07/05/2024

დაისვენეთ იქამდე, ვიდრე დაიღლებით

time management.png

elene-modified.png  ავტორი: ელენე მარტყოფლიშვილი

,,დრო ყველაზე ღირებული რამ არის, რაც ადამიანს შეუძლია დახარჯოს“. ალბათ ყველას გსმენიათ ბერძენი ფილოსოფოსის, თეოფრასტეს, ეს გამონათქვამი.

ტექნოლოგიების სამყაროში დროის ნაკლებობას ყველა განიცდის. მრავალ საქმეში ერთდროულად გახვეული ადამიანი ეფექტურად ვერცერთს უმკლავდება. მუდმივი გადარბენა, სტრესი, ნაკლები დრო საკუთარი თავისთვის, ალბათ ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობ სიტუაციას წარმოადგენს. 

სხვადასხვა სემინარსა თუ უბრალოდ ინტერნეტ მასალებში მრავალ ტექნიკას შეხვდებით იმის შესახებ, თუ როგორ მართოთ თქვენი დრო სწორად. ეს შეიძლება იყოს: პომოდოროს ტექნიკა, პარეტოს პრინციპი, SMART მიზნების გაწერა და სხვა მრავალი. ბევრს მიაჩნია, რომ უბრალოდ ტექნიკების ცოდნა გამოსავალია დროის სწორად სამართავად, თუმცა რეალობა ამას არ ადასტურებს. 

ცხადია, ტექნიკების ცოდნა აუცილებელია, თუმცა მათ განსახორციელებლად ჩვენი ფსიქოემოციური მზაობაა საჭირო. რეალობა ის არის, რომ დროს ვერც გავზრდით და ვერც ვიყიდით. გამოსავალი  მხოლოდ საკუთარი თავის მართვაა დროსთან მიმართებაში. 

ალბათ ყველას გქონიათ შემთხვევა, როდესაც ძალიან დაღლილი ხართ, ცდილობთ დასვენებას, თუმცა არ გამოგდით, რადგან ფიქრები არ გასვენებთ ( ფიქრებით იმ საქმესთან ხართ, რომელიც ჯერ კიდევ შესასრულებელი გაქვთ). იმისთვის, რომ დასვენება სინდისის ქენჯნის გარეშე მოვახერხოთ, საჭიროა ვმართოთ ჩვენი ენერგია და არა დრო, რადგან დროს ასე უფრო პროდუქტიულად გამოვიყენებთ.

ენერგიების სწორად სამართავად აუცილებელია თვითზრუნვის კულტურის დანერგვა. თვითზრუნვის კულტურა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ კარგად გვაქვს შესწავლილი ჩვენი სხეული, ფსიქიკა. ვიცით, რა დროს რა სჭირდება მას. გაანალიზებული გვაქვს, რომ ჩვენი ტვინი არის ბატარეა, რომელსაც ,,დამუხტვა“ სჭირდება, როგორც საკვებით, ისე სხვა მასტიმულირებელი საშუალებებით. ეს იქნება ვარჯიში, ცეკვა, სასიამოვნო მუსიკის მოსმენა, წიგნის კითხვა, საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარება თუ სხვა.

იმისთვის რომ ჩვენი ფსიქიკა იყოს ფუნქციური, ტვინს სჭირდება 4 მნიშვნელოვანი ჰორმონის ბალანსი: სეროტონინის, დოფამინის, ოქსიტოცინის და   ენდორფინის.    თუ ეს ჰორმონები მწყობრშია, მაშინ ჩვენი  პროდუქტიულობა 30%-ით გაზრდილია. 

დროის კუთხით ყველა თანასწორნი ვართ, რადგან ყველას მსგავსი რესურსი გვაქვს. დრო კი ისეთი რესურსია, რომელსაც ვერ შევინახავთ. ამიტომ ,,ჩვენ უნდა ვაიძულოთ დროს, რომ ჩვენთვის იმუშაოს.“

tm.png

24 საათი დღეში - ეს არის მოცემულობა და სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული როგორ გავანაწილებთ მას.

როცა ადამიანს სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი აქვს დამყარებული, რა თქმა უნდა, ის უფრო მეტ რამეს ასწრებს და უფრო მეტად კმაყოფილია საკუთარი ცხოვრებით. ამიტომ ადამიანმა დროის მენეჯმენტი უნდა დაიწყოს ცხოვრების ბალანსის დაცვით. ბალანსი გულისხმობს ოთხი მიმართულებით დროის და პრიორიტეტების გადანაწილებას. 
1. ცხოვრების საზრისი
2. ჯანმრთელობა 
 3. ურთიერთობები
4. სამუშაო

Picture1.png

ცხოვრების ცალკეული სფეროები ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირშია. მაგალითად, სამსახურეობრივი გადატვირთვა სოციალურ ურთიერთობებსა და ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას. ცხოვრების საზრისისა და ღირებულებათა სისტემის გარეშე კი იკლებს პირადი მოტივაცია და რაიმეს მიღწევის უნარი.

ერთ რომელიმე სფეროზე განსაკუთრებული კონცენტრირება სხვა სფეროების უგულებელყოფას იწვევს. ეს დეფიციტი კი გავლენას ახდენს ქმედითუნარიანობაზე.  
 

დრო - ეს არის არადაგროვებადი და არააღდგენადი რესურსი, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. დაბალანსებული ცხოვრება კი ყველაზე დიდი მიღწევა და მოტივატორია და  ეს სტიმული თავად გკარნახობს, რა როდის გააკეთოთ. 

თუ გსურთ გაიგოთ, როგორ მართოთ თქვენი დრო სწორად, როგორ ებრძოლოთ პროკრასტინაციას და სწორად განსაზღვროთ თქვენი დღის წესრიგი, მაშინ დარეგისტრირდით დროის მენეჯმენტის სემინარზე.

« უკან
87
Login