23/03/2020

საოჯახო საწარმოდან გლობალურ ბიზნესამდე

laederach 1.jpg

Daniel PNG.png  ავტორი: დანიელ მათერი 

      დიპლომირებული კონდიტერი რუდოლფ ლედერახი ადრეული ასაკიდან საკუთარი საკონდიტროს გახსნაზე ოცნებობდა, თუმცა საამისოდ სახსრები არ გააჩნდა. 1962 წელს, 33 წლის ასაკში, საკუთარი სახლის სარდაფში მან შოკოლადის წარმოება დაიწყო, საიდანაც გასტრონომების და საკონდიტროების ნახევარფაბრიკატებით მომარაგებას შეუდგა.

კომპანიის წარმატებისთვის გადამწყვეტი 1970 წელი აღმოჩნდა, როდესაც ლედერახმა გარდამტეხი ტექნოლოგია შეიმუშავა და დააპატენტა: ტრიუფელის ტიპის შოკოლადის თხელკედლიანი ბურთულების დამზადების ახალი მეთოდი, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა წარმოების ხარჯები და ხარისხიც საგრძნობლად გააუმჯობესა. ტექნოლოგიური გარდატეხა ძალზედ მომგებიანი აღმოჩნდა მცირე საკონდიტროსთვის, რომელიც შოკოლადის, ნუშის და კარამელის გამოყენებით მაღალხარისხიან ტკბილეულს აწარმოებდა.

ლედერახის საკონდიტროს (Confiseur Läderach AG) ფილოსოფიას დაფუძნებისთანავე ორი ღირებულება ამყარებდა: გარშემომყოფთა მომსახურებიდან და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფიდან სიამოვნების მიღება. ამ სულისკვეთებით საწარმო თანმიმდევრულად ვითარდებოდა და 1981 წელს პირველი საფირმო მაღაზია გახსნა. ამავე წელს გადაიდგა პირველი ნაბიჯები ექსპორტის კუთხით, გერმანიაში დაფუძნდა შვილობილი საწარმო, ხოლო ოკეანეს გაღმა ექსპორტის პირველი პარტია გაიგზავნა. განვითარების თანმიმდევრული სტრატეგიის წყალობით კომპანიამ შესძლო სწორი ინვესტიციების განხორციელება (მათ შორის კონკურენტების შემოერთების კუთხითაც) და ერთი უბრალო სოფლის საკონდიტროდან ნელ-ნელა მსოფლიო მასშტაბით მომუშავე შოკოლადის ფირმად იქცა. 

laederach-4.jpg

დღეის მდგომარეობით, ლედერახის საკონდიტრო 2500-ზე მეტი სახეობის პროდუქტს (მათ შორის ნახევარფაბრიკატებს) აწარმოებს, გააჩნია 43 ფილიალი შვეიცარიაში, 15 – გერმანიაში, ასევე ცალკეული წარმომადგენლობები იაპონიაში, კორეაში, კუვეიტსა და ტაივანში. კომპანიის წლიური გაყიდვები 100 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, საწარმოო პროცესები, კაკაოს მარცვლების შესყიდვით დაწყებული და კანფეტების გაყიდვებით დამთავრებული მთელს ღირებულებით ჯაჭვს მოიცავს, თანამშრომელთა რაოდენობა 700 დასაქმებულს აღემატება, ბიზნესის მართვას კი კვლავაც ლედერახის გვარის წარმომადგენლები განაგრძობენ.

ფაქტები ცხადყოფს: საქმეზე შეყვარებულ პროფესიონალს დინასტიის შექმნა ნებისმიერ სფეროში ძალუძს, მათ შორის ისეთ მაღალკონკურენტულ დარგშიც, როგორიც შვეციარიული შოკოლადის ინდუსტრიაა. წარმატებას, რაც არ უნდა შაბლონურად ჟღერდეს, დაუღალავი შრომა და მოთმინება უზრუნველყოფს.

დიდი ბიზნესის შექმნას დიდი დრო ჭირდება. მაღალტექნოლოგიური სტარტაპებიც კი, რომლებიც მრავალმილიონიან დაფინანსებებს იღებენ, მინიმუმ ერთ ათწლედს ითვლიან, სანამ სტაბილურ, მომგებიან კომპანიებად ყალიბდებიან. საოჯახო ბიზნესი მით უფრო მეტ მოთმინებას ითხოვს, ვინაიდან იგი გაცილებით უფრო შეზღუდული ძალებით ვითარდება. თუმცა აქაც, ისევე როგორც Microsoft-ში, Airbnb-სა თუ Amazon-ში, ყველაფერი მცირედით იწყება, ერთ უბრალო სარდაფში, ავტოფარეხში, სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში, ან თუნდაც კლასელების მიერ საზიაროდ ნაქირავებ ბინაში.

« უკან
1262
Login