16/03/2022

ბიზნესი, რომელიც მხოლოდ ფულს გამოიმუშავებს, ცუდი ბიზნესია?!

სმოლ ბიზნეს.png

Megi PNG.png  ავტორი: მეგი მაისურაძე

«გერქვას ადამიანი, ნიშნავს ატარო პასუხისმგებლობა» - ამბობდა ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი.


დღევანდელ დღეს გერქვას ბიზნესი არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მომხმარებელს შესთავაზო ესა თუ ის პროდუქტი ან სერვისი. ბიზნესი იმაზე მეტია ვიდრე, ფულის გამომუშავება. დღევანდელი მსოფლიო კომპანიებს განურჩევლად მათი სიდიდისა იმის მიხედვითაც აფასებს, არიან თუ არა ისინი საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული. ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს განაპირობებს ამა თუ იმ კომპანიის წარმატებას ან მარცხს.
scr tree.png

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, იგივე სიესარი (CSR), რომელსაც განვითარებულ ქვეყნებში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს დღითიდღე უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ჩვენს ქვეყანაშიც. არაერთი ქართული კომპანია ცდილობს უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნებს და თავის ყოველდღიურ საქმიანობაში გარემოსდაცვითი თუ სხვადასხვა სოციალური საკითხებიც დანერგოს და ამით თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანოს იმ საზოგადოების განვითარებასა და კეთილდღეობაში, სადაც ის ოპერირებს და რომლის ნაწილსაც თვითონ წარმოადგენს. გავიხსენოთ თუნდაც საქართველოს ბანკის პროდუქტი «მწვანე ანაბარი», რომლის ფარგლებშიც ყველა იმ ადამიანის სახელზე, ვინც გახსნა ანაბარი, დაირგო ხე წაღვერის რაიონში(ჯამში 45,000 ნერგი) და უზრუნველყოფილ იქნა ამ ნერგების მოვლა, კამპანია charte.ge, რომლის ფარგლებშიც პანდემიის პერიოდში სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ჩაურთეს ინტერნეტი და დაუფარეს მთელი წლის ინტერნეტის საფასური, რათა მათთვის შესაძლებელი ყოფილიყო ონლაინ რეჟიმში სწავლა.  ალბათ გვახსოვს კამპანია «წერე ქართულად», რომელიც თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელდა და ქართული ანბანის ციფრულ სამყაროში ინტეგრირებას ემსახურებოდა. აღსანიშნია სხვა სახელოვნებო პროექტებიც, რომლებიც ქართული კულტურის მხარდაჭერას ემსახურება.  დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ბიზნესი ერთვება გაცნობიერებულად სხვადასხვა კორპორაციული სოცალური პასუხიმგებლობის კამპანიებში. უკვე რამოდენიმე წელია ყოველწლიურად გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოც იმართება, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქართული კომპანიები. ეს და სხვა მსგავსი ღონისძიებები ზუსტად ბიზნესის მდგრადი განვითარებითვის აუცილებელი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის დანერგვას და მის პოპულარიზაციას ემსახურება. გამარჯვებული კომპანიები აქტიურად ცდილობენ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას: ხარისხიანი განათლების, გენდერული თანასწორობის, ღირსეული სამუშაო გარემოს, ქალაქებისა და სოფლების მდგრადი განვითარების, ჩვენს პლანეტაზე ზრუნვის ხელშეწყობას. 
ჩვენი მოხმარებელი ამას აკვირდება და აფასებს. არაერთი კვლეევა ადასტურებს, რომ მომხმარებელი მზადაა შეიძინოს პროდუქტი, რომლის მწარმობელი კომპანიაც ითვალისწინებს ეკოლოგიურ ფაქტორს, იცავს დასაქმებულთა შრომით უფლებებს, ეთიკურ ნორმებს, დადებით გავლენას ახდენს იმ გარემოზე, სადაც საქმიანობს. 
და მაინც რა არის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა(CSR)? 

Screenshot 2022-03-07 185158.png
 

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს კომპანიის კეთილ ნებას თავისი საქმიანობით დადებითი ზეგავლენა მოახდინოს გარემოზე და საზოგადოებაზე ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური მიმართულებით.

ბევრი ფიქრობს, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა/CSR მხოლოდ დიდი კომპანიების საქმეა, რომ ეს ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რელევანტური არ არის, რომ მცირე ბიზნესის შემთხვევაში ეს ტყუილი ფულის ხარჯვაა. ეს ასე ნამდვილად არ არის.  ისევე როგორც ყველა ადამიანს აკისრია მისი წილი პასუხისმგებლობა, ყველა ბიზნესიც, განურჩევლად მისი მასშტაბისა, უნდა ატარებდეს თავის წილ პასუხისმგებლობას. მაგალითისთვის ქართული საწარმო ტენე მოვიშველიოთ, რომელიც ეკომეგობრულ USB კაბელებს აწარმოებს. საწარმო 4 დღიან სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. “გვჯერა, რომ თუ ადამიანს მეტი დრო ექნება პირადი ცხოვრებისთვის, ის უფრო პროდუქტიული იქნება სამსახურში!” — ვკითხულობთ მათ განცხადებაში. უნდა ითქვას, გაუცნობიერელად სხვა არაერთი მცირე ბიზნესი გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, არაერთი მცირე თუ საშუალო საწარმო ზრუნავს საკუთარ პერსონალზე, უფრთხილდება ჩვენს პლანეტას, წვლილი შეაქვს ადგილობრივი თემის განვითარებაში, მაგრამ არ იცის, როგორ გამოიყენოს ეს საკუთარი კონკურენტული უპირატესობის ასამაღლებლად. 

არ აქვს მნიშვნელობა მცირე ბიზნესს წარმოადგენთ, თუ მსხვილ კორპორაციას, სიმართლე ერთია, სტრატეგიულად სწორად წარმართული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ღონისძიებები შეიძლება დიდი წარმატების მომტანი გახდეს კომპანიისთვის. 
ბევრს ერთჯერადი ქველომოქმედება, რაშიც ხშირად დიდი ფინანსური რესურსი იდება, CSR-ში ერევა. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა გრძელვადიან, მდგრად სტრატეგიას გულისხმობს, რომლის შემუშავებისას ვითვალისწინებთ კომპანიის ღირებულებებს, საქმიანობას, მის რესურსებს და ისე ვირჩევთ პრიორიტეტს/პრიორიტეტებს, რა მიმართულებითაც უნდა წარიმართოს ჩვენი  სიესარ აქტივობები.
ასე რომ თუ მცირე ან საშუალო ბიზნესს წარმოადგენთ,  კარგად დაფიქრდით, გაანალიზეთ თქვენი საქმიანობა, იქნებ აღმოაჩინოთ, რომ თქვენც უკვე ახორციელებთ არაერთ პასუხისმგებლიან ინიციატივას, თუმცა ამაზე არც კომპანიის შიდა წრეებშია საუბარი და არც საზოგადოებას მიეწოდება სათანადო ინფორმაცია. 

ფაქტია, ბევრი მცირე კომპანია გაუცნობიერებლად, მისი ღირებულებებიდან გამომდინარე, მის მოცემულობაზე დაყრდნობით უკვე მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელია და მსხვილი კორპორაციისგან განსხვავებით ბევრად ნაკლები რესურსი სჭირდება საიმისოდ, რომ ეს მოცემულობა საკუთარ კონკურენტულ უპირატესობად აქციოს. მთავარია ბოლომდე გავიაზროთ ამ ყველაფრის სიკეთე და ისიც გვახსოვდეს, რომ შედეგის მისაღებად მოთმინება, მდგრადი, გრძელვადიანი სტრატეგიაა საჭირო და მისი ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება. 

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სიკეთეები კი ბევრია:
•    კმაყოფილი, ბედნიერი, ერთგული და მოტივირებული თანამშრომლები
•    საჭიროების შემთხვევაში ახალი თანამშრომლების მარტივად მოზიდვა 
•    ცნობადობის ამაღლება/ბრენდის ხელშეწყობა
•    კონკურენტული უპირატესობის გაზრდა
•    გაუმჯობესებული რეპუტაცია
•    გაყიდვების გაუმჯობესება
•    ლოიალური მომხმარებელი
•    დაზოგილი ხარჯები
•    საჭიროების შემთხვევაში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა
•    ძლიერი პარტნიორების/ინვესტორების მოზიდვა
•    და ა.შ.

ასე რომ თუ აქამდე არ დაფიქრებულხართ, გირჩევთ დაფიქრდეთ და თქვენც შეიმუშაოთ თქვენი კორპორაციული სოცილური პასუხისმგებლობის სტრატეგია. 

sss.png

უმჯობესია, დაიწყოთ მცირედით, აირჩიოთ ის მიმართულება, რომელიც თქვენს საქმიანობასთან ახლოს არის, დაისახოთ ამოცანები, რომელთა გადაჭრა თქვენთვის, თქვენი ადამიანური, ფინანსური და მოცემული დროის რესურსით რეალისტურია. თქვენი პასუხისმგებელი ინიციატივები შეიძლება დასაწყისისთვის ქვემოთ ჩამოთვლილ სფეროთაგან  ერთ-ერთს დაუკავშიროთ:
•    თანამშრომლეზე ზრუნვა, მათთვის იდეალური სამუშაო პირობების შექმნა
•    მომხმარებლებთან/მომწოდებლებთან ურთიერთობა, თქვენი პროდუქტი/სერვისი
•    ჩვენს პლანეტაზე ზრუნვა
•    ადგილობრივ თემთან/საზოგადოებასთან ურთიერთობა

მერე კი გადადგათ ქმედითი ნაბიჯები კონკრეტული მიმართულებით, ნელა-ნელა გახადოთ ისინი მასშტაბური და აქციოთ თქვენი საქმიანობის განუყოფელ ნაწილად.

 არ დაგვავიწყდეს ეს პროცესია, გრძელვადიანი და არაერთჯერადი, რომელიც თავის თავში მოიაზრებს მოსამზადებელ ეტაპს, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციას, დაგეგმვას და გეგმის სისრულეში მოყვანას. ამას აუცილებლად მოყვება: განხორციელებული ქმედებების შეფასება, რა იყო შედეგიანი და რა არა, კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მომხმარებელთან.  განხორციელებული ინიციატივების და მათი შედეგების შესახებ სწორი, გამართული, კომუნიკაცია წარმოადგენს  კომპანიის წარმატების საწინდარს. 

თუმცა წინაპირობაც კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ:
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შემუშავებული  გეგმა აუცილებლად თანხვედრაშია კომპანიის ძირითად ღირებულებებთან, მის საქმიანობასთან, ამ გეგმას იზიარებენ და მის განხორციელებაში ჩართულები არიან როგორც ხელმძღვანელობა, ასევე თანამშრომლები, გეგმა გრძელვადიანია და არ გულისხმობს ერთჯერად საქველმოქმედო აქტივობას. 
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის შემუშავება და მისი პრაქტიკაში დანერგვა მართალია დროს მოითხოვს, მაგრამ კომპანიისთვის ამას აუცილებლად მოაქვს დადებითი შედეგი.

ასე რომ გამოკვეთეთ სფერო, გაანალიზეთ, დაგეგმეთ,  შეუდექით ნაბიჯ-ნაბიჯ ქმედებას, მერე კი იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენმა სამიზნე აუდიტორიამ აუცილებლად მიიღოს საჭირო ინფორმაცია.  
«ბიზნესი, რომელიც მხოლოდ ფულს გამოიმუშავებს, ცუდი ბიზნესია» 
ჰენრი ფორდი

ასე რომ ნუ იქნებით «ცუდი ბიზნესი», იზრუნეთ გარემოზე, ეცადეთ თქვენი საქმიანობით წვლილი შეიტანოთ საზოგადოების, ადგილობრივი თემის სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ განვითარებაში. ეს თქვენ ბიზნესს ბუმერანგის პრინციპით წარმატების სახით უკან დაუბრუნდება!
 

« უკან
1326
Login