15/07/2024

ჩემი ბიზნესის ისტორია - მაია რატიანი

450543387_17910042746985672_6376027664623813089_n.jpg

გარდა იმისა, რომ ხართ მეწარმე, კიდევ რას გვეტყოდით თქვენზე?

რა შემიძლია ვთქვა ჩემს შესახებ? დავამთავრე ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. მაქვს ბუღალტრად მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება, ახლაც ჩემს ბიზნესთან ერთად, პარალელურად, აუთსორსზე ვემსახურები რამოდენიმე კომპანიას. მყავს ორი შვილი და ვარ ორი უსაყვარლესი პატარას ბებია.

რატომ ეს ბიზნესი? 
ყოველთვის მიყვარდა სამზარეულოში ფუსფუსი, ახლაც სიამოვნებით ვამზადებ. მომწონს ტრადიციული რეცეპტები, მაგრამ ამავდროულად ვცდილობ არ ჩამოვრჩე სიახლეებს კულინარიასა და კონდიტერიაში. ყოველთვის მინდოდა რაღაც ჩემი პატარა საქმე მქონოდა, საქმე, რომლის კეთება სიამოვნებას მომანიჭებდა. ალბათ დამეთანხმებით, რომ შოკოლადი სწორედ ის არის, რაც ადამიანების უმრავლესობას ბედნიერებას ანიჭებს. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან შოკოლადთან მუშაობა მართლაც უდიდესი სიამოვნებაა. ეს არის საქმე, რომელიც საშუალებას მაძლევს განვვითარდე, ვისწავლო და ვიმუშაო საკუთარ შესაძლებლობებზე. 

მთავარი სარგებელი, რომელსაც თქვენი პროდუქტი/სერვისი აძლევს მომხმარებელს?
დღეს სამომხმარებლო ბაზარი მდიდარია მრავალფეროვანი შოკოლადის ნაწარმით, ასევე დიდია ხელნაკეთი შოკოლადის ბაზარიც. ჩოკომია მომხმარებელს ვიზუალური და გემოვნური თვისებებით განსხვავებულ პროდუქტს ვთავაზობ. შოკოლადის ტრიუფელების მრავალფეროვანი არჩევანი შესაძლებლობას იძლევა ყველა გემოვნების ადამიანი დააკმაყოფილოს. რაც შეეხება ყველიანი შოკოლადის ტრიუფელებს,  ეს არის განსხვავებული და ორიგინალური საჩუქარი, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. 

რაში მდგომარეობს თქვენთვის ბიზნესის წარმატების  ფორმულა? 
ბიზნესის წარმატების ფორმულა იმ საქმის სიყვარულია, რომელსაც აკეთებ. სიახლეებისადმი მზაობა, სურვილი გაიღრმავო ცოდნა, მიიღო გამოცდილება. და მაინც, ვთვლი, რომ მთავარი დაუღალავი შრომაა. 
 

ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც აქციეთ შანსად? რა გასწავლათ ამ კონკრეტულმა შემთხვევამ?

ყველაზე დიდი გამოწვევა იყო შემთხვევითობა (თუმცა შემთხვევით არაფერი ხდება), ეს იყო ინფორმაცია შოკოლადის წარმოების შემსწავლელი ონლაინ კურსის შესახებ, რომელმაც ჩემი დიდი ინტერესი გამოიწვია. გავიარე კურსი და მივხვდი, რომ ეს საქმე უნდა მეკეთებინა, რომ სწორედ შოკოლადთან უნდა დამეკავშირებინა ჩემი შემდგომი საქმიანობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ძირითად საქმიანობას ბევრი დრო და ენერგია მიჰქონდა,  არ მქონდა საკმარისი ფინანსები ახალი საქმის წამოწყებისთვის, არ ვიცოდი ბიზნესის მართვა, არ მქონდა გამოცდილება სოციალური მედიის მართვასა და რეკლამირებაში, მაინც მივიღე გადაწყვეტილება - მეცადა. 
და არც შევმცდარვარ! მთავარია სურვილი, საქმის სიყვარული. 
იმ დროის მანძილზე, რაც ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ, მივხვდი, რომ არასდროს არ უნდა თქვა უარი ახალ გამოწვევასა და ოცნებაზე. სამყარო ჩვენს გარშემო მხოლოდ ჩვენი სურვილების ასრულებისთვის მუშაობს - რასაც მთელი გულით ვისურვებთ, ყველაფერი აგვისრულდება.

რა  გაძლევთ ძალასა და ენერგიას თქვენი ყოველდღიური საქმიანობისთვის? 

ძალასა და ენერგიას ჩემი კმაყოფილი მომხმარებლების გამოხმაურება მაძლევს. საოცარ ენერგიას ვიღებ, როცა ყველიანი შოკოლადის ხსენებაზე მათ სახეზე უსაზღვრო გაოცება გამოიხატება და კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდები ჩემი საქმის წარმატებაში, როცა დაგემოვნების შემდეგ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას იღებენ. 

მთავარი მიზეზი რატომ BPN Georgia?  

მთავარი მიზეზი მათი პროფესიონალიზმია. BPN Georgia-ს გუნდი მხარში უდგას მეწარმეს, უზიარებს ქართველი და უცხოელი ექსპერტების გამოცდილებას. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ინდივიდუალურმა კონსულტაციებმა, სადაც ისეთი საკითხები განვიხილეთ და ისეთ ნიუანსებს შევეხეთ, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდი. სწორედ ეს არის ამ უძლიერესი გუნდის ყველაზე დიდი დადებითი მხარე. 
 

 

BPN Georgia რომ პიროვნება ყოფილიყო, როგორი იქნებოდა ის?

რა საინტერესო კითხვაა... მეგობრული, მოსიყვარულე, თბილი, მხიარული, ჭკვიანი, ერთგული, კომუნიკაბელური. ალბათ გამიჭირდება ყველა თვისების ჩამოთვლა. BPN Georgia  რომ ადამიანი იყოს, ის იქნებოდა საუკეთესო მეგობარი, რომელიც ყოველთვის მზადაა დახმარების ხელი გამოგიწოდოს. 

თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით რას  ურჩევდით მეწარმეებს? 
ბიზნესში საჭიროა თავდადება, საქმის სიყვარული, მზაობა სწავლისთვის, განვითარებისთვის. საჭიროა ბიზნეს გეგმის შედგენის ცოდნა, დაგეგმვა, მომავლის გათვლა, ანალიზის უნარი. 

როგორ ფიქრობთ, მომხმარებელია მეფე, თუ თქვენ?
დამკვიდრებული გამოთქმა - „მომხმარებელი ყოველთვის მართალია“ - ბიზნესის მფლობელისთვის სახელმძღვანელო უნდა იყოს. თუმცა ყოველთვის საჭიროა დადგინდეს ზღვარი გონივრულ ფარგლებში. მეფე მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ როცა ჩემს სამეფოშია, ისევე როგორც ყველგან, აქაც მოქმედებს გარკვეული ქცევის ნორმები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს. 

წარსული, აწმყო თუ მომავალი?  

რომ არა წარსული, აწმყო არ იქნებოდა. წარსულში მიღებული ცოდნა - გამოცდილება აწმყოში უნდა გავაღრმავოთ და დავხვეწოთ, რათა მივიღოთ ის მომავალი, რომელიც გვინდა. 
 

« უკან
149
Login