08/04/2024

ჩემი ბიზნესის ისტორია - მირანდა დავითაშვილი

434825502_681263797376569_1150162877571313143_n.png

გარდა იმისა, რომ ხართ მეწარმე, კიდევ რას გვეტყოდით თქვენზე?

მეწარმეობამდე ვიყავი ფრანგული ენის მასწავლებელი და ფრანგული ინსტიტუტის კურსების დირექტორი.   ამ წლების განმავლობაში, კარგი გამოცდილება მივიღე როგორც საქართველოში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში სწავლებითა და სამუშაო ვიზიტებით. სწორედ ამ პროფესიის სიყვარულმა და მიღებულმა გამოცდილებამ გადამაწყვეტინა ფრანგული ენის ცენტრის დაარსება.

რატომ ეს ბიზნესი? 

საქართველოში დღითიდღე იზრდება ინტერესი ფრანგული ენისა და კულტურის მიმართ.  ბიზნესის დაწყებამდე, ჩვენმა გუნდმა კარგად განვსაზღვრა ჩვენი პოტენციალი და ჩვენს ხელთ არსებული რესურსები. აპოსტროფის ყველაზე ძვირფასი  რესურსია ჩვენი პედაგოგიური გუნდი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ცენტრის დაარსებასა და განვითარებაში. თითოეული მასწავლებელი ბევრად მეტს აკეთებს კომპანიის განვითარებისთვის, ვიდრე მხოლოდ ფრანგული ენის  სწავლებაა. წორედ ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი განაპირობებს აპოსტროფის წარმატებას და  ზრდას.

მთავარი სარგებელი, რომელსაც თქვენი პროდუქტი/სერვისი აძლევს მომხმარებელს? 

ჩვენს კურსებს ბევრი ასპექტი განასხვავებს სხვა ცენტრებისგან.

  • პირველ რიგში, ესაა მოქნილი შეთავაზებები (სტუდენტების რაოდენობის, გრაფიკების, პროგრამებისა და ტარიფების თვალსაზრისით).  კარგად გვაქვს გააზრებული, რომ დღევანდელი ცხოვრების ტემპი მკვეთრად განხსვავდება თუნდაც 10-15 წლის წინანდელი სტუდენტების რეჟიმისგან.. ამიტომ, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ ყველა სეგმენტის მოთხოვნას, როგორც საათობრივ ბადესთან, ასევე პედაგოგიურ პროგრამებთან დაკავშირებით.
  • მეორე მნიშვნელოვანი  საკითხია ენის სწავლების ჩვენეული ფორმულა-ლინგვისტურ ცოდნასთან შეზავებული ფრანგული კულტურისა და ღირებულებების გაზიარება. 

რაში მდგომარეობს თქვენთვის ბიზნესის წარმატების  ფორმულა? 

ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ნებისმიერ დარგში, პროფესიონალიზმი და საკუთარი საქმის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია  წარმატებისთვის. რაც შეეხება ბიზნესის წარმატებას, აქ ამ ყველაფერთან ერთად მუდმივ განვითარებასაც გავუსვამდი ხაზს.

ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც აქციეთ შანსად? რა გასწავლათ ამ კონკრეტულმა შემთხვევამ?

ჩემი კარიერის განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევა კოვიდ 19-თან არის დაკავშირებული. ეს იყო პერიოდი, როდესაც დისტანციური კურსების დაორგანიზება დავიწყეთ. სწორედ ამ პერიოდში გაგვიჩნდა იდეა გაგვეკეთებინა ახალი შეთავაზებები და გავსულიყავით სრულიად ახალ სეგმენტებზე.

რა  გაძლევთ ძალასა და ენერგიას თქვენი ყოველდღიური საქმიანობისთვის?

ყველაზე დიდ ძალას კოლეგებთან მუშაობა მაძლევს. ყოველდღიურ მუშაობაში გუნდის თითოეული წევრისგან უამრავ დადებით ემოციას და ახალ ცოდნას ვიძენ.  ასევე დიდ მოტივაციას მაძლევს ჩვენი სტუდენტების პროგრესი და დადებითი უკუკავშირები.

მთავარი მიზეზი რატომ BPN Georgia? 

BPN Georgia არის შესანიშნავი ადგილი იმ მეწეარმეებისთვის, რომლებსაც მუდმივი განვითარება აქვთ გადაწყვეტილი. ჩემი ყოველი შეხება BPN Georgia-სთან საოცრად ნაყოფიერი და პროდუქტიულია. ძალიან მიხარია, რომ ეს გუნდი აღმოვაჩინე. 

BPN Georgia რომ პიროვნება ყოფილიყო, როგორი იქნებოდა ის?  

ჩემი აზრით, ეს იქნებოდა მზრუნველი, ყურადღებიანი, დახვეწილი და თავისი საქმის მცოდნე ადამიანი, რომლის იმედიც შეგიძლია გქონდეს.

თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით რას  ურჩევდით მეწარმეებს? 

არ დანებდნენ და არსოდეს გაჩერდნენ.

როგორ ფიქრობთ, მომხმარებელია მეფე, თუ თქვენ?

არცერთი. მომხმარებელი ჩვენთვის  სტუდენტი ან მშობელია (არასრულწლოვანი მოსწავლეების შემთხვევაში). ჩვენი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ყველა ჩვენი მომხმარებელი თავს არა მეფედ, არამედ გუნდის წევრად უნდა გრძნობდეს. უნდა ხედავდეს, რომ მისი გვესმის და ერთობლი ძალისხმევით ვცდილობთ საერთო მიზნების მიღწევას.

წარსული, აწმყო თუ მომავალი?  

სამივე. წარსული ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამოცდილებით და შეცდომებით ბევრს ვსწავლობთ. აწყმო თავისთავად მნიშვნელოვანია, რადგან მუდამ უნდა გვქონდეს „ახლა და აქ“ განცდა. რასაკვირველია, ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია მომავლის ხედვა და სტრატეგიის დასახვა. ამიტომ, ამ სამი კომპონენტიდან სამივე თანაბრად მნიშვნელოვანია. 

« უკან
87
Login