათვალისწინებით პრიორიტეტულად ვთვლით მომავალზე ორიენტირებას.

« უკან
158
Login