07/04/2020

როცა ამოსუნთქვის შანსი გეძლევა

Chancen-Risiken-696x457.jpg

Nino PNG.png  ავტორი: ნინო მამადაშვილი 

    პანდემიით გამოწვეული კრიზისი მოსახლეობაში შიშს, უმოქმედობას და სასოწარკვეთას იწვევს. თუმცა ასეთ სიტუაციაშიც არსებობს იმედისმომცემი გზავნილები, რომელზე კონცენტრირებაც ღირს.

პანდემია იმით განსხვავდება სხვა ფორს მაჟორული მდგომარეობისგან, რომ ერთ ღამეში არ ატყდება ქვეყანას თავს. ეს ნელა განვითარებადი საფრთხეა, რომელიც სახელმწიფოს და ბიზნესს მომზადების დროს უტოვებს. შესაბამისად, თავდაცვითი ეკონომიკური ღონისძიებების გატარება სტრესულად, მაგრამ მაინც ორგანიზებულად ხდება.

პანდემია თითქმის ხელუხლებელს ტოვებს ფიზიკურ ინფრასტრუქტურას. განსხვავებით ბუნებრივი კატაკლიზმებით, ომით თუ ტერორიზმით გამოწვეული კრიზისებისგან, პანდემია არ აზიანებს შენობა-ნაგებობებს, ფაბრიკა-ქარხნებს, გზებსა თუ სხვა კომუნიკაციებს. ანუ, კრიზისული პერიოდის გავლის შემდეგ, არსებული ინფრასტრუქტურა საქმიანობის სწრაფ აღდგენას უზრუნველყოფს.

ზემოთხსენებული ორი გარემოება საზღვრავს კალაპოტს, რომელშიც ბიზნესი უნდა მოექცეს. თუკი ფიზიკური აქტივები პრაქტიკულად დაცულია, ხოლო ანალიზისა და მომზადების დრო არსებობს, მაშინ დანაკარგების შემცირებაზე და ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრება მართლაც რეალური ხდება. მოდით ერთად დავფიქრდეთ ყველა იმ ბერკეტზე, რომლითაც სარგებლობა შეგვიძლია.

ფინანსური დახმარება სახელმწიფოსგან

   საწარმოების ლიკვიდურობა მართალია საფრთხის ქვეშ მოექცა, რადგან დასაფარია დავალიანებები, სახელფასო,  ქირის და სხვა ხარჯები, მაგრამ ამ მიმართულებით სახელმწიფომ აამუშავა არაერთი ბერკეტი მძიმე სიტუაციის გასანეიტრალებლად. სასტუმროებსა და რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო და საექსკურსიო კომპანიებს და სხვა დაზარალებულ საწარმოებს 4 თვით გადაუვადდა ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი და ნაწილობრივ ან სრულად დაუფინანსდა კომუნალური ხარჯები. გამოიყო ორი მილიარდი ლარი კრიზისული ბიუჯეტიდან ეკონომიკისათვის და გაკოტრების პირას მდგარი კომპანიების მხარდასაჭერად. ამას დაემატა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მოზიდული დაფინანსებაც.

საბანკო შეღავათები

    საბანკო სექტორმა აამუშავა სამთვიანი საშეღავათო პერიოდი სესხებსა და სხვადასხვა ტიპის საბანკო პროდუქტებზე.

ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა

    რაკი ჩვენი შიდა სამომხმარებლო ბაზრის  70 % (სურსათის ჩათვლით) იმპორტირებული პროდუქციაა, ადგილობრივ წარმოებაზე მოთხოვნილება აშკარაა. ეს გულისხმობს ახალ შესაძლებლობებს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. მთავრობა მზადაა სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაიწყოს სოფლის მეურნეობის პირდაპირი, მიზნობრივი სუბსიდირება. იმპორტის ჩანაცვლება არა მხოლოდ სამუშაო ადგილების შენარჩუნებას უზრუნველყოფს, არამედ ახლის შექმნის აუცილებლობას განაპირობებს. მთავრობის განცხადებით,  ყველა ბიზნესმენი, ვინც კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოებით დაკავდება, მხარდაჭერილი იქნება. ბაზარზე შექმნილი დეფიციტური პროდუქტების - ვირუსისგან დამცავი საშუალებების, პირბადეების და სადეზინფექციო ნივთიერებების წარმოება სახელმწიფოს მხარდაჭერით თავის თავზე უკვე აიღეს ქართულმა კომპანიებმა. როგორც სჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისია.

ონლაინ ბაზრის განვითარება

   მორიგი შანსები გაჩნდა ონლაინ ბაზარზეც. თუ კრიზისამდე მხოლოდ ერთეულ კომპანიებს ქონდათ ონლაინ მაღაზია, კრიზისის პირობებში ბევრი დიდი თუ მცირე მეწარმე გადაერთო ონლაინ გაყიდვებზე. მცირე ბიზნესისთვის ახლა ხელსაყრელი დრო ონლაინ გაყიდვებით ექსპერიმენტების ჩასატარებლად. ფუნქციური და მომხმარებელზე ორიენტირებული ონლაინ პლატფორმის ჩამოყალიბებას მართალია დრო დასჭირდება, მაგრამ ამ ეტაპზე მარტივი ონლაინ მაღაზიაც მისაღებია ჯერ კიდევ გამოუცდელი და ამ მხრივ ნაკლებ პრეტენზიული მომხმარებლისთვის, თუმცა ეს არ გამორიცხავს მომავალში ონლაინ ვაჭრობის დახვეწის აუცილებლობას, რადგან ამ გზით ბიზნესისთვის შემოსავლების საგრძნობი ზრდაა შესაძლებელი.

დამატებითი სამუშაო ადგილები

    ინტერნეტ გაყიდვების განვითარებას  ავტომატურად მოსდევს მიტანის სერვისების განვითარებაც, რამაც პანდემიის პირობებში ნახტომისებურად 20 პროცენტიან ზრდას გადააჭარბა. ჯამში ორივე დარგი მნიშვნელოვან მოთხოვნას აჩენს როგორც ვებ და სოფტ დეველოპერებზე,  ისე მიტანის სერვისების მომწოდებლებზეც, მათ შორის საფოსტო და კურიერულ მომსახურებაზე.

ინვესტიციების მოძიება

    ბევრი საერთაშორისო კომპანია ცდილობს პოლიტიკური და უსაფრთხოების მიზეზების გამო წარმოება ჩინეთიდან საკუთარ ქვეყანაში ან სხვა ნაკლები რისკის შემცველ სახელმწიფოებში გადაიტანოს. დასავლეთ ევროპის ქვეყნები აცნობიერებენ სასურსათო, სამედიცინო და სანიტარული უსაფრთხოების ახალ ნორმებს, მათ სურთ უმაღლეს სამართლებრივ დონეზე დაარეგულირონ საბაზისო პროდუქციის საერთო ევროპულ ოჯახში წარმოების აუცილებლობა. საქართველოს ეძლევა უნიკალური შანსი მონაწილეობა მიიღოს ამ გლობალურ გადანაწილების პროცესში და ეფექტურად წარმოაჩინოს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობა. უკვე ტრადიციულად ქცეულ უპირატესობებთან ერთად (ლიბერალური საკანონმდებლო გარემო, ბიზნესის კეთების სიმარტივე, თავისუფალი ვაჭრობის პრინციპები) საქართველოს ეფექტური ბრძოლაც პანდემიის წინააღმდეგ კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციებს.

 შიდა ტურიზმის წახალისება

    პანდემიით გამოწვეული კრიზისი ბევრ მოქალაქეს აიძულებს ახლო მომავალში უარი თქვას საზღვარგარეთ მოგზაურობაზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის შიდა ტურიზმის განვითარებას. ხოლო მომავალი წლიდან იგივე შეეხება უცხოელ ტურისტსაც, რომელიც ადრე დასავლეთ ევროპაში გამგზავრებას ამჯობინებდა, კრიზისის შემდგომ კი შედარებით დაბალბიუჯეტიან მოგზაურობას აირჩევს. აქაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება, თუ რამდენად ეფექტურად დავძლევთ ვირუსს, მინიმალური დანაკარგები მაქსიმალურად მიმზიდველს გახდის საქართველოს.

პროცესების ადმინისტრირება, დისციპლინა და კონტროლი

   შექმნილი ვითარება გვაიძულებს ადმინისტრაციული საკითხების გადახედვას. ხარჯების ნაწილი გარდაუვლად შემცირდება, მეტი აქცენტი გაკეთდება გაციფრულებაზე და ზოგადად თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე. მაღალი დამატებითი ღირებულების შექმნა სულ უფრო მეტ ყურადღებას წაიღებს. დისტანციური მუშაობა სხვანაირ დისციპლინას და კონტროლს ითხოვს, ანგარიშვალდებულების ფაქტორი წინა პლანზე იწევს, რაც შედეგზე ორიენტირებულ სამუშაო პროცესს ახალისებს. ეს ქართული ბიზნესის ეფექტიანობის ამაღლებისთვის შეიძლება მნიშვნელოვან ბიძგად იქცეს.

კომუნიკაციური უნარების განვითარება და მომხმარებელზე მეტი ორიენტირება

   ონლაინ ვაჭრობა ხელს შეუწყობს მცირე კომპანიების უნარების განვითარებას მომხმარებელთან ურთიერთობის კუთხით, მათი მხრიდან მომხმარებელთა უკეთ შესწავლას და მათ საჭიროებებზე მორგებული კომუნიკაციის დანერგვას.

საგანმანათლებლო ბიზნესის განვითარება

   საგანმანათლებლო ბიზნესს (ტრენინგ ცენტრებს, უნივერსიტეტებს და ..) ონლაინ პლატფორმაზე გადართვით ეძლევათ შესაძლებლობა, გლობალური სახე მისცენ საკუთარ საქმიანობას და მეტად მოქნილი პროგრამა და განრიგი შესთავაზონ მომხმარებლებს, მათ შორის სტუდენტებს და მეწარმეებს. გაცილებით უფრო ფართო ფენებს მიეცემათ შანსი ისარგებლონ წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებების სერვისებით სახლიდან, ან ოფისიდან გაუსვლელად.

დისტანციური მუშაობის პრინციპი

     დისტანციური მუშაობა ავითარებს კომუნიკაციის უნარებს მმართველ რგოლსა და მუშახელს შორის. გარდა ამისა, დისტანციური მუშაობა იძლევა ძვირადღირებული საოფისე (ქირა, ინვენტარი და სხვა) ხარჯების დაზოგვის და უფრო მოქნილი სამუშაო განრიგის შეთავაზების შესაძლებლობას. ბევრი სერვის კომპანია გააცნობიერებს ნაკლები სივრცის საჭიროებას, ბიზნესის უძრავ ქონებაზე დამოკიდებულება კიდევ უფრო დაიკლებს.

ეს მცირე ჩამონათვალია იმ შესაძლებლობებისა, რომლითაც არსებულ კრიზისულ სიტუაციაში შეგვიძია ვისარგებლოთ, ასე რომ კრიზისი და შანსი ერთი მედლის ორი მხარეა და გვახსოვდეს: «როცა ერთი კარი იკეტება, აუცილებლად იღება მეორე» (*მოლიერი)

 

                                                                                                                                           

« უკან
1082
Login