17/05/2024

მენტალური ჯანმრთელობა ბიზნესში

Copy of Untitled Design (10).png

elene-modified.png  ავტორი: ელენე მარტყოფლიშვილი

თითოეული კომპანიისთვის თანამშრომლების პროდუქტიულობა უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს, რადგან კომპანიის წარმატება მნიშვნელოვანწილად სწორედ მათ შედეგებზეა დამოკიდებული. მათი პროდუქტიულობა კი მენტალურ ჯანმრთელობასთან  არის პირდაპირ დაკავშირებული.

ამ ფაქტორის გაცნობიერებასთან ერთად მენტალური ჯანმრთელობის როლი ბიზნესში საგრძნობლად გაიზარდა. კვლევებით დასტურდება, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები საკმაოდ  მაღალია ბიზნეს სექტორში, კერძოდ კი მენეჯმენტში დასაქმებულ პირებთან. ამიტომ მნიშვნელოვანია დრო დავუთმოთ ამ თემაზე მსჯელობას, ფიქრს.

მრავალი ადამიანის წარმოდგენით ბიზნესით დაკავება ცხოვრების ბრწყინვალე გზად აღიქმება, თუმცა ფაქტია, რომ ბიზნეს საქმიანობა მაღალ სტრესთანაა დაკავშირებული და ზოგჯერ ნეგატიურ გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

ამ თემაზე ყურადღების გამახვილება ყველა ადამიანისთვის არის  მნიშვნელოვანი მისი სამსახურეობრივი პოზიციის მიუხედავად. სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ წარმატებული მეწარმეებიდან, დასაქმებული თანამშრომლებიდან ცოტა ვინმე თუ საუბრობს ამ თემაზე, რადგან აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ სტიგმად რჩება. 

თუმცა, იზრუნო მენტალურ ჯანმრთელობაზე ნიშნავს გამოხატო სიყვარული საკუთარი თავის მიმართ.

მოდით, ერთად განვიხილოთ, რა არის მენტალური ჯანმრთელობა, რა მნიშვნელობის მატარებელია იგი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა ნიშნებით ვლინდება, რით შეგვიძლია მისთვის ხელის შეწყობა და რას აკეთებენ კომპანიები თანამშრომელთა დასახმარებლად?

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტების თანახმად, მენტალური ჯანმრთელობა ეს არის ადამიანის ფსიქოლოგიური, ემოციური და სოციალური საკითხების ერთობლიობა, რომელიც ადამიანს თავს კეთილდღეობაში მყოფად აგრძნობინებს, რაც თავის მხრივ მოიაზრებს  ადამიანის ადეკვატური თვითშეფასების, ეფექტურად მუშაობის, სტრესთან და ჩვეულ სირთულეებთან გამკლავების (სტრესმედეგობის), ადამიანებთან ჯანსაღი ურთიერთობის, სწორი გადაწყვეტილებების მიღების, ცხოვრების ბალანსირებისა და სხვა მნიშვნელოვან უნარებს, რის შედეგადაც პიროვნება საკუთარი ცხოვრებით ბედნიერია. 
,,ბედნიერება შთააგონებს შემოქმედებითობას, პროდუქტიულობას და წარმატებას.“ - შონ აკორი

თითოეული ჩვენგანის მენტალურ ჯანმრთელობაზე, ჩვენს ემოციურ მდგრადობაზე როგორც დადებით, ისე უარყოფით გავლენას ახდენს  მრავალი ფაქტორი, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მათ შორის: ურთიერთობები, მიღწევები, სამსახურეობრივი თუ პირადი სტრესი, ცხოვრების წესი, ფიქრები და სხვა.
 

შედეგად გვეცვლება გუნება-განწყობა, თავს დაღლილად და გამოფიტულად ვგრძნობთ, საკუთარ თავს ხშირად ვადანაშაულებთ და მიღწევებსაც კი აღარ ვაღიარებთ, ყველასგან დისტანცირების სურვილი გვიჩნდება და საკუთარ თავში ვიკეტებით.

სასურველია დროულად მივხედოთ ამ ყველაფერს, რადგან უგულებელყოფის შემთხვევაში შედეგად შესაძლოა კონცენტრირების დაქვეითება, დაუფიქრებელი, იმპულსური ქცევები,  შიშის,  გადაჭარბებული ღელვის განცდა და სხვა ნიშნები მივიღოთ.
ცხადია, ამდენი ფაქტორის ერთად თავმოყრა ამცირებს ჩვენს პროდუქტიულობას, მიუღწეველი შედეგები კი კიდევ უფრო ცუდად გვაგრძნობინებს თავს.

მენტალური ჯანმრთელობა სხვა არაფერია თუ არა საკუთარ თავზე ზრუნვა, ლმობიერი დამოკიდებულება და შემწყნარებლობა.
იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას, საჭიროა გვქონდეს ბალანსირებული ცხოვრების წესი, რაც მრავალ ფაქტორს აერთიანებს, მათ შორის: ჯანსაღ კვებას, ხარისხიან ძილს, კარგ ურთიერთობებს, ფიზიკურ აქტივობას, ჰობების, თვითმოვლის უნარ-ჩვევების ქონას, სტრესმედეგობის უნარს და სხვა.

mental-health-blog.png

უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს ადამიანის ცხოვრება სტრესის გარეშე, რადგან იგი თითოეული ცვლილების, სიახლის თანმდევი მოვლენაა. სტრესმედეგობა არ ნიშნავს მის თავიდან არიდებას, არამედ მთავარია, რა საპასუხო რეაქციები, ქმედებები გვაქვს მის სამართავად.
სტრესმედეგობისთვის სწორი მიდგომების ჩამოყალიბებაში აუცილებლად დაგეხმარებათ სისტემატიური ვარჯიში, მედიტაცია (მაგ; მაინდფულნესი - სტრესთან გამკლავების პროგრამა), ჯანსაღი კვება, ძილის მოწესრიგება, დროის მენეჯმენტი და სხვა.
მენტალურად ჯანმრთელი ადამიანის მიერ გაწეული შრომა  ნაყოფიერია და თან პიროვნება ამ დროს იმდენად არის მოტივირებული, რომ ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სოციუმის განვითარებაშიც. და რაც მთავარია, ადამიანი ამ დროს თავს ბედნიერად და  რეალიზებულად გრძნობს, მისი ცხოვრების და საქმიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად მაღალია. 
 

მოუფრთხილდით საკუთარ თავს და იზრუნეთ როგორც საკუთარ, ისე გარშემო მყოფების მენტალურ ჯანმრთელობაზე, რადგან მენტალური ჯანმრთელობა თითოეული ჩვენგანის სრულფასოვანი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია!

თემის აქტუალობასთან ერთად მრავალი კომპანიისთვის დასაქმებულთა მენტალური ჯანმრთელობა პრიორიტეტულ საკითხად იქცა. დაზღვევა, ფიტპასი, კორპორატიული ივენთები, სხვადასხვა სოციალური აქტივობები, ბუნებაში გასვლითი ღონისძიებები, ჯგუფური ან ინდივიდუალური თერაპიული/ქოუჩ სესიები - ეს იმ მცირე აქტივობათა ჩამონათვალია, რასაც დამსაქმებლები თანამშრომლებისთვის აკეთებენ.

და თუ თქვენ თავად ხართ დამსაქმებელი, ეცადეთ შექმნათ დასაქმებულებისთვის ფსიქოლოგიურ-ემოციურ-სოციალურად ჯანსაღი გარემო, არ დაიშუროთ რესურსი და იზრუნეთ სათანადოდ, რადგან ,,მენტალური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობა და იმსახურებს იგივე ხარისხის მხარდაჭერას.” - ქეით მიდლტონი

« უკან
826
Login