24/04/2024

ჩემი ბიზნესის ისტორია - მანანა ყატაშვილი

p18-4.jpg

გარდა იმისა, რომ ხართ მეწარმე, კიდევ რას გვეტყოდით თქვენზე?

ჩემს მიერ დაფუძნებული ტურისტული ბიურო „დედოფლისტური“ გაწევრიანებულია ა(ა)იპ დედოფლისწყაროს ტურიზმის განვითარების ასოციაციაში, სადაც მიკავია ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის პოზიცია. ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ტურიზმის ბიზნესის ხელშეწყობის, ტურისტული პროდუქტების შექმნის და ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.  

რატომ ეს ბიზნესი? 

ბავშვობიდან მიყვარს ბუნება, ლამაზი ხედები, საინტერესო ისტორიების წაკითხვა და მოყოლა. უნივერსიტეტში სწავლის დროს ძირითად პროფესიასთან ერთად, ხელოვნების ფაკულტეტზე დავეუფლე „მხარეთმცოდნის“ სპეციალობასაც. შემდეგ, ჩემს რაიონში სხვადასხვა საჯარო სამსახურში მუშაობისას არაოფიციალურად მიწევდა  გიდის ფუნქციის შესრულება.  თანდათან მივხვდი, რომ გიდის პროფესია და ზოგადად, ტურიზმი ის სფეროა, რაც მომწონს, მაინტერესებს და შემოსავლის მომტანიც არის. ამიტომაც დავაფუძნე 2019 წელს ტურისტული ბიურო „დედოფლისტური“. 

მთავარი სარგებელი, რომელსაც თქვენი პროდუქტი/სერვისი აძლევს მომხმარებელს?

ჩვენი სერვისი მომხმარებელს აჩვენებს განსხვავებულ დედოფლისწყაროს, უნიკალურ ქიზიყს თავისი ლანდშაფტებით, ეთნოგრაფიით, ღვინით, გასტრონომიით, გულთბილი და ალალი ადამიანებით, ასევე - დააფიქრებს და აგრძნობინებს ოჯახის და ტრადიციების მნიშვნელობას. 

რაში მდგომარეობს თქვენთვის ბიზნესის წარმატების  ფორმულა? 

ბიზნესი წარმატებულია, თუ ყველა ჩართული მხარე - მომსახურების შემქმნელი, მიმწოდებელი და მომხმარებელი კმაყოფილია მორალურად და მატერიალურად.

ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც აქციეთ შანსად? რა გასწავლათ ამ კონკრეტულმა შემთხვევამ?

მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის, და განსაკუთრებულად, ტურიზმის სფეროსთვის უდიდესი გამოწვევა იყო Covid-პანდემია. ტურიზმში მუშაობა სულ ახალი დაწყებული მქონდა და ძალიან დავზარალდი. კარანტინების პერიოდი სწავლისთვის და ონლაინ ტრენინგებისთვის გამოვიყენე, გავაუმჯობესე ჩემი ცოდნა ინგლისურში და სხვა, მაგრამ როცა შეზღუდვები მოიხსნა, აღმოჩნდა, რომ გაჩნდა პერსონალის, განსაკუთრებით, გიდების, მწვავე  დეფიციტი. ახლა ტურები ისე ავაწყე, რომ საჭიროების შემთხვევაში მე თავად შევასრულო გიდის მოვალეობები.
ამ კონკრეტულმა შემთხვევამ მასწავლა, რომ ბიზნესის დაგეგმვისას აუცილებლად მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული  ყველა შესაძლო რისკი, არსებობდეს რისკების პრევენციის და დაძლევის გეგმები, აუცილებელია საკუთარი შესაძლებლობების: ცოდნა, გამოცდილება, ადამიანური რესურსები, მატერიალური და ფინასური რესურსები და სხვა ობიექტურად შეფასება და ანალიზი. აუცილებლია იმის წინასწარ ცოდნა, მარტო თუ დავრჩებით ბიზნესში, მაშინ რას გავაკეთებთ. ვფიქრობ, მე ვახერხებ რთული სიტუაციიდან გამოსვლას. 

რა  გაძლევთ ძალასა და ენერგიას თქვენი ყოველდღიური საქმიანობისთვის? 

საკუთარი საქმის, რაიონის და ჩემი კუთხის სიყვარული, ასევე - იმის რწმენა, რომ ჩემი ბიზნესი მომავალ 2 წელიწადში აუცილებლად ძალიან წარმატებული იქნება.

მთავარი მიზეზი რატომ BPN Georgia?   

იმიტომ, რომ BPN Georgia-ს პროფესიონალთა გუნდი ზრუნავს ჩვენზე, როგორც მომხმარებლებზე.

BPN Georgia რომ პიროვნება ყოფილიყო, როგორი იქნებოდა ის?  

ენერგიული ადამიანებისგან შემდგარი ოჯახი, რომლის წევრებიც თავის  პროფესიონალიზმს სხვების დასახმარებლად იყენებენ. ისინი არიან მუდამ სიახლეზე ორიენტირებული, მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული სერვისის შემქმნელები და მიმწოდებლები.

თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით რას  ურჩევდით მეწარმეებს?  

თუ სურთ ბიზნესის სწორად დაწყება და წარმატების მიღწევა, აუცილებელია საკუთარი თავის, შესაძლებლობების სწორად შეფასება და ბიზნესის დარგში კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება, ასევე - ისეთი საკითხების სწავლა, რაც ბიზნესის მატერიალური, ფინანსური, ადამიანური რესურსების მართვა - განვითარებას შეეხება.  ამის სწავლა კარგად შეიძლება კომპანია „BPN Georgia“-ში. 

როგორ ფიქრობთ, მომხმარებელია მეფე, თუ თქვენ?

ბევრ სფეროში გამოყენებული ფრაზა „კლიენტი ყოველთვის მართალია“ ეკუთვნის „რიცის“ ცნობილი სასტუმროების  ქსელის დამაარსებელს შვეიცარელ ცეზარ რიცს. 
ტურიზმში მომხმარებელი არის სტუმარი, კი, სტუმარი მეფეა, ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ სტუმრის კმაყოფილებაზე, მაგრამ სტუმარი მეფეა იქამდე,  ვიდრე  ის არ ითხოვს ისეთი სერვისის/პროდუქტის მიწოდებას, რაც არ შეესაბამება ჩვენი კომპანიის იმიჯს და ჩვენი ქვეყნის ტრადიციებს.

წარსული, აწმყო თუ მომავალი?  

აწმყო — შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა - ცნობილი მათემატიკოსის - ლაინბიცის ეს ფრაზა (The present is saturated with the past and pregnant with the future), რომელიც ილია ჭავჭავაძემ თარგმნა ქართულად, ერთმანეთთან აკავშირებს სამივე დროს და ცნებას. ვფიქრობ, წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, აწმყოში ოპტიმალური ქცევით უნდა ვიაროთ მომავლისკენ, თუკი გვინდა, რომ განვვითარდეთ.

« უკან
52
Login