05/08/2024

ჩემი ბიზნესის ისტორია - ნათია სხვიტარიძე

437713750_736641498660234_3105172711158535529_n.jpg
  • გარდა იმისა, რომ ხართ მეწარმე, კიდევ რას გვეტყოდით თქვენზე?

ძალიან რთულია საკუთარ თავზე საუბარი და ბევრს ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ ვარ დედა, მეუღლე, მეგობარი  და უბრალოდ ადამიანი, რომელსაც აქვს უამრავი ინტერესი და ამბიციური სამომავლო გეგმები. 

  • რატომ ეს ბიზნესი? 

პირველ რიგში, მსურდა ევროპაში მიღებული განათლება და გამოცდილება, იქაური სამუშაო მოდელი გადმომეტანა საქართველოში. ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ ხარისხიანი ბუღალტრული და ფინანსური მომსახურების სერიოზული დეფიციტი იყო ჩვენს ქვეყანაში და მე ვხედავდი, რომ პროფესიონალ გუნდთან ერთად ამის გაკეთება შემეძლო. FAS Group-ის დაარსებისთვის მომიწია საერთაშორისო ორგანიზაციაში საკმაოდ მაღალი პოზიციის დატოვება, იყო პანდემია და ეს ყველაფერი ძალიან დიდ რისკებს  უკავშირდებოდა.

FAS Group ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს, თუმცა მის დაარსებას ძალიან საინტერესო და დიდი ისტორია აქვს. ყველაფერი დაიწყო 2013 წელს, როდესაც დიდ ბრიტანეთში გავიარე სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო ფინანსების მიმართულებით და მქონდა საშუალება გამეცნო ადგილობრივი ფინანსური და აუდიტორული მომსახურების გამწევი კომპანიები. ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი გამოცდილება და მაშინვე ვიცოდი, რომ მინდოდა საკუთარი ორგანიზაციის დაარსება. თუმცა ამას ცოდნასთან ერთად სჭირდებოდა გამოცდილება. დავიწყე ამ გამოცდილების დაგროვება, ვიმუშავე მთავარი ბუღალტრის და შემდგომ უკვე ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე, როგორც ქართულ ისე უცხოურ კომპანიებში.
2018 წელს დავარეგისტრირე FAS Group და ისე დაემთხვა, რომ ზუსტად ამ დროს მივიღე  მსხვილი საერთაშორისო კომპანიისგან ძალიან საინტერესო  შემოთავაზება, რასაც აუცილებლად უნდა დავთანხმებოდი და ამის გამო FAS Group-ის ფუნქციონირებამ გადაიწია 2021 წლამდე, სანამ არ მივიღე არსებული პოზიციის დატოვების და საკუთარი საქმის დაწყების გადაწყვეტილება.

  • მთავარი სარგებელი, რომელსაც თქვენი პროდუქტი/სერვისი აძლევს მომხმარებელს?

FAS Group-ის მიერ მიწოდებული ბუღალტრული და ფინანსური სერვისების შედეგად, ორგანიზაციები არიან ბევრად უფრო მედეგი დღევანდელ სწრაფად ცვალებად გარემოში, აუმჯობესებენ მოგებას და დებენ უკეთეს შედეგებს უფრო სწრაფად, ვიდრე ამას ჩვენი სერვისის გარეშე მიაღწევდნენ. 
 

  • რაში მდგომარეობს თქვენთვის ბიზნესის წარმატების  ფორმულა? 

ჩვენს წარმატებას განსაზღვრავს უმაღლესი ხარისხის სერვისის მიწოდება, რაც ასეთი დეფიციტურია დღევანდელ რეალობაში. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ამაზე ჩვენი პარტნიორი კომპანიების რაოდენობა და მათი უკუკავშირი მეტყველებს. ჩვენთან ხარისხი მიიღწევა: მაღალი კვალიფიკაციით, მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირებით, უსწრაფესი კომუნიკაციითა და უკუკავშირით. 

  • ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც აქციეთ შანსად? რა გასწავლათ ამ კონკრეტულმა შემთხვევამ?

რაც შეეხება გამოწვევებს, ორს მინდა ხაზი გავუსვა – ეს არის კვალიფიციური კადრების დეფიციტი, რომელმაც ჩვენს ზრდასთან ერთად იჩინა თავი და მისი მოგვარებისთვის მოგვიწია ბუღალტერთა სკოლის (FAS School) დაარსება, სადაც ჩვენივე რესურსებით დაინტერესებულ პირებს ვასწავლით, გადიან სტაჟირებას და წარმატებული კურსდამთავრებულები ჩვენთანვე რჩებიან სამუშაოდ.
ხოლო მეორე სირთულე იყო და ჯერ კიდევ რჩება გამოწვევად მეწარმეების ცნობიერების ამაღლება ბუღალტრული აღრიცხვის საჭიროებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მეწარმეთა უმრავლესობას  არ აქვს ინფორმაცია, თუ როგორ შეუძლია სწორი ბუღალტრული აღრიცხვის საშუალებით კომპანიის ბევრად უფრო სწრაფად განვითარება და უკეთესი შედეგების დადება. ამ საკითხზეც აქტიურად ვმუშაობთ, ვატარებთ სემინარებსა და ვორქშოპებს, ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან და მათთან ერთადაც ვაორგანიზებთ ღონისძიებებს, რასაც ძალიან კარგი შედეგები მოაქვს.

  • რა  გაძლევთ ძალასა და ენერგიას თქვენი ყოველდღიური საქმიანობისთვის? 

ყოველდღიური საქმიანობისთვის ძალასა და ენერგიას ისევ ჩემივე საქმის სიყვარული და დასახული მიზნის ძალიან მკაფიოდ დანახვა მაძლევს, მიუხედავად ყოველდღიური უამრავი გამოწვევისა და სირთულისა ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

  • მთავარი მიზეზი რატომ BPN Georgia ?  

BPN Georgia-ს სახით მცირე და საშუალო კომპანიებს ჰყავთ კარგი მეგობარი და მხარდამჭერი, რომელიც მუდმივად მზად არის გვერდში დგომისა და საჭირო რჩევის მიცემისთვის. ეს კი საკმაოდ დიდი მნიშვნელობისაა,  განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. 
 

  • თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით რას  ურჩევდით მეწარმეებს? 

პრაქტიკიდან გამომდინარე მეწარმეებს ვურჩევდი მთავარ საქმეზე ფოკუსირებას და საქმის სწორად დელეგირებას, რაც კომპანიის წარმატების წინაპირობაა. ვურჩევდი ასევე, რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიღებას, მაგალითად ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის მნიშვნელობასა და როლზე კომპანიის წარმატებაში.

  • როგორ ფიქრობთ, მომხმარებელია უპირატესი, თუ თქვენ?

ვფიქრობ, მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება, აუცილებლად პარტნიორულ და თანაბარ პირობებში, ყოველგვარი უპირატესობების წარმოჩენის გარეშეა შესაძლებელი.  აუცილებელია, ურთიერთთანამშრომლობა და ინფორმაციის დროული გაცვლა, შესაბამისად ხარისხიც არ დააყოვნებს. 

  • წარსული, აწმყო თუ მომავალი?

აუცილებლად აწმყო და აწმყოში განხორციელებული ქმედებები სამომავლო მიზნების მისაღწევად! ცხადია, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით.

« უკან
157
Login