24/05/2024

წარმატება იწყება აქ...

Copy of Untitled Design (10).png

Megi PNG.png  ავტორი: მეგი მაისურაძე

ხშირად და საკმაოდ ბევრს საუბრობენ ბიზნესის წარმატების ინდიკატორებზე, იმ მნიშვნელოვან ფაქტორებზე, რომელთა გარეშეც ნებისმიერი საქმიანობის წარმატებით მართვაზე შეუძლებელია ფიქრი. ამ კონტექსტში, დარწმუნებული ვარ, ხშირად გსმენიათ, ან თავადაც გამოგიცდიათ, რომ კადრების სწორად შერჩევა ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელიც ბიზნესის მდგრად განვითარებას განაპირობებს.

„ცალ - ცალკე თითოეული წვეთი ვართ, ერთად კი ზღვა.“ – ამბობს რიუნოსუკე სატორო, იაპონელი ავტორი. ამას ყველა კომპანიის მმართველი უნდა იაზრებდეს და ძალისხმევას არ იშურებდეს საკუთარი საქმისთვის სასურველი კადრების შერჩევის სწორი მექანიზმის შემუშავებაში. 

სწორედ აქ იწყება პროცესი, რომელსაც მივყავართ კომპანიის გუნდთან, რაც, შეიძლება ითქვას, უმნიშვნელოვანესი კაპიტალია ნებისმიერი ბიზნესისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ინოვაციურია შენი იდეა, გაქვს თუ არა ფინანსური რესურსი ეს იდეა რეალობად რომ აქციო,  თუ შენს გარშემო საჭირო და კვალიფიციურ ადამიანებს არ შემოიკრებ, ძალიან რთული, შეუძლებელიც კი იქნება მდგრად, გრძელვადიან ჭრილში წარმატებულ საქმიანობაზე იფიქრო. 

მნიშვნელობა არ აქვს  სტარტაპი ხარ,  პირველ თანამშრომელს ახლა არჩევ, თუ უკვე შემდგარ ბიზნესს მართავ და განვითარება-რეორგანიზაციის პროცესში გუნდში დამატებითი ძალა გჭირდება, სასურველი კადრის შერჩევა ერთნაირად საპასუხისმგებლო პროცესია და რამდენადაც მნიშვნელოვანია, იმდენად კომპლექსური  და რთულია მისი ეფექტიანად განხორციელება. 

თუმცა, თუ საკუთარ ან სხვების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ამ სფეროს ექსპერტების რჩევებსაც მივიღებთ, სწორად განვსაზღვრავთ პროცესს და კარგად გავიაზრებთ ვინ და რა შედეგების მისაღებად გვჭირდება, უფრო რეალურია, დასაქმებისა და ტალანტების მაღალკონკურენტულ ბაზარზე ჩვენთვის სასურველი კადრი ვიპოვოთ. 
 

hr.png

რატომ დგას მუდმივად  ძალიან ბევრ კომპანიაში თანამშრომლების მოტივაციის პრობლემა?! სხვადასხვა სემინარებით, თიმბილდინგით, ბონუსებით, წამახალისებელი აქტივობებით დამსაქმებელი ცდილობს თანამშრომლის მოტივაციის ამაღლებას ან შენარჩუნებას. თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ რაღაცას შეიძლება არასწორად აკეთებთ?! ბევრი ფაქტორია, რომელიც უნდა გამოვრიცხოთ დემოტივაციის ან დაბალი მოტივაციის მიზეზების დასადგენად, თუმცა ალბათ პირველი შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ, მაინც შემდეგში მდგომარეობს - სწორი კადრი შევარჩიე კონკრეტულ პოზიციაზე?

8 საათი რომ მქონდეს ხის მოსაჭრელად, 6 საათი ნაჯახს გავლესავდი“. - ეს ციტატა აბრაამ ლინკოლს ეკუთვნის, ჩვენს თემასაც ეხმიანება და იმას უსვამს ხაზს, რომ გუნდის ფორმირებაში, კადრების შერჩევასა და რეკრუტინგში ჩადებული დრო და ენერგია ნამდვილად სწორი ინვესტიციაა. უკუგება მაღალია, თუ ამ პროცესს სწორად წარვმართავთ. 
გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც  დაგეხმარებათ, სასურველი კადრის შერჩევის პროცესი ეფექტურად განახორციელოთ.

პირველ რიგში განსაზღვრეთ:

  • ვინ გჭირდებათ (პირადი ასისტენტი, გაყიდვების აგენტი, სოც.მედია მენეჯერი, ფინანსისტი, თუ ...)?
  •  რის შეთავაზება შეგიძლიათ კანდიდატისთვის? 
  • შეძლებთ მარტო  გაუმკლავდეთ ამ პროცესს, თუ დახმარება გჭირდებათ (გუნდის შიგნით ან გარე მესამე პირისგან)

Picture2.png

მას შემდეგ რაც ზუსტად განსაზღვრავთ ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს, დაფიქრდით იმაზე:

  • რა უნარები, ცოდნა და კომპეტენციაა საჭირო იმ ფუნქცია-მოვალეობის შესასრულებლად, რომელსაც ეს პოზიცია ითვალისწინებს;
  • რა პრაქტიკული გამოცდილება დაეხმარება სასურველ კანდიდატს დაკისრებული როლის ეფექტურად შესრულებაში;
  • რა პიროვნული თვისებებია საჭირო; 
  • ზუსტად განსაზღვრეთ კრიტერიუმები(რაც უფრო კონკრეტული იქნება, მით უკეთესი);
  • გაწერეთ ე. წ. სამუშაოს აღწერილობა (job discription);
  • დაფიქრდით, სად შეიძლება ასეთი კანდიდატი მოიძიოთ, განსაზღვრეთ ინფორმაციის გავრცელებისა და განთავსების არეალი (სანაცნობო წრე, საძიებო პორტალები, LinkedIn, Facebook  და სხვა);
  •  მოემზადეთ შესაბამისად (რელევანტური კითხვები, ტესტი და სხვა ინსტრუმენტები, რითაც შეაფასებთ კომპეტენციას, მოტივაციას, განსაზღვრავთ ფსიქოტიპს, რაც გუნდისთვის ასევე უმნიშვნელოვანესია);
  • დაგეგმეთ, როგორი იქნება: პირისპირ შეხვედრა, ინტერვიუ, ტესტი და ა.შ.; 
  • მოისმინეთ და კარგად გაიაზრეთ კანდიდატის მოლოდინები (რამდენად თანხვედრაშია ის თქვენს მოლოდინებთან);
  • წინასწარ გაწერეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესიც (შეფასების კრიტერიუმები, ვადები, უკუკავშირს როგორ აწვდით კანდიდატს);

recruiting.png

ამ პროცესში ერთი დიდი ხაფანგი არსებობს, რომელშიც ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს: კანდიდატის სუბიექტური შეხედულებით არჩევა (შენი მსგავსი ადამიანის შერჩევა). ადამიანურია, დადებითად განეწყო მის მიმართ, ვისაც მაგალითად შენსავით იტაცებს ლაშქრობა, შენსავით უყვარს ფეხბურთი, შენი მშობლიური ქალაქიდან არის, ან თუნდაც ისეთი უნარები გააჩნია, რომლებიც შენზე სუბიექტურად დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, მაგრამ კონკრეტული სამუშაოს შესრულებასთან არავითარ კავშირში არ არის და სარგებელს არ წარმოადგენს შენთვის. თუ მუდმივად გვემახსოვრება, რომ სუბიექტურმა და ემოციურმა გადაწყვეტილებამ შეიძლება თქვენი კომპანია დააზარალოს, მაშინ მარტივია, თავიდან ავირიდოთ ის.
 

გახსოვდეთ, თქვენი ბიზნეს სტრატეგიის ეფექტიანად განხორციელების საქმეში, უმნიშვნელოვანესი რგოლი სწორედ თქვენი თანამშრომელია! 
წარმატებებს გისურვებთ გუნდის ფორმირების საპასუხისმგებლო  პროცესში!
 

« უკან
630
Login