29/03/2020

როგორ ვაყალიბებთ წარმატებულ გუნდს?

Canva - Photo Of People Laaning On Wooden Table.jpg

რა უფრო მნიშვნელოვანია, ნდობა თუ პროფესიონალიზმი? ბიზნესის განვითარებისას ხშირად ვაწყდებით მსგავს დილემებს. გუნდის ფორმირების კრიტერიუმები მრავალფეროვანია და მათი უმრავლესობა ყოვლად რაციონალურ, გამოცდილებასა და ანალიზზე დაფუძნებულ არგუმენტებს ეყრდნობა.

ნდობა აუცილებელია. მის გარეშე შორს ვერ წახვალთ. თუმცა, ინტერესთა თანხვედრა ნდობის არანაკლები დასაყრდენია, ვიდრე ბავშვობის მეგობრობა. ასევეა პროფესიონალიზმიც. საქმე დილეტანტს არასდროს მიანდოთ, მაგრამ პროფესიონალიზმის საზომად ნურც CV- სიგრძეს და ნურც IQ- სიდიდეს გამოიყენებთ. ადამიანი საქმეში გამოცადეთ, უბრალოდ დააკვირდით როგორ ართმევს საკუთარ მოვალეობებს თავს.

მას შემდეგ, რაც სავარაუდო კანდიდატები გამოკვეთილია, საქმე მარტივ, თუმცა უმთავრეს კითხვამდე დადის: ახერხებთ თუ არა ისეთი გუნდის ფორმირებას, რომელსაც ყველა ძირითად ბიზნეს გამოწვევასთან გამკლავება შეუძლია?

ტიპაჟები და როლები გუნდში 

ახალბედა საწარმოების წარუმატებლობას ხშირად გუნდში არსებული პრობლემები განაპირობებს. წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად სასურველია ორი, სამი ან მეტი ადამიანის შეხმატკბილებული მოქმედება.

როდის ხდება გუნდი უფრო მეტი, ვიდრე მისი შემადგენელი ნაწილების უბრალო ერთობლიობა?
მეტაფორებს თუ მოვიშველიებთ, იდეალური სტარტაპი შემდეგი ტიპაჟებისგან უნდა შედგებოდეს:

Complementary-Team.jpg

  • ჭკუის კოლოფი, რომელიც მთელი გულმოდგინებით კავდება დასმული ამოცანით, არ ეშინია არანაირი რისკების და თამამად ცდილობს საკითხის გადაჭრას
  • ძველი ტანკისტი, რომელიც კარგად იცნობს დარგში არსებულ ვითარებას და გამოცდილების წყალობით საკამათო, მაგრამ სწორ გადაწყვეტილებებს იღებს
  • გაყიდვების მანიაკი, რომელსაც უყვარს გაყიდვები და მზად არის ყოველ დღე პოტენციურ მყიდველებს ელაპარაკოს
  • ფინანსების გურუ,  რომელიც ფინანსებს ადვილად უმკლავდება და რისკების შეფასება შეუძლია. თავიდან რომც არ იყოს ფინანსისტი საჭირო, მისი დრო აუცილებლად დგება გაყიდვების განვითარების ან ინვესტიციის მოზიდვის ეტაპზე (.. მასშტაბირებისას)

 

მრავალმხრივ გამოცდილებასთან, პიროვნულ ღირსებებსა და ცოდნასთან ერთად, რომელიც გუნდის წევრებს შემოაქვთ, მნიშვნელოვანია ფუნქციების სწორი გადანაწილებაც. როლები და კომპეტენციები გუნდში მაქსიმალურად დაბალანსებული უნდა იყოს.
ბრიტანელი ფსიქოლოგი მერედიტ ბელბინი როლების სამ კატეგორიას და მათში შემავალ ცხრა გუნდურ ფუნქციას გამოყოფს:

  • ქმედებაზე ორიენტირებული კატეგორია მოიცავს შემსრულებლის, პერფექციონისტის და დაბრკოლებების გადამლახველის ფუნქციებს;
  • ადამიანებზე ორიენტირებული კატეგორია შედგება კოორდინატორის, გუნდური მოთამაშისა და რესურსების მობილიზატორისგან;
  • ცოდნაზე ორიენტირებულ კატეგორიას მიეკუთვნება იდეების გენერატორი, დამკვირვებელი და სპეციალისტი;

როგორც კვლევები გვიჩვენებს, წარმატებული გუნდის ფორმირება სწორედ მაშინ ხდება, როდესაც სამივე კატეგორიის როლები შეძლებისდაგვარად თანაბრად ნაწილდება. ამასთან, ერთი ადამიანი წესისამებრ ერთ, ან მაქსიმუმ ორ როლს ითავსებს.


ქმედებაზე ორიენტირებული როლები:

  • შემსრულებელი - მას მიმართავენ, როცა პრაქტიკული ნაბიჯებია დასაგეგმი და მაქსიმალურად ეფექტურად განსახორციელებელი;
  • პერფექციონისტი - ყველაზე შთამბეჭდავად თავს პროექტის დასკვნით ეტაპზე ავლენს, როდესაც შედეგს საბოლოოდ აშალაშინებს და შესაძლო ხარვეზებზე ამოწმებს. იგი ხარისხის დაცვის განსაკუთრებით მაღალ სტანდარტს აწესებს;
  • დაბრკოლებების გადამლახველი - მომთხოვნი, თამამი პიროვნება, რომელიც უზრუნველყოფს გუნდის წინსვლას. სასურველი შედეგი მუდმივად მის თვალსაწიერში რჩება;


ადამიანზე ორიენტირებული როლები:

  • კოორდინატორი - ეხმარება გუნდს მიზანზე კონცენტრირებაში, დავალებებს ინდივიდუალურად, გუნდის წევრების უნარებს არგებს, რითაც საერთო წარმატებისკენ თითოეულის მოძრაობას უზრუნველყოფს;
  • გუნდური მოთამაშე - ეხმარება გუნდს ჰარმონიულ მუშაობაში. ზრუნავს კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და დაძაბულობის აღმოფხვრაზე. დახმარებისთვის მუდამ მზად არის და დავალებებს მთელი გუნდის სასარგებლოდ ასრულებს;
  • რესურსების მობილიზატორი - აქტიურდება, როცა გუნდი საკუთარ წვენში ჩახარშვას იწყებს. ის გარე სამყაროზეა ორიენტირებული, გუნდის იდეები გარეთ გამოაქვს და საჭირო კონტაქტებს ამყარებს;

ცოდნაზე ორიენტირებული როლები:

  • იდეების გენერატორი - მიდრეკილია შემოქმედებითი აზროვნებისკენ, პრობლემებს არაორდინალურად,  წყვეტს. მის შემთხვევაში, კითხვაზე "როგორ?" პასუხი ძირითადად ინოვაციურია.
  • დამკვირვებელი - ცივ ლოგიკაზე დაყრდნობით ამოწმებს, თუ რამდენად განხორციელებადია ესა თუ ის იდეა. საჭიროებისამებრ, აფასებს გუნდის შესაძლებლობებს
  • სპეციალისტი - გვაწვდის საჭირო ინფორმაციას და დარგობრივ ცოდნას პრობლემის გადასაჭრელად;

Belbin-Roles.jpg

გამოიყენეთ გუნდის ფორმირების სწორი კრიტერიუმები და მიენდეთ მათ. გახსოვდეთ: თანამედროვე პირობებში, ბიზნესის სრულიად მარტო განვითარება წარმოუდგენელია. რამდენად მეტი ადამიანის დარწმუნებას შეძლებთ, რომ საქმეში გამოგყვნენ, იმდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება თქვენი ჩანაფიქრი. ნუ მოიტყუებთ თავს, თითქოს იდეის კონფიდენციალურობის დაცვა გსურთ და ეს გაფერხებთ გუნდის ფორმირებაში. როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, იდეას ფასი სწორედ მაშინ ეძლევა, როდესაც მისი განხორციელებით ძლიერი გუნდი კავდება.

 

მასალა მომზადებულია BPN Georgia-ს მიერ, სენტ გალენის უნივერსიტეტის მხარდაჭერით.
წყარო
სტარტაპ ნავიგატორი

 

« უკან
2089
Login