20/05/2024

ჩემი ბიზნესის ისტორია - ლაშა ბოლქვაძე

019.jpeg

გარდა იმისა, რომ ხართ მეწარმე, კიდევ რას გვეტყოდით თქვენზე?

დავიბადე და გავიზარდე ხულოს მუნიციპალიტეტში, ჩემთვის ხულო ყველაფერია. ბავშვობიდან სწავლასთან ერთად, როგორც თითქმის ყველა 90-იანელ ბავშვს, მეც მიწევდა ვყოფილიყავი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული და ოჯახს დავხმარებოდი. ამან კიდევ უფრო კარგად მასწავლა მიზნების მკაფიოდ ჩამოყალიბება და მათი მიღწევისათვის შესაძლებლობების ძიება. ბავშვობაში, წიგნის კითხვაში გართულს, ბევრჯერ დამკარგვია საძოვარზე საბალახოდ წაყვანილი პირუტყვი... 
ძირითადი საქმიანობის პარალელურად, გონებრივი გადაღლილობისას ფიზიკური შრომით მიყვარს განტვირთვა... დღესაც ვუძღვები ოჯახის სამეურნეო საქმიანობას - ვთესავთ კარტოფილს, სიმინდს, ვუვლით ბოსტანსა და ხეხილს, ვცელავთ სათიბებს ზამთრისთვის პირუტყვის გამოსაკვებად...
თავისუფალ დროს მიყვარს შვილებთან სხვადასხვა თემებზე საუბარი...

რატომ ეს ბიზნესი? 

აჭარა საქართველოს ულამაზესი კუთხეა, ზღვისპირა ქალაქი ბათუმი კი - ბოლო წლების სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება, რომელსაც წლიდან წლამდე უამრავი ტურისტი და ვიზიტორი სტუმრობს. ცალკე აღნიშვნის ღირსია აჭარის მაღალმთიანეთი, რომელიც გამორჩეულია თავისი ისტორიულ-კულტურული, თუ ბუნებრივი პირობებით. ხულოში სტუმარმასპინძლობა ისტორიული თავისებურებებით ხასიათდება - ,,სტუმარი ღვთისაა“, ბევრი ტრადიციაა შემონახული და ეს დიდ საგანძურს წარმოადგენს. ხულოს ბუნებრივ პირობებთან ერთად, ადგილობრივი ტრადიციების მიმართ გაზრდილმა ინტერესმა, ტრადიციული გემრიელი სამზარეულოს არსებობამ და ჩვენი მიწის ნაკვეთის სტრატეგიულმა მდებარეობამ (ჩვენი სასტუმროდან მუნიციპალიტეტის ყველა ხეობაში, ასევე, მეზობელ მუნიციპალიტეტებში გადაადგილება შესაძლებელია მარტივად) გადაგვაწყვეტინა, პატარა, მოკრძალებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო - Khulo Inn აგვეშენებინა  და მაღალმთიანი აჭარის სტუმრებისთვის გვემასპინძლა. ეს შესაძლებლობას გვაძლევს ხულოს და ზოგადად მაღალმთიანი აჭარის ისტორია და კულტურა გავაცნოთ დაინტერესებულ ადამიანებს...

მთავარი სარგებელი, რომელსაც თქვენი პროდუქტი/სერვისი აძლევს მომხმარებელს?

პირველები ვიყავით, ვინც დაბა ხულოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და საუკეთესო სერვისზე გათვლილი სასტუმრო მომსახურება შევთავაზეთ ჩვენს მომხმარებლებს. ჩვენთან თანამედროვეობა და ტრადიცია ერწყმის ერთმანეთს, ამასთან ერთად  სტუმართა მოთხოვნილებების შესაბამისად ყოველდღიურ რეჟიმში ვაუმჯობესებთ მომსახურებას. ვფიქრობ, აღნიშნული ფაქტორია იმის მიზეზი, რომ მცირე დროში უკვე მრავალი კმაყოფილი სტუმარი გვყავდა ევროკავშირის არაერთი ქვეყნიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ჩვენი მიზანია, სტუმრებს კომფორტულ გარემოსთან ერთად მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია რეგიონისა თუ ქვეყნის ისტორიის, კულტურის, ადგილობრივი ტრადიციებისა და მათთვის საინტერესო სხვა შესაძლებლობების შესახებ. წარმატებით ვუმასპინძლეთ რამდენიმე სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ მინი კონფერენციებსა და სემინარებსაც. სასტუმრო Khulo Inn სასემინარო სივრცესაც სთავაზობს დაინტერესებულ მომხმარებელს.

რაში მდგომარეობს თქვენთვის ბიზნესის წარმატების  ფორმულა? 

სასტუმრო ბიზნესი ძალიან მგრძნობიარეა ბევრი გარემო ფაქტორის მიმართ, ამის გათვალისწინებით უნდა გაგიმართლოს კიდეც, წარმატებას რომ მიაღწიო ... 
გარდა ამისა, სერვისის ყოველდღიური გაუმჯობესება, მომხმარებლის საჭიროებების მუდმივი კვლევა და უბრალოდ, დაუღალავი შრომა, ვფიქრობ, არის ბიზნესის წარმატების ფორმულა.

ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც აქციეთ შანსად? რა გასწავლათ ამ კონკრეტულმა შემთხვევამ?

ბიზნესის მოწყობის პროცესში ერთ-ერთი ორგანიზაციის მხრიდან გაუთვალისწინებელ წინააღმდეგობას შევხვდით, ამან საფრთხის ქვეშ დააყენა საერთოდ ჩვენი ბიზნესის განხორციელება. თუმცა, მიუხედავად სხვებისგან გარკვეული დახმარების ამაოდ მოლოდინისა, საბოლოოდ კანონმდებლობით დადგენილი წესების ზუსტი დაცვით მივაღწიეთ მიზანს და ჩვენი ბიზნესი შედგა... 
ამ კონკრეტული შემთხვევის შემდეგ კიდევ ერთხელ დავინახე, რომ: წინასწარ ყველაფერი სწორად უნდა შეაფასო, განსაზღვრო რისკები,  მხოლოდ შენი ცოდნისა და შესაძლებლობების იმედი უნდა გქონდეს და ყველაფერი იქნება კარგად! 

რა  გაძლევთ ძალასა და ენერგიას თქვენი ყოველდღიური საქმიანობისთვის? 

ვფიქრობ, რომ ჩემი კონკრეტული საქმიანობა და მისი შედეგები მხოლოდ მე არ მეკუთვნის - ეს ემსახურება ჩემი სამშობლოს გაძლიერებას და მინდა მაგალითი იყოს სხვებისთვის, თუ როგორ მარტივად არის შესაძლებელი გიყვარდეს შენი ერი და ქვეყანა და წვლილი შენც შეიტანო შენი რეგიონის, ქვეყნის განვითარებაში.

მთავარი მიზეზი რატომ BPN Georgia ?  

BPN Georgia არის მოტივირებული, დახმარებასა და კონკრეტულ მიზნებზე ორიენტირებული ადამიანების გუნდი, რომლისთვისაც თითოეული მეწარმის წარმატება საკუთარი წარმატების ტოლფასია. BPN Georgia-ის ინდივიდუალური კონსულტაციები არ შემოიფარგლება წინასწარ გაწერილი დედლაინებითა და გეგმებით. ის მოიცავს ისეთ დეტალებსა და ნიუანსებს, რომლებზეც შესაძლოა ყველაზე უკმაყოფილო მომხმარებელმაც კი არ მიგანიშნოს. BPN Georgia-ის სემინარებზე ხდება საკითხების ფართოდ გაშლა, პროცესის ინტერაქტიულ რეჟიმში წარმართვა და კითხვებზე ამომწურავ პასუხებს ვიღებთ. BPN Georgia მუდამ ცდილობს ინდივიდუალური კონსულტაცია-ქოუჩინგებით უზრუნველყოს გამოწვევების წინაშე მდგარი ბიზნესის მოტივირება და გადარჩენა.

BPN Georgia  რომ პიროვნება ყოფილიყო, როგორი იქნებოდა ის?

მაღალი, სუსტი, კეთილი და გამჭრიახი. კომუნიკაბელური და სხვების დახმარებაზე ორიენტირებული. ტიპიური ტრადიციული ქართველი, რომელიც უფრო მეტს გასცემს, ვიდრე სანაცვლოდ ელოდება. 

თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით რას  ურჩევდით მეწარმეებს? 

ბიზნესში მთავარია, მუდმივი ძიება, მუდმივი შრომა. ბიზნესის სწორად დაგეგმვა, მისი შემდგომი წარმატების მყარი საფუძველია. SWOT ანალიზი და ბიზნეს-გეგმის გამართულად შედგენა განსაზღვრავს სამომავლოდ შენი ბიზნესის მდგრადობასა და შესაძლო გადახრებთან დროულ ადაპტაციას. 

როგორ ფიქრობთ, მომხმარებელია მეფე, თუ თქვენ?

მომხმარებელი ყოველთვის მეფეა, თავისი მოთხოვნილებებითა და პრეტენზიებით. თუმცა, ბიზნესში არსებობს ზღვარი, როდესაც საჭიროა პოზიტიური კომუნიკაციის გზით, ნაწილობრივ შეფარვით შევახსენოთ მეფესაც, რომ მოცემულ მომენტში ჩვენს სამფლობელოშია, სადაც, ისევე როგორც სხვაგან, წინასწარ გაწერილი ზოგადი ქცევის წესები მოქმედებს და ამ წესებს პატივისცემით უნდა მოეკიდოს.

წარსული, აწმყო თუ მომავალი?  

ვფიქრობ ბიზნესში წარსულის გამოცდილება მნიშვნელოვანია, აწმყო აჩვენებს ჩვენს იდეალურ, ან მასთან მიახლოებულ ქცევას კონკრეტულ დროის მომენტში, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ბიზნესის მომავალს. 

« უკან
353
Login