19/12/2023

VINOVE - გახადე მოგზაურობა კიდევ უფრო სასიამოვნო...

cover.png

გიორგი სრესელი პროფესიით ეკონომისტია, რვაწლიანი სამუშაო გამოცდილებით გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით. ავტომობილების მიმართ დაინტერესებამ და სიყვარულმა საკუთარი ბიზნესის წამოწყების სტიმული მისცა. გიორგი ერთადერთია, რომელიც 2022 წლიდან საერთაშორისო კომპანია VINOVE – French Parfume-ის პარტნიორი და პროდუქციის ოფიციალური შემომტანია საქართველოში. Vinove-ს ბრენდი მომხმარებელს ავტომობილებისთვის ფრანგულ არომატიზატორებს სთავაზობს, რაც სასიამოვნო მოგზაურობის წინაპირობაა.

 

  • როგორ დაიწყო თქვენი ბიზნესის ისტორია, რამ მოგცათ მოტივაცია? 

მოტივაცია იწყება ავტომობილების და ავტოსფეროს მიმართ დიდი სიყვარულით. ვფიქრობდი ამ სფეროსთან ისეთ კავშირზე, სადაც კომფორტულად ვიგრძნობდი თავს და თან ყველაფერთან ერთად კომერციული საქმიანობაც იქნებოდა.

  • გზა დასაწყისიდან დღემდე, მოლოდინები და რეალობა...

მცდელობა, მეთანამშრომლა ერთ-ერთ ამერიკულ ბრენდთან, 2015 წელს არ გამართლდა. მას მერე მათთან თანამშრომლობა ოცნებად იქცა და ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეს ოცნება ავისრულე. თანამშრომლობა შედგა და ოფიციალურად ერთ-ერთი ამერიკული ბრენდის Vinove-ს დილერები გავხდით საქართველოში. 

 

  • რას სთავაზობთ მომხმარებელს? 

პრემიუმ ხარისხის ბრენდების ავტომობილის სურნელებს, რომელიც ავტომობილით გადაადგილებას უფრო მეტად კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის. მომხმარებელს ვთავაზობთ სურნელებს, რომლებიც ყოველ წამს თავს განსაკუთრებულად გვაგრძნობინებს, გვაქვს სხვადასხვა ასაკობრივ სეგმენტზე მორგებული დიზაინების ფართო არჩევანი, რაც სრულ თანხვედრაში მოდის სურნელების იმ ტონებთან, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს ავტომობილის  მფლობელის ხასიათს, პიროვნულ შტრიხებს და ინდივიდუალიზმს. 

  • რატომ თქვენი პროდუქტი/სერვისი? რაში მდგომარეობს თქვენი უნიკალურობა? 

დღევანდელ დაჩქარებულ და ქაოსურ ცხოვრებაში, დამღლელ საცობებში გადაადგილებისას გვჭირდება რაღაც ისეთი, რაც მცირედით მაინც შეგვიმსუბუქებს და გაგვილამაზებს მგზავრობას. ჩვენი პროდუქცია გამორჩეულია იმითაც, რომ არ იწვევს რესპირატორულ გართულებებს, თავის ტკივილს და სხვა არასასიამოვნო უკუჩვენებებს მაშინაც კი, როცა ავტომობილის ყველა ფანჯარა დახურულია და დიდი ხნის განმავლობაში გვიწევს მგზავრობა. პროდუქციას არ გააჩნია მძაფრი ტონები და შემაწუხებელი სურნელი. ყოველმხრივ დაბალანსებული და რბილი გრადაციებით ხასიათდება, მაქსიმალურ კომფორტს უქმნის ავტომფლობელს სალონში. ამ კითხვას ჩვენი ბრენდის სლოგანიც ზუსტად პასუხობს - „დავუმატოთ არომატი ჩვენს ცხოვრებას“. 

  • რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ ბიზნესში? რატომ კონკრეტულად ეს ბიზნესი, რა მოგწონთ ამ სფეროში?

კონკრეტული მიზნისკენ სვლა, გამოწვევებზე პასუხი, ინოვაციების და სიახლეების ძიება, ეს ის არის რაც ბიზნესში ინტერესს იწვევს და დამოკიდებულს გხდის, შენი ცხოვრების ნაწილი ხდება. ეს არის სფერო, სადაც თავად ვიყავი მომხმარებელი. ახლა ვცდილობ, რასაც ვერ ვიღებდი და მაკლდა, როგორც მომხმარებელს, შევავსო და ახლებური ენერგიით შევთავაზო მომხმარებლებს.

  • რა არის თქვენი ენერგიის წყარო?

ენერგიის წყარო საქმისადმი სიყვარული და ის პატარ-პატარა წარმატებებია, რაც დაუღალავ შრომას მოჰყვება.

  • რას ურჩევდით ახალგაზრდა ,,მეს“? 

არასოდეს დავკარგოთ საკუთარი თავის და შესაძლებლობების რწმენა.

2022.12 Business Association Event (143).JPG

  • პირველი რა გახსენდებათ BPN Georgia-ს გაგონებისას?

პირველი რაც მახსენდება ეს არის მხარდამჭერი გუნდი, რომელიც ყოველთვის გვერდში გვიდგას, გვმატებს თავდაჯერებულობას და მოტივაციას, გვიზიარებს ცოდნა-გამოცდილებას, რაც არსებითად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. დიდი მადლობა BPN Georgia-ს გუნდის თითოეულ წევს, წარმატებები!

  • მთავარი მესიჯი თქვენგან მეწარმეებს...

მათ, ვინც ამ სტატიას კითხულობს და აინტერესებს ბიზნეს წამოწყება, ვეტყოდი - პირველ რიგში უნდა მოინდომოთ და გაიაზროთ, რისთვის გჭირდებათ ეს ყველაფერი. საქმეს პასუხისმგებლობით მიუდექით, მოტივაციაც გაცილებით მაღალი გექნებათ და პატარ-პატარა შედეგებიც არ დააყოვნებს. 

« უკან
741
Login