22/04/2020

შვეიცარიის გზა

Swiss Photo 01.jpg

Daniel PNG.png  ავტორი: დანიელ მათერი 

       ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად შვეიცარია კეთილდღეობას განასახიერებს. უმრავლესობისთვის უცნობია, რომ გზა ამგვარი წარმატებისკენ საკმაოდ რთული იყო და დღეს მდიდრულად მოკაშკაშე ქვეყანა არც თუ დიდი ხნის წინ უმძიმეს პრობლემებს ეჭიდებოდა.

როგორც გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველო, ისე მთელი მეცხრამეტე საუკუნის შვეიცარია ემიგრაციაში მიმავალთა ქვეყანას წარმოადგენდა. 1815-1914 წლებში 400’000 - ზე მეტმა შვეიცარიელმა დატოვა თავის სამშობლო (იმ დროისთვის მეტწილად აგრარული ქვეყანა) და უკეთესი ბედის საძებლად სხვა სახელმწიფოებს მიაშურა. მხოლოდ მეოცე საუკუნის შუა პერიოდიდან, მსოფლიო ომების დასრულების შემდგომღა შესძლო ქვეყანამ ამ ტენდენციის შემობრუნება და შვეიცარიაც უცხოელთა შემოდინების სამიზნედ იქცა.

რამ განაპირობა ეს გარდატეხა?

ალპური მთების პატარა ქვეყანა მწირი წიაღისეულით და შეზღუდული სასოფლო-სამეურნეო პოტენციალით თავიდანვე ინოვაციებისთვის იყო განწირული. შიდა ბაზრის სიმცირე ადგილობრივ მეწარმეებს პროდუქციის საზღვრებს გარეთ გატანას აიძულებდა. იქ მათ მძაფრი კონკურენცია ხვდებოდათ, რომელთან ჭიდილშიც პროდუქტიულობის ზრდას სწავლობდნენ.

შვეიცარიის ეკონომიკის გამწევ ძალად და ინოვაციების მთავარ წყაროდ მცირე და საშუალო საწარმოები იქცნენ. ისინი ახალ პროდუქტებს ავითარებდნენ, ხოლო არსებულ პროდუქტებს და მომსახურებებს მომხმარებელზე მორგებულად ხვეწდნენ. საწარმოო პროცესების სრულყოფისკენ სწრაფვა შვეიცარიელთა საერთო ტენდენციად იქცა სამკერვალო თუ საქსოვი დაზგების, ძრავების თუ ტურბინების წარმოებაში, საღებავების თუ ქიმიური პროდუქტების დამზადებაში, იგივე სურათი იყო საკვების გადამამუშავებელ ინდუსტრიაშიც. ამ ყოვლისმომცველმა ტენდენციამ შვეიცარია საუკუნეების მიჯნაზე ინდუსტრიულ სახელმწიფოდ აქცია, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პლანეტის უმსხვილეს ექსპორტიორთა შორის დაამკვიდრა.

მცირე და საშუალო საწარმოები დღესაც შვეიცარიის ეკონომიკის ფუნდამენტს წარმოადგენენ. დასაქმებულთა ორი მესამედი სწორედ ასეთ კომპანიებში მუშაობს. სტატისტიკის თანახმად, 1000 შვეიცარიული კომპანიიდან მხოლოდ ოთხი საწარმო წარმოადგენს მსხვილ ბიზნესს (ფირმას, რომელშიც 250 - ზე მეტი ადამიანია დასაქმებული).

მასალა პირველად ონლაინ გამოცემა აგრონიუსში გამოქვეყნდა.

« უკან
2953
Login